გამოცემა N6 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 სექტემბერი, 2021 / ავტორი: ნიკა კრაწაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები
კურატორების ვიზიტი
- 2 სექტემბერს აფხაზეთს რუსეთის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების დელეგაცია ეწვია, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი შეხვდა. დელეგაციის წევრები იყვნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი კურატორი - ვიტალი გუდინი და მისი მოადგილე ანტონ მელნიკი. კურატორებმა რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები შეამოწმეს. დელეგაციამ საინვესტიციო პროგრამის შედეგები დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას დადებითად შეაფასა. ვოლვაჩის თქმით, რუსეთ-აფხაზეთის ვაჭრობამ წლის პირველ ნახევარში 143 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.
- 13 სექტემბერს აფხაზეთში გუდინისა და მელნიკის შემადგენლობით მორიგი დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციის მიზანი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შემოწმება იყო. რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის ყოველწლიურად 1.5-1.5 მლრდ რუბლი გამოიყოფა.
მოსკოვში ვიზიტი
- აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანს თვის მეორე ნახევარში მოსკოვში შეხვედრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომში“. რუსეთის უწყებებში საუბარი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ენერგოუსაფრთხოებას, გაზიფიკაციას, სოხუმის აეროპორტის აღდგენასა და 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამას შეეხო.
რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა
- 3 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ არხანგელსკის რეგიონის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციას რეგიონის პირველი ვიცე-გუბერნატორი ვაგე პეტროსიანი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე იმსჯელეს. არხანგელსკმა და სოხუმმა დაძმობილების შესახებ შეთანხმება 2011 წელს დადეს.
არხანგელსკის დელეგაცია სოხუმში. წყარო: apsadgil.info
- 15 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესთან ერთად კრასნოდარის მხარის პირველ ვიცე-გუბერნატორს - ანდრეი ალექსეენკოს შეხვდა. შეხვედრაზე მშენებლობის, არქიტექტურის, სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სფეროებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
- 16 სექტემბერს ანქვაბმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და იმავე დროს, სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ აფხაზეთ-ყირიმის „სამთავრობათაშორისი“ კომისიის თანათავმჯდომარე - გეორგი მურადოვი მიიღო. მხარეებმა საერთო პროექტების მიმდინარეობაზე, კომისიის საქმიანობასა და 2022 წელს მისი სხდომის გამართვის საკითხზე იმსჯელეს.
- თვის დასასრულს აფხაზეთის ომის 28-ე წლისთავზე იაროსლავსკის ოლქის იაროსლავსკის რაიონის ხელმძღვანელი ნიკოლაი ზოლოტნიკოვი და ბიზნესმენთა ჯგუფი გუდაუთას ესტუმრა.
თევზის რეწვა
- 16 სექტემბერს სოხუმში აფხაზურ-რუსული თევზის რეწვის კომისიის მეშვიდე შეხვედრა გაიმართა. კომისიამ შავ ზღვაზე რეწვის მდგომარეობაზე, 2020-2021 წლებში აკვაკულტურის პროდუქციაზე, სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელა. შეხვედრაზე 2021-2022 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონზე აფხაზეთის „წყლებში“ რუსული გემებისთვის ქაფშიას დაჭერის ზღვარზეც ისაუბრეს.
ნავთობის იმპორტი
- 21 სექტემბერს ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე მოსკოვში რუსეთ-აფხაზეთის პროტოკოლს მოეწერა ხელი. შეთანხმება საექსპორტო საბაჟო გადასახადის გარეშე რუსეთიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების შეტანის მოცულობის გაზრდას გულისხმობს. დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანახმად, დამატებითი მარაგის იმპორტი აფხაზეთში ფასების ხელახლა მატების თავიდან აცილების მიზნით ხდება. ბჟანიას მიხედვით, აგვისტო-სექტემბერში მარაგის ამოწურვა და გაზრდილი ფასები ნავთობპროდუქტების მოხმარების ზრდამ გამოიწვია.
ტურიზმი
- რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მიხედვით, აფხაზეთი 2021 წლის დასაწყისიდან 800 ათასმა ტურისტმა ინახულა, რომელთაგან 700 ათასი ზაფხულის სეზონზე ჩავიდა.
- აფხაზეთში საბანაო სეზონი 28 სექტემბერს დაიხურა, თუმცა ტივტივებისა და სამაშველო პოსტების მოხსნის მიუხედავად, ცურვა აკრძალული არ არის. სეზონი 5 ივნისს გაიხსნა.
- რუსული დაჯავშნის სააგენტო Tvil.ru-ს თანახმად, ე.წ „ხავერდოვან სეზონზე“ ყველაზე იაფი დასვენებისთვის რჩეულ ათეულში ახალი ათონი პირველ ადგილზე მოექცა. მას პიატიგორსკი, ეისკი და კალინინგრადი მოსდევენ.
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები
საინვესტიციო პროგრამა
- რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აშენებული ცხინვალის N3 საჯარო სკოლა წელს 25 პირველკლასელისთვის გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას სხვებთან ერთად ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი ესწრებოდნენ.
- რუსეთის საინვესტიციო პროგრამის დაფინანსებით ჯავა-ბუზალას 3 კმ-იანი გზის შეკეთება დაიწყო. მოასფალტების პარალელურად, ტროტუარების მოწესრიგება, მიწისქვეშა სამუშაოები და გაზგაყვანილობის დაკავშირება მიმდინარეობს. ასფალტის დაგება, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დასრულდება. მირნაიას ქუჩა ქალაქ ცხინვალში კი ოქტომბერში საბოლოოდ აღდგება. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პროგრამის დაფინანსებით მიმდინარე შავლოხოვას ქუჩის რემონტი პრაქტიკულად დასრულებულია.
ცხინვალის N3 საჯარო სკოლის გახსნა. წყარო: Cominform
კურატორთან შეხვედრა
11 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და ამავდროულად, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კურატორის - დიმიტრი კოზაკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და აქ მომსახურე სამხედრო პირებისთვის ხელფასის გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს.
რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა
ქალაქ სამარას დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი სამარას რეგიონის გუბერნატორს, დიმიტრი აზაროვს შეხვდა. შეხვედრაზე კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქციის იმპორტისთვის მზაობა აღინიშნა. აზაროვმა განაცხადა, რომ რეგიონებს შორის სავაჭრო ბრუნვა ამ ეტაპზე გაოთხმაგებულია.
ხელფასის გაზრდა
რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების შედეგად, ცხინვალში „საჯარო სექტორში“ მომუშავეთა ხელფასმა, სულ მცირე, ორჯერ მოიმატა. ხელფასების გადახდა, რომელიც მოგვიანებით დაიწყება, 1-ელი იანვრიდან აითვლება. ბოლოს ანაზღაურების გაზრდა 2014 წლის 1-ელ იანვარს მოხდა და მან საშუალოდ 10 740 რუბლი შეადგინა.
ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ერთობლივი პროექტი
გალის რაიონში ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის პირველი ერთობლივი პროექტი დაიწყო, რომელიც კალმახის კულტივაციასა და რეპროდუქციას მოიცავს. პროექტს ორივე „მხარის“ სავაჭრო პალატების ხელშეწყობით ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებული კომპანია „Эко-Фиш“ ახორციელებს. ამჟამად 500 ათასი ლიფსიტა ოჩამჩირის რაიონშია მოთავსებული, გაზრდის შემდგომ კი მათ გალის წყალსაცავში გადაიყვანენ. ჯამში ათასი ტონა კალმახის მიღებას ელიან, მოგვიანებით კი თევზის გაყიდვა ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე იგეგმება.
ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საერთო პროექტი. წყარო: Cominf