ძირითადი უწყებები

რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა

ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის უშუალო ფუნქციაა ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ინტერესების დაცვა. ბაზა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის და კავკასიაში კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

მე-4 სამხედრო ბაზის ფორმირების საკითხი დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დადგა. ბაზის ფორმირება 2009 წლის 1 თებერვალს მოხდა მე-19 მოტომსროლელი დივიზიის 693-ე საგვარდიო და 135-ე მოტომსროლელი პოლკების ბაზაზე. არსებული მონაცემებით, მე-4 სამხედრო ბაზაზე 4000-მდე სამხედრო მოსამსახურეა.

რუსულად ბაზის სრული დასახელებაა: 4-я гвардейская Вапнярско-Берлинская Краснознамённая орденов Суворова и Кутузова военная база. პირობითი დასახელებაა - სამხედრო ნაწილი N66431 (ს/ნ 66431). მოკლე დასახელებაა - მე-4 სბ.

ცხინვალის რეგიონში ბაზის ძირითადი დისლოკაციის ადგილებია ქ. ცხინვალსა და ჯავაში. ბაზა სამხედრო თვალსაზრისით სრულყოფილად არის აღჭურვილი. დღიდან დაარსებისა პერიოდულად მიმდინარეობს ბაზის სამხედრო პოტენციალის შეირაღების ახალი კომპონენტებით განახლება. მაგ. 2011 წლიდან ცხინვალის რეგიონში განათავსეს „Точка-У“-ს სარაკეტო კომპლექსის ოპერატიულ-ტაქტიკური დივიზიონი. 

2016 წლის სექტემბრიდან ბაზის მეთაური პოლკოვნიკი ალექსანდრ კრავცოვია. 2009 წლის თებერვალ - 2013 წლის ოქტომბერში ბაზის მეთაური  გენერალ-მაიორი ალექსანდრ შუშუკინი იყო, 2013 წლის ოქტომბერ - 2016 წლის სექტემბერში კი - პოლკოვნიკი მიხაილ პოლიშუკი.

2010 წლის 7 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ. შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის 7 ივლისს. შეთანხმების საფუძველზე გაერთიანებული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შევიდნენ ცხინვალში განთავსებული ყოფილი სამშვიდობო ძალების ობიექტები, საწვრთნელი პოლიგონი ძარწემში. შეთანხმების მიხედვით შემდგომი წლების განმავლობაში დაიგეგმა სამხედრო ბაზის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ცხინვალის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე. რუსულ მხარეს არ მოუწევს ბაზის სარგებლობისთვის არენდის გადახდა. ბაზის ფუნქციონირების ვადად 49 წელი განისაზღვრა ვადის შემდგომი 15 წლიანი პერიოდებით ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით. 

2012 წლიდან მე-4 სამხედრო ბაზის შეამდგენლობაში ჩამოყალიბდა ოსური ბატალიონი, სადაც შეუძლიათ იმსახურონ ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებმაც. ოსურ ბატალიონში კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებენ და ბატალიონი ცხინვალის რეგიონისთვის კვალიფიციური სამხედროების მომზადების თვალსაზრისით ერთგვარი კადრების სამჭედლო იქნება

ოსური მხარე ბაზის არსებობას ცხინვალის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ცხინვალის რეგიონის ლიდერები პერიოდულად ხვდებიან სამხედრო ბაზისა და სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურებს მიმდინარე საკითხების განსახილველად. ადგილობრივი დე ფაქტო ლიდერები ხშირად მონაწილეობენ სამხედრო ბაზაზე გამართულ სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებშიც. თავის მხრივ, სამხედრო ბაზა თავისი ინფრასტრუქტურითა და მომსახურე პერსონალით ასევე აქტიურად არის ჩართული ცხინვალის რეგიონისათვის მნიშნველოვანი საზეიმო დღეების აღნიშვნაში

მე-4 სამხედრო ბაზა წლის განმვალობაში მუდმივად არის ჩართული, როგორც ადგილობრივი დონის, ასევე რეგიონული მასშტაბის სამხედრო წვრთნებში. მაგ. 2018 წლის 1 ოქტომბერს აფხაზეთში არსებული სამხედრო პოლიგონები რუსეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში ჩაერთვნენ. სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის  ალექსანდრ დვორნიკოვის განცხადებით, წვრთნები რუსეთის ტერიტორიის გარდა სომხეთში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც ჩატარდა და წვრთნების დროს ბრძოლის თანამედროვე ფორმები და საშუალებები დამუშავდა, მათ შორის სირიაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე. 

მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მზადყოფნის მოულოდნელ შემოწმებებს პერიოდულად დვორნიკოვიც ატარებს. ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული ტექნიკა იქნა მობილიზებული. შემოწმების დასასრულს დვორნიკოვმა განაცხადა, რომ „მე-4 სამხედრო ბაზა განსაკუთრებული შენაერთია, რომელიც ასრულებს ჩვენი სამშობლოს სამხრეთი საზღვრების დაცვის ამოცანებს. დღეს ჩემი გადაწყვეტილებით მისი სამხედრო მზადყოფნის შემოწმება მიმდინარეობს. დანაყოფები დამაჯერებლად მოქმედებენ. შედეგებს შემოწმების დასასრულს შევაჯამებთ“. 

2011 წლის 16 დეკემბერს მე-4 სამხედრო ბაზას გადაეცა გეორგიევსკის სიმბოლო და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შესაბამისი სიგელი. საზეიმო ცერემონიაში 58-ე არმიის მეთაურის მოადგილე, არმიის გენერალ-მაიორმა ანდრეი გურულევმაც მიიღო მონაწილეობა

2018 წლის 25 ნოემბერს 2019 წელს სამხრეთის სამხედრო ოლქის დანაყოფების საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 ბაზა გააგრძელებს ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივი წვრთნების პრაქტიკას.