გამოცემა N3 / მიმოხილვის პერიოდი: ივლისი-სექტემბერი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში
განათლების სფერო
- რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზეთიდან 25 აბიტურიენტი ისწავლის. განაცხადის შეტანა ოთხ სპეციალიზებულ სასწავლებელში იყო შესაძლებელი: ვორონეჟის ინსტიტუტი, ომსკის აკადემია, ორლოვის ინსტიტუტი და ნიჟეგოროდის აკადემია. სტუდენტები ხუთწლიან სასწავლო პროგრამას გაივლიან.
- 24 აგვისტოს რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილის, ნატალია ბოჩაროვას და აფხაზეთის საგარეო საქმეთა „მინისტრის“, დაურ კოვეს შეხვედრა გაიმართა. ბოჩაროვა გამოვიდა ინიციატივით, რომ აფხაზეთის სტუდენტებისა და უფროსკლასელებისთვის განკუთვნილი სასწავლო ბანაკები რუსეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე დაფუძნდეს.
- 9 სექტემბერს აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის სტუდენტებს ანდრანიკ მიგრანიანი შეხვდა. მიგრანიანი რუსი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწეა, რომელიც ამჟამად მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში პოლიტოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობს. მან საერთაშორისო ურთიერთობებში აფხაზეთის როლსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით, აფხაზი ერი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე აღარაა, რაც რუსეთის დამსახურებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა
- „როსსოტრუდნიჩესტვომ“ სოფელ ფსხუს მოსწავლეებს დახმარება გაუწია. ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში I-X კლასების მოსწავლეებს 800 სასკოლო სახელმძღვანელო და სხვა სასწავლო რესურსები გადაეცათ. „როსსოტრუდნიჩესტვოს“ რამდენიმე ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, კულტურულ-საქმიანმა ცენტრმა „მოსკოვის სახლმა“.

„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ჰუმანიტარული მისია მაღალმთიან სოფელ ფსხუში. წყარო: apsnypress.info
ისტორიული თარიღების აღნიშვნა
- 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ მე-13 წლისთავიც აღინიშნა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1992-1993 წლების ომში დაღუპულთა მემორიალი თაიგულებით შეამკეს. ღონისძიებაში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინიც მონაწილეობდა.
- 27 სექტემბერს სოხუმის „განთავისუფლების“ 28-ე წლისთავი აღნიშნეს. ასლან ბჟანიამ „დიდების პარკში“ მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო. ღონისძიებას ომის ვეტერანები და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.
ვადიმ ჩეხა
- მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდასა და მომზადებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ვადიმ ჩეხა „ღირსებისა და დიდების“ III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. შესაბამის ბრძანებას ხელი „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ 24 სექტემბერს მოაწერა.
- რადიო „სპუტნიკ აფხაზეთისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობას მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ პოზიციას 2018 წლის სექტემბრიდან ვადიმ ჩეხა იკავებდა, თუმცა მის სამწლიან კონტრაქტს ვადა გაუვიდა.
რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში
განათლების სფერო
- აგვისტოს დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში საგანმანათლებლო კვოტით სწავლა ცხინვალის რეგიონის ორმაგი „მოქალაქეობის“ მქონე აბიტურიენტებსაც შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ამ კვოტით სწავლა შეუძლიათ მხოლოდ უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი რუსეთის ტერიტორიაზე.
- რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგიონიდან 24 „იუნკერი“ ისწავლის. ისინი განათლებას ოთხ სხვადასხვა სასწავლებელში მიიღებენ: ნიჟეგოროდის აკადემია, ვორონეჟის ინსტიტუტი, ორლოვის იურიდიული ინსტიტუტი და კრასნოდარის უნივერსიტეტი.
კულტურის სფერო
- ცხინვალის N2 საშუალო სკოლის საბავშვო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო რუსულ ონლაინ ფესტივალ „Моя Родина“-ში, რომელიც YouTube-ის მეშვეობით ჩატარდა. ანსამბლმა ცეკვა „სიმდი“ შეასრულა და ვებგვერდზე შესაბამისი ვიდეოც ატვირთა. ფესტივალი რუსეთის ხალხების ეროვნული სამოსის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
- აგვისტოში რეგიონი მონაწილეობდა რუსულ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტში „Здравствуй, Россия“. პროექტში მონაწილეობისთვის 14-დან 19 წლამდე ასაკის 18-მა პირმა ჩამოაყალიბა გუნდი „Нардский Эдельвейс“. ისინი სასწავლო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც რეგიონის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. პროექტის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება მრავალეთნიკური რუსული კულტურის შესახებ.
ისტორიული თარიღების აღნიშვნა
- 14 ივლისს „სამშვიდობო“ ოპერაციის დაწყების 29-წლისთავი აღნიშნეს და „მამულის მცველთა“ კომპლექსი ყვავილებით შეამკეს. დამსწრეთა შორის იყვნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი. „სამშვიდობო“ ოპერაცია 1992 წელს დაიწყო და 2008 წლის აგვისტოში დასრულდა. ოპერაციის ფარგლებში რეგიონში რუსული, ქართული და ოსური სამშვიდობო ძალები განთავსდნენ.
- 22 აგვისტოს ქ. ცხინვალში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. ჩატარდა აქცია „ნახატი ქვაფენილზე“ და დარიგდა ლენტები რუსების დროშის ფერებში. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის დღე ცხინვალის რეგიონში. წყარო: cominf.org
- 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების დღესთან დაკავშირებით, „რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში“ გაიმართა გამოფენა „С любовью к России“. სხვა ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია კონცერტი თეატრალურ მოედანზე, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საზოგადოების საზეიმო შეხვედრა კ. ხეთაგუროვის სახელობის „სახელმწიფო“ დრამატულ თეატრში და სხვ.
- 19 სექტემბერს აღინიშნა ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო“ დროშის დღე. ამასთან დაკავშირებით „რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში“ ჩატარდა ტრადიციული ტესტირება ოსურ და რუსულ ენებზე. რეგიონის „სახელმწიფო“ სიმბოლიკის შესახებ ცოდნა 20-ზე მეტმა ადამიანმა შეამოწმა.
- 20 სექტემბერს „რესპუბლიკის დღე“ იზეიმეს. ქ. ცხინვალში სამხედრო აღლუმი გაიმართა და, საბოლოოდ, საზეიმო ღონისძიებები „სახელმწიფო“ დრამატულ თეატრში კონცერტით დასრულდა. ამავე დღეს, ერთი მხრივ, საგარეო საქმეთა „მინისტრმა“ დიმიტრი მედოევმა და, მეორე მხრივ, რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.
რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო ვადიმ ჩეხა, ცხინვალის რეგიონში კი - სერგეი სკვორცოვი.