ყოველთვიური მიმოხილვა

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი

2021 / 10 / 04

გამოცემა N2/ მიმოხილვის პერიოდი:  1 სექტემბერი - 30 სექტემბერი, 2021 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა

102-ე შეხვედრა

27 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით 102-ე შეხვედრა ერგნეთში გაიმართა. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ანიკა სოდერი.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე გამახვილდა განსაკუთრებული ყურადღება: გაჟღერდა ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების აუცილებლობის საკითხი, დამატებით კი გელა გოჭოშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ქართულმა მხარემ ზუსტი ინფორმაცია მოითხოვა. განსახილველ საკითხთა შორის ყურადღება კიდევ ერთხელ დაეთმო გამშვები პუნქტების ე.წ. გახანგრძლივებული ჩაკეტვის საკითხს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიერ საცხოვრებლის დატოვებისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის ხელშემწყობი ფაქტორთაგან მთავარი არა, მაგრამ ერთ-ერთია.

102-ე შეხვედრა ერგნეთში. წყარო: eumm.eu

ცხინვალის შეფასება

შეხვედრაზე გაჟღერებული ოსური მხარის მოთხოვნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სოფელ ჩორჩანაში არსებული ბლოკ-პოსტის აღება გახლდათ, სადაც ქართული პოლიცია 2019 წლის აგვისტოდან პატრულირებს, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ადგილას ბორდერიზაციის ფაქტი მოხდა. 2019 წლის პრეცედენტის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბორდერიზაციის ახალ შემთხვევას ადგილი აღარ ჰქონია, თუმცა IPRM-ის რიგით 95-ე შეხვედრიდან ოსური მხარე ულტიმატუმის ფორმატში ამ დრომდე აგრძელებს ჩორჩანას საგუშაგოს აღების მოთხოვნას. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ასევე გაისმა ბრალდება საქართველოს ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით. 

რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

თუ IPRM-ის 101-ე შეხვედრაზე განსახილველ აქტუალურ საკითხებს გავიხსენებთ, ყველაზე დიდი ცვლილება ზაზა გახელაძის გათავისუფლება გახლდათ, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იყო თუ არა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება IPRM-ის შეხვედრის პირდაპირი შედეგი. ფასილიტატორები პროგრესად აფასებენ წყალზე წვდომასთან მიმართებით „ეფექტიან თანამშრომლობას“, თუმცა კონკრეტულად რა იგულისხმებოდა წყალზე წვდომასთან მიმართებით „ეფექტიან თანამშრომლობაში“ - წინა შეხვედრის შემდეგ ციცაგიანთკარში გახსნილი სასმელი წლის ახალი სისტემა, თუ ტირიფონის არხიდან მომდინარე სარწყავი წყალის პრობლემის მოგვარების მიმართულებით მიღწეული რაიმე პროგრესი - ფასილიტატორებს არ დაუკონკრეტებიათ.

რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე

რიგით 102-ე შეხვედრაზეც უცვლელი დარჩა და შესაბამისად განხილვის საგნად იქცა ჩაკეტილი გამშვები პუნქტების საკითხი.

საკოორდინაციო შეხვედრა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხზე

16 სექტემბერს სოფ. ერგნეთში 90-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნული საკოორდინაციო შეხვედრა ჰუმანიტარული პლატფორმა გახლავთ, რომლის ფარგლებშიც ერთად იკრიბებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები და, ინფორმაციის გაზიარება ხდება. ის 2010 წელს „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ), როგორც ნეიტრალური შუამავლის, ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, როგორც ბოლო, 2020 წლის ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ განხორციელებული საქმიანობა და შეაფასეს პროგრესი, ასევე ისაუბრეს დღეის მდგომარეობით არსებული გამოწვევების და სამომავლო ძალისხმევის შესახებ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაუჩინარებული 122 პირის ბედის გარკვევის საკითხზე.

ვინ და სად გაიტაცეს

ზურა დოთიაშვილის გატაცება

სექტემბერში ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე - სოფ. კირბალის მკვიდრი ზურა დოთიაშვილი დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. დოთიაშვილი გატაცების დღესვე გაათავისუფლეს.

გელა გოჭოშვილის გატაცება

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 102-ე შეხვედრის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს გაუზიარა ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებული საქართველოს მოქალაქის - გელა გოჭოშვილის შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გოჭოშვილის დაკავების ფაქტი მისი თქმით აგვისტოში მოხდა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს ინფორმაცია დაგვიანებით მიაწოდა. საქართველოს მოქალაქეს სავარაუდოდ ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

გათავისუფლებული  მოქალაქეები

ჯეკსონ პოლ კრამერის დაკავება და გათავისუფლება

ჯეკსონ პოლ კრამერი აშშ-ის პირველი მოქალაქეა, რომელიც ცხინვალის ოკუპირებული რეჟიმის ტერიტორიაზე იზოლატორში უკანონო დაკავების შემდეგ მოხვდა, სადაც  11 დღე გაატარა. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 6 სექტემბერს გავრცელდა, როდესაც კრამერმა 11 დღიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის იზოლატორი დატოვა და ქართულ მხარეს გადმოეცა. სუს-ის ცნობით, ამერიკელი ტურისტის დაკავების ფაქტზე ცხელი ხაზი დაუყოვნებლივ ამოქმედდა და დაიწყო მისი გათავისუფლებისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, თუმცა რა მიზეზითა და მიზნით არ გავრცელდა დაკავების ფაქტის შესახებ ინფორმაცია, უცნობია.

კრამერი მოგზაურია. იგი კავკასიონის სამხრეთ ქედის გავლით შავ ზღვაზე ჩასვლას აპირებდა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის მესაზღვრე სამხედროებმა ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფ. ერმანთან დააკავეს. ამერიკელ მოგზაურს, როგორც ადგილობრივ ჟურნალისტებთან მისი ბრიფინგის შემდეგ აღმოჩნდა, წარმოდგენა არ ჰქონდა დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის რეჟიმის არსებობისა და მის მიერ უხილავი და არარსებული საზღვრის გადაკვეთის შესახებ.

კრამერის დაკავება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენა. კრამერს მცირე ექსკურსია ჩაუტარეს ცხინვალში, აჩვენეს „ქართული აგრესიის მსხვერპლთა მემორიალი“  და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ქართულ და ამერიკულ მხარეებს ეკისრებათ, რომლებიც „საკუთარ მოქალაქეებს მიზანმიმართულად უმალავენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არსებობასა და საქართველოს კონფლიქტს ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან.“

ჯეკსონ პოლ კრამერი გათავისუფლების შემდეგ.  წყარო: ssg.gov.ge

„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა

უკანონო ბორდერიზაცი ხურვალეთში

ხურვალეთი ბორდერიზაციის ეპიცენტრი კიდევ ერთხელ, 3 სექტემბერს გახდა, როდესაც ახალი მავთულხლართი და მწვანე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი გამოჩნდა, რომელიც სოფლის შიდა შარაგზას კეტავს, ხურვალეთის მცხოვრებ ნორა ბატონისაშვილს კი კუთვნილ სახლთან და მიწის ნაკვეთთან მისასვლელ გზას უჭრის.

ბატონისაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ამ ტერიტორიაზე არაფორმალური კონტროლი 2019 წლის აპრილიდან ჰქონდათ დამყარებული. საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი სამხედროები მის ნაკვეთთან ხშირად ჩნდებოდნენ ხოლმე. ბატონისაშვილმა  თავდაპირველად მიწის ნაკვეთის დამუშავება, შემდეგ მონახულებაც შეწყვიტა, ახლა კი მავთულხლართი მისი საცხოვრებელი სახლის გვერდითაც გაჩნდა.

სუს-მა ბორდერიზაციის აღნიშნული ფაქტი თავდაპირველად უარყო, თუმცა 2 კვირის შემდეგ დაადასტურა.

უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი ხურვალეთში. წყარო: ავტორის ფოტო

სახიფათო მონაკვეთის აღმნიშვნელი აბრის მონტაჟ

4 სექტემბერს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ - „ძალა ერთობაშია“ ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 1 კილომეტრში, სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე ახალი ბანერი აღმოაჩინა, რომელიც აქამდე მრავალჯერ დამონტაჟებული მწვანე ბანერებისაგან გამოირჩევა. ახალი ტიპის მანიშნებელზე დატანილია გაფრთხილება: „ყურადღება, სახიფათო მონაკვეთი“. ვინაიდან ამგვარი ტიპის ბანერი პირველია, დაზუსტებით იმის თქმა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს „სახიფათო მონაკვეთი“ და რა მომდევნო მოქმედებებს უნდა ველოდოთ „სახიფათოდ“ მონიშნულ ზონაზე ამ ეტაპზე რთულია.

სუს-ის განცხადებაზე დაყრდნობით, აღნიშნული ქმედების შესახებ უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმირებულია ევროპის სადამკვირვებლო მისია და საკითხი ჩანიშნულია ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში.

ახალი ბანერი ხურვალეთში. წყარო: radiotavisupleba.ge

უკანონო ბორდერიზაცი სოფელ ტახტისძირში

11 სექტემბერს ბორდერიზაციის კიდევ ერთი პრეცედენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირში საქართველოს ტერიტორიის 20 ჰა-მდე ფართობზე შეიზღუდა შესვლა. ტერიტორიას ტახტისძირელები აქამდე სახნავ-სათესად იყენებდნენ, მავთულხლართის გავლების შემდეგ კი ვერც კუთვნილ ნაკვეთებში ახერხებენ მისვლას და გატაცების მაღალი რისკის გამო ვერც მათ მიმდებარე ტერიტორიაზე.

სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფეედრაციას ეკისრება.

ამ ტერიტორიაზე ე.წ საზღვრის გადმოწევის ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა. მცოცავი ოკუპაციის პროცესი აქ 2011 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა ბოლო წლებში ვითარება განსაკუთრებულად დამძიმდა გახშირებული ბორდერიზაციის ფაქტების საფუძველზე. ამ ტერიტორიაზე თავდაპირველად გაევლო ხნულები, მოგვიანებით კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბოძებითა და ბანერით დაბრუნდნენ საბოლოო ღობის გასავლებად, არგუმენტი კი კვლავ იგივე რჩებოდა - მიწა, რომელზეც თაობების განმავლობაში ტახტისძირელების მოსავალი ითესებოდა და იმკებოდა და რომელსაც საოკუპაციო ძალები ღობავდნენ - მათ ეკუთვნოდათ. იგივე ტერიტორიაზე სადემარკაციო სამუშაოები ამა წლის აპრილშიც განახლდა.

უკანონო ბორდერიზაცია ტახტისძირში. წყარო: tvmonitoringi.ge

მნიშვნელოვანი ვიზიტები

ჩეხეთის დელეგაცია სოფ. ოძისში

14 სექტემბერს სოფ. ოძისში გავლებულ საოკუპაციო ზოლს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპის საკითხებში, ალეშ ხმელარჟი ეწვია. მას მასპინძლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარკ შჩიგელმა გაუწია. მან მინისტრის მოადგილეს ადგილზე გააცნო არსებული ვითარება - ინფორმაცია მიაწოდა ბორდერიზაციის ფაქტებისა და გამშვები პუნქტების გახანგრძლივებული ჩაკეტვის შესახებ, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივების გადაადგილების თავისუფლებაზე და მათთვის სამედიცინო მომსახურების, განათლების და სოციალურ სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

ჩეხური დელეგაცია სოფ. ოძისში. წყარო: eumm.ge

ბიზნეს პროექტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში

ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა“

„საპატრნიორო ფონდის“ „სტარტაპ საქართველოს“ და USAID „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით სოფ. ყარაფილაში ნატურალური სასმელების საწარმო „კომბუჩა“ ამოქმედდა, რომელიც ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას გულისხმობს. „კომბუჩა ბრიუერს ჯორჯიას“ დირექტორის ინფორმაციით, საწარმოს პირველი ფაზის ჯამური მოცულობა 700 000 ლარია.

საწარმოს გახსნა. წყარო:  bm.ge