ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა

2021 / 07 / 01

გამოცემა N2 / მიმოხილვის პერიოდი: აპრილი-ივნისი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი         

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში

განათლების სფერო

  • რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს უნივერსიტეტებში სწავლის სურვილი 14-მა აბიტურიენტმა გამოთქვა. მათი მისაღები გამოცდები 19 მაისს დასრულდა. მიმდინარე წელს აფხაზი აბიტურიენტებისთვის 10 ადგილია გამოყოფილი. 

კულტურის სფერო

  • ორმა აფხაზურმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალ-კონკურსში „რუსეთის მომავალი“ (26 აპრილი - 2 მაისი). ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „Афыртын“ „კულტურისა და ხელოვნების სფეროში ეროვნული პრემიის“ მფლობელი გახდა, ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „Самурзакан“ კი მოიპოვა მთავარი პრიზი ნომინაციაში „ეროვნული ვოკალი“.
  • 7 ივნისს ქ. სოხუმში რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღისადმი (6 ივნისი) მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სოხუმის მე-2 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა პუშკინის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და მისი ლექსები წაიკითხეს, მოგვიანებით კი სპექტაკლებიც დადგეს. რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა მადლიერება გამოთქვა რუსული ენის პოპულარიზაციისთვის და აფხაზური ენის სწავლის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა

  • 21 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი საზოგადოებრივი შტაბის მრგვალი მაგიდა გაიმართა. ამჟამად შტაბი 30 ორგანიზაციას აერთიანებს. შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ შეიქმნება საზოგადოებრივი პლატფორმა „აფხაზეთი და რუსეთი - სტრატეგიული კავშირი“. პლატფორმის მიზანი იქნება სხვადასხვა ინიციატივის შემუშავება, რათა აფხაზეთი და რუსეთი კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში.

„სიმამაცის გაკვეთილი“ რუსეთის ფედერაციის „საელჩოში“. წყარო: sputnik-abkhazia.info

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • „გამარჯვების დღესთან“ (9 მაისი) დაკავშირებით 28 აპრილიდან 7 მაისამდე აფხაზეთის „ეროვნულ“ ბიბლიოთეკაში საბჭოური ფილმების ჩვენება მოეწყო. ფილმები „დიდი სამამულო ომის“ თემატიკას ეხებოდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას „გამარჯვების დღის“ შესახებ. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა იყო.
  • 9 მაისს ქ. სოხუმში გაიმართა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა, რომელშიც 40-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, მათ შორის, „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია, რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვადიმ ჩეხა და სხვები. ამავე დღეს გაიმართა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი აღლუმი, რომელშიც 607-მა პირმა მიიღო მონაწილეობა.
  • „დიდი სამამულო ომის“ დაწყების 80-წლისთავთან დაკავშირებით 21 ივნისს გაიმართა აქცია „მეხსიერების სანთელი“. ამავე დღეს სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა „სიმამაცის გაკვეთილი“, ასევე მოეწყო თემატური ფოტოგამოფენა და ფილმის ჩვენება. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ რუსეთის „საელჩო“, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა და საბრძოლო დიდების მუზეუმი.
  • 21 ივნისს „სამშვიდობო“ ოპერაციის დაწყების 27-წლისთავი აღნიშნეს. რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზისა და აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა 1994-2008 წლებში აფხაზეთისთვის დაღუპულ „მშვიდობისმყოფელთა“ ხსოვნას წუთიერი დუმილი მიაგეს და მათი მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში

განათლების სფერო

  • 13 აპრილს მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა „სიმამაცის გაკვეთილი“ ჩაატარეს. მათ ისაუბრეს თავდაცვის „სამინისტროს“ სტრუქტურაზე, „სამშობლოს“ დაცვის აუცილებლობაზე, „დამოუკიდებლობის“ მნიშვნელობაზე და სხვ.
  • 13 აპრილს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მეორე ხელშეკრულებას ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ უნივერსიტეტსა (СКФУ) და ა. თიბილოვის სახელობის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო კონფერენციების ორგანიზებას, სახელმწიფო მოხელეთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ჩატარებას და სხვ. 15 აპრილს კი СКФУ-ს შუამავლობით გადაწყდა, რომ თიბილოვის სახელობის უნივერსიტეტში სამხედრო კათედრა შეიქმნება.
  • 17 მაისს დაიწყო რუსულ სამხედრო სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია. აბიტურიენტებს 16 სასწავლებლის არჩევა შეეძლოთ. რეგისტრაცია 21 მაისს დასრულდა. აბიტურიენტებმა ასევე გაიარეს სამედიცინო შემოწმება და ფსიქოლოგიური ტესტირება, 12 ივნისს კი ფიზიკური ნორმატივებიც ჩააბარეს. შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს, „კადეტთა“ სკოლის მოსწავლეებსა და 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს.
  • 19 მაისს გაიმართა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთა მისაღები გამოცდები. მიმდინარე წელს რუსეთის შს სამინისტროს უნივერსიტეტების მიერ ცხინვალის რეგიონის აბიტურიენტებისთვის 20 ადგილი იყო გამოყოფილი, კონკურსში კი 40-მა პირმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ, შეარჩიეს 25 აბიტურიენტი. ისინი სასურველ უნივერსიტეტში სწავლას აგვისტოს ბოლოს დაიწყებენ.
  • 20 მაისს რეგიონის „ელჩი“ რუსეთში, ზნაურ გასიევი ქ. მოსკოვში მსოფლიო ცივილიზაციების ინსტიტუტის რექტორს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაჟღერდა ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერის იდეაც, რომელსაც გასიევმა მხარდაჭერა გამოუცხადა.
  • 22 ივნისს ა. თიბილოვის სახელობის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში „დიდი სამამულო ომის“ დაწყების 80-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორი ვადიმ თედეევი, რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, რეგიონის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი და სხვები.

„დიდი სამამულო ომის“ დაწყების 80-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ა. თიბილოვის სახელობის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში. წყარო: rso.rs.gov.ru

კულტურის სფერო

  • კ. ხეთაგუროვის სახელობის „სახელმწიფო“ დრამატულმა თეატრმა მოსკოვის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. „სახელმწიფო“ დრამატული თეატრის დასი აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა გასტროლებზე ქ. მოსკოვში. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს შეხვდნენ და რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის კულტურული კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს.
  • 20 მაისს დასრულდა რუსული კულტურის ფესტივალი „ჩემი საყვარელი რუსეთი“. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბავშვებმა, სტუდენტებმა და რუსეთის „საელჩოს“ თანამშრომელთა შვილებმა, საერთო ჯამში - 80-მა პირმა. მონაწილეებმა იმღერეს რუსული სიმღერები, წაიკითხეს რუსული ლექსები და სხვ. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა იყო.
  • 24 მაისს ა. თიბილოვის სახელობის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე აღნიშნეს. ეს დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში და მიზნად ისახავს სლავური ხალხების კონსოლიდაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.
  • 4 ივნისს ქ. ცხინვალში რუსული ენის საერთაშორისო დღე და ა. პუშკინის დაბადების 222-წლისთავი აღნიშნეს. მე-6 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა სასცენო წარმოდგენები დადგეს და პუშკინის ლექსები წაიკითხეს. ღონისძიებას დაესწრნენ რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სერგეი სკვორცოვი და სხვები. ა. პუშკინის დაბადების თარიღს ცხინვალის რეგიონში 2011 წლიდან აღნიშნავენ.
  • ცხინვალის რეგიონში რუსი მოსახლეობის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „РОССЫ“-ს ორგანიზებით ხეზე ხატვის ტრადიციული რუსული ტექნიკის მასტერკლასი „Золотая хохлома“ გაიმართა. მონაწილეები აღნიშნული ტექნიკის ძირითად სახეობებს გაეცნენ და თავიანთი ნამუშევრებიც შექმნეს.

ხეზე ხატვის ტრადიციული რუსული ტექნიკის მასტერკლასი „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ოფისში. წყარო: rso.rs.gov.ru

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • 12 აპრილს კოსმონავტიკის დღე აღინიშნა. მე-12 სკოლის ეზოში საბჭოთა კოსმონავტი მფრინავის, იური გაგარინის ბიუსტის გახსნისა და სკოლის კედელზე შესრულებული გრაფიტის წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა და რუსეთის „საელჩო“.
  • 29 აპრილს ჩატარდა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი „გამარჯვების დიქტანტი“, რომელიც „დიდი სამამულო ომის“ შესახებ ცოდნის შემოწმებას ისახავდა მიზნად. 30 აპრილს გაიმართა ლიტერატურული საღამო „დრო მიდის, მოგონებები კი ჩვენთან რჩება“. ღონისძიების ფარგლებში ომისდროინდელ მოვლენებზე ისაუბრეს და თემატური ლექსები წაიკითხეს. დამსწრეთა შორის იყო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სერგეი სკვორცოვი.
  • „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ორგანიზებით, 5-6 მაისს გაიმართა რუსული სახალხო მუსიკისა და ცეკვის ანსამბლის „Ярмарка“-ს საკონცერტო წარმოდგენები, რომელიც „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 76-წლისთავს მიეძღვნა. მაისის დასაწყისში ასევე გაიმართა „გეორგიევსკის ლენტის“ აქცია, რომლის ფარგლებში ათასამდე ლენტა დარიგდა. აქციაში მონაწილეობდნენ ორგანიზაცია „ერთიანი ალანია“ და რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს (КСОРС) ახალგაზრდული ფრთა.
  • 19 მაისს ქ. ცხინვალის N5 სკოლაში ვ. ლენინის სახელობის პიონერული ორგანიზაციის დაარსების 99-წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში ისაუბრეს პიონერთა ისტორიაზე და წაიკითხეს თემატური ლექსები. 19 მაისი ყოფილ სსრკ-ში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღესასწაული იყო.
  • „დიდი სამამულო ომის“ დაწყების 80-წლისთავი აღნიშნეს ცხინვალის გიმნაზია „ალბიონშიც“. სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენა „რეკვიემი“ დადგეს. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ დე ფაქტო კულტურისა და განათლების სამინისტროები. დამსწრეთა შორის იყვნენ ანატოლი ბიბილოვი, მარატ კულახმეტოვი, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვები.
  • რუსეთის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კინოფესტივალი „Хрустальный источникъ“. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა და რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო, ასევე კულტურის „სამინისტრო“. სერგეი სკვორცოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული „ფესტივალის ჩატარებით რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ის ყველა სფეროში სამხრეთ ოსეთის გვერდითაა“. 11 ივნისს, ამავე ფესტივალის ფარგლებში საბჭოთა კავშირისდროინდელი საბავშვო მულტფილმების ჩვენება მოეწყო.
  • 12 ივნისს გაიმართა რუსეთის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელსაც „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვიც დაესწრო. მისი თქმით, ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს „ისტორიული წარსული და სულიერი ნათესაობა“ აკავშირებთ. რუსეთის დღე რეგიონში ერთ-ერთ სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული.
  • რუსეთის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ჩატარდა ქ. ცხინვალის საბავშვო ბიბლიოთეკაშიც. ბიბლიოთეკის დირექტორმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთი ყოველთვის მადლიერი იქნება რუსეთისადმი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ოსი ხალხი ქართველი აგრესორებისგან დაიცვა“. ანატოლი ბიბილოვმა ბიბლიოთეკას უსაჩუქრა მატრიოშკები, ასევე საბავშვო ლიტერატურა ოსურ და რუსულ ენებზე.

სხვა ღონისძიებები

  • 21 მაისს „მამულის მცველთა“ მემორიალური კომპლექსი გაიხსნა. კომპლექსი მიეძღვნა ყველა იმ პირს, რომელიც შეეწირა რეგიონის დაცვას 1989-2008 წლებში. დამსწრეთა შორის მარატ კულახმეტოვი და ანატოლი ბიბილოვიც იყვნენ. ბიბილოვმა მადლიერება გამოთქვა რუსეთისადმი, რომლის „წყალობით“ რეგიონში მშვიდობამ დაისადგურა.

 

რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელია ვადიმ ჩეხა, ცხინვალის რეგიონში კი - სერგეი სკვორცოვი.