გამოცემა N1 / მიმოხილვის პერიოდი: 1 ივნისი - 31 აგვისტო, 2021 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი
„ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები
ივნისი-აგვისტოს პერიოდში სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მე-100 და 101-ე შეხვედრა გაიმართა.
მე-100 შეხვედრა
რიგით მე-100 შეხვედრა 15 ივნისს გაიმართა. შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაციის გაძლიერების, გამშვები პუნქტების გახსნის, კოვიდპანდემიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებთან ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობის, განსაკუთრებით კი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა განთავისუფლების საკითხები განიხილეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ფასილიტატორების მიერ შეხვედრაზე გაჟღერდა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის გათავისუფლების და ოჯახის წევრების მიერ მისი ცხინვალის ციხეში მონახულების საკითხიც. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანიკა სოდერი.
101-ე შეხვედრა
101-ე შეხვედრა 13 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს გამშვები პუნქტების „გახანგრძლივებული დახურვისა“ და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხები. ასევე ისაუბრეს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების - გენადი ბესტაევისა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზეც. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსაც.
101-ე შეხვედრა. წყარო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდი
ცხინვალის შეფასება
ოსურმა მხარემ ორივე შეხვედრაზე ქართული მხარის საწინააღმდეგო ბრალდებები გააჟღერა. პირველ შემთხვევაში ეს შეეხებოდა ქართველი სამართალდამცავების მიერ ე.წ სასაზღვრო რეჟიმის თვითნებურ, უკანონო დარღვევას. ოსური მხარის წარმომადგენელმა იგორ კოჩიევმა, ქართველი სამართალდამცავები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „პროვოკაციულ ქმედებებში“ დაადანაშაულა. მეორე შემთხვევაში კი კოჩიევმა ოფიციალური თბილისი „სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცის“ დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ წინა შეხვედრის შემდეგ დანარჩენი საქართველოდან ცხინვალის რეგიონში ვერტმფრენისა და მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის შემოფრენა დაფიქსირდა. აღნიშნულ ბრალდებაში სავარაუდოა იგულისხმებოდეს სამოქალაქო აქტივისტ დავით ქაცარავას მიერ დრონის გამოყენება, თუმცა საგულისხმოა ფაქტი, რომ აღნიშნული ქმედება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას არ გასცდენია, მითუმეტეს არ შეჭრილა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საჰაერო სივრცეში.
ვინ და სად გაიტაცეს
ივნისი-აგვისტოს პერიოდში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით სოფ. ახალუბნის მკვიდრი 2 პირი უკანონოდ დააკავეს. დაკავების ფაქტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, საქონლის მწყემსვის დროს მოხდა. ორივე დაკავებული რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
გათავისუფლებული მოქალაქეები
ზაზა გახელაძის გათავისუფლება
14 ივლისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძე პატიმრობიდან დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის შეწყალების ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. გახელაძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ჭალის მკვიდრია. მისი დაკავების ფაქტიც 2020 წლის 11 ივლისს სოფლის მახლობლად, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წელი და 6 თვე პატიმრობა მიუსაჯა.
ზაზა გახელაძის გათავისუფლება. წყარო: საქართველოს მთავრობის ვებგვერდი
გახელაძემ უკანონო პატიმრობაში 1 წელი და 3 დღე გაატარა. გახელაძის გათავისუფლება საბოლოოდ მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ამ საკითხში დახმარებით რუსეთის პატრიარქს მიმართა, რომლის შუამავლობის შედეგადაც, გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ, ცხინვალმა ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრის ვადიმ გობოზოვის გათავისუფლება მოითხოვა. გობოზოვი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაკავების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში 2020 წლის 15 სექტემბრიდან იმყოფებოდა და იგი ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმს გახელაძის გათავისუფლებამდე 1 დღით ადრე, 13 ივლისს გადასცა.
ლაშა ხეთერელის გათავისუფლება
17 ივნისს დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ლიახვის ხეობიდან დევნილი - ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა, რომელსაც ცხინვალის სასამართლოს მიერ, 2020 წლის 30 ივნისს უკანონო დაკავების შემდეგ შეფარდებული ერთ წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და ქართულ მხარეს გადმოსცა. ხეთერელი ადრეც არაერთხელ ყოფილა დაკავებული ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით.
გენადი ბესტაევის პატიმრობა
დღეის მდგომარეობით ცხინვალის საპატიმროში 2019 წლის 21 ნოემბერს დაკავებული გენადი ბესტაევი რჩება, რომელსაც 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. მისი ბრალდებაც ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას უკავშირდება.
„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა
მავთულხლართების მონტაჟი სოფელ ბერშუეთში
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრის დავით ქაცარავას თქმით, მან 16 აგვისტოს, სოფ. ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას ახალი ღობე აღმოაჩინა, რომელიც 13 ივნისის პატრულირებისას განთავსებული არ იყო. აღნიშნულ ფაქტს სუს-ის პრეს-სამსახური უარყოფს.
ახალი ღობე. წყარო: TVმონიტორინგი
ახალი სანგრები კოდასთან
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრის დავით ქაცარავას თქმით, სოფ. კოდას მიმდებარედ, წაღვლი-ჩორჩანის ტყის მახლობლად, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მძიმე სამხედრო ტექნიკის სადგომის მშენებლობის პრეცედენტი პირველად 10 ივლისს დაფიქსირდა, მას შემდეგ კი ამგვარი სატანკო სანგრების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
ახალი სანგრები. წყარო: TVმონიტორინგი
ახალი „სასაზღვრო ბანერი“ ხურვალეთთან
22 აგვისტოს სოფ. ხურვალეთთან რუსი ე.წ. მესაზღვრეების აქტიურობა შეინიშნებოდა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი დაამონტაჟეს.
დადევნება
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ექვსი რუსი სამხედრო სოფ. სობისთან სამხედრო მანქანით ადგილობრივებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაედევნა. ადგილობრივები ნადირობდნენ, როდესაც რუსმა სამხედროებმა ჯერ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს მათ და შემდეგ მათი დაკავება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
მნიშვნელოვანი ვიზიტები
აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ზემო ნიქოზსა და ერგნეთში
3 ივნისს აშშ-ის სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ელჩ მარეკ შჩიგელთან ერთად სოფ. ზემო ნიქოზსა და ერგნეთს ესტუმრნენ, სადაც საოკუპაციო ზოლი მოინახულეს. ვიზიტისას კონგრესმენები ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას და დამკვირვებლებისგან მიიღეს საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. კონგრესმენების ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აფასებს, როგორც აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ ერთ დასტურს.
კონგრესმენების ვიზიტი. წყარო: eumm.eu
ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი ხურვალეთში
10 ივნისს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოფ. ხურვალეთში არსებულ მავთულხლართებით გავლებულ საოკუპაციო ზოლს ესტუმრა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ევროპის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა და დამკვირვებლებმა გააცნეს ადგილზე არსებული მიმდინარე ვითარება. ლიეტუვას მხარდაჭერით სოფ. ხურვალეთში, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური მოეწყო, რომელიც 140 დევნილ ოჯახს, მათ შორის საბავშვო ბაღს გარკვეული რაოდენობის უფასო ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.
ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი. წყარო: eumm.eu
ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი ციცაგიანთკარში
14 ივნისს ეუთოს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდმა საქართველოში სამ დღიანი ვიზიტი ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო. იგი სოფ. ციცაგიანთკარს ესტუმრა, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და საქართველოში აშშ-ისა და იტალიის ელჩებთან – კელი დეგნანთან და ენრიკო ვალვოსთან ერთად ახალი წყლის სისტემის გახსნას დაესწრო. მინისტრის აპარატის ცნობით პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა ეუთოსა და USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს მხარდაჭერით განახორციელა. 144 ოჯახს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი. წყარო: smr.gov.ge
ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი ოძისში
26 ივნისს ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - ალექსანდრ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ სოფ. ოძისში, სადაც ელჩმა მარეკ შჩიგელმა მინისტრებს საკუთარი ხედვა გაუზიარა ადგილზე, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე.
მინისტრების ვიზიტი. წყარო: eumm.eu