გამოცემა N3 / მიმოხილვის პერიოდი: 1 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი, 2021 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი
„ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
ვინ და სად გაიტაცეს
გატაცება სოფ. ერგნეთიდან
4 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთის ტერიტორიაზე გავლებული საოკუპაციო ხაზის მახლობლად საქართველოს სამი, ლიახვის ხეობიდან დევნილი მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ერთ-ერთმა დაკავებულმა - ნიკოლოზ ფეხშველაშვილმა გაქცევის მცდელობისას დაზიანებები მიიღო, რის გამოც მეორე დღეს, 5 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მისი ცხინვალიდან გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო. ფეხშველაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქის გათავისუფლებაც მალევე, დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, 6 ოქტომბერს მოხერხდა.
გატაცება სოფ. ლოპანიდან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, 28 ოქტომბერს სოფ. ლოპანიდან საქართველოს ორი მოქალაქე ზაზა მელიქიშვილი და ვალერი გაგნიძე დააკავეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის დავით ქაცარავას მტკიცებით, რომელიც გატაცების თვითმხილველების მონათხრობსა და ლოკაციის უშუალო შემოწმებას ეყრდნობა, გატაცების ფაქტი სოფელ ლოპანიდან ბევრად მოშორებით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ჭერათხევის მიმდებარედ, ჭერათხევის ტყეში მოხდა, სადაც სოფელ ვაყას მკვიდრი დაკავებულები შეშას აგროვებდნენ. სუს-ის განცხადების მიხედვით, ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ აამოქმედა „ცხელი ხაზი“. დაკავებული მოქალაქეები დაკავებიდან მეორე დღეს, 29 ოქტომბერს გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.
დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. წყარო: ssg.gov.ge
საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის ციხეში
ცხინვალის ციხეში საქართველოს 2 მოქალაქე რჩება: გენადი ბესტაევი, რომელიც სასჯელს ცხივნალის რეგიონის ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის იხდის და გელა გოჭოშვილი, რომელიც აგვისტოში დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით და დღემდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. მისი დაკავების შესახებ ქართულ მხარეს ინფორმაცია დაგვიანებით, სექტემბერში მიეწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსური მხარის მიერ მანამდე „ცხელი ხაზი“ არ ამოქმედებულა.
ცხინვალის პროპაგანდა
„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის“ შეფასებით, „არსებული სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს კავშირს საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიაზე არსებულ სოციო-ეკონომიკურ სიტუაციასა და საქართველოს მოქალაქეების მიერ უკეთესი საცხოვრებელი პირობების ძიების მიზნით სასაზღვრო რეჟიმის უკანონო დარღვევებს შორის“, ასე იწყებს 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიას ადგილობრივი მედია სააგენტო - „რეს“.
„უსაფრთხოების კომიტეტის“ შეფასებით, დევნილებისათვის განკუთვნილი სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა საქართველოში ვერ ფუნქციონირებს, აღნიშნული მიზნით დასავლეთიდან ქვეყანაში შემოსული დახმარება არამიზნობრივად დაიხარჯა, საქართველოს ტერიტორიაზე დევნილები უკიდურეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ და ცხოვრების სწორედ ამგვარი ხარისხი უბიძგებთ გადავიდნენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რისთვისაც „უსაფრთხოების კომიტეტი“ ქართულ მხარეს ურჩევს ყურადღება მიაქციოს დევნილთა დასახლებებში მცხოვრები დევნილების უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობას.
მსგავსი შეფასებები ხშირად კეთდება ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან და იგი ცხინვალის დეზინფორმაციული პოლიტიკის ნაწილია.
„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა
ოქტომბერში ბორდერიზაციის ფაქტი არ დადასტურებულა.
თხრილების განახლება
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, 12 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთისა და ორჭოსნის მიმდებარედ პატრულირებისას ავტობანიდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების აქტიურობა შენიშნა. ისინი იმ ხნულებს ანახლებდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ 2017 წელს გაავლეს და მოსახლეობას მომიჯნავე მიწის ნაკვეთების დამუშავება აუკრძალეს.
ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები
დავით ქაცარავამ 18 ოქტომბერს ინფორმაცია გაავრცელა პატრულირების შედეგად შემჩნეულ ახალ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულზე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფ. ატოცში, 13-18 ოქტომბრის შუალედში გაავლეს.
ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები სოფ. ატოცში. წყარო: დავით ქაცარავა
ხაფანგები ჩორჩანას ტყეში
29 სექტემბერს დავით ქაცარავამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩორჩანას ტყეში გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ასახულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ზოლიდან 100-150 მეტრში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაგებული ხაფანგები. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტყის მონაკვეთზე ადგილობრივები შიშის ფაქტორის გამო ვეღარ ახერხებენ გადაადგილებას, რაც ამარტივებს საოკუპაციო რეჟიმის პრაქტიკის კიდევ ერთხელ რეალიზებას - გაავლოს მავთულხლართი, დაამონტაჟოს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი და უკვე „ოფიციალურად“ აკრძალოს იმ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება.
საოკუპაციო ხაზის პატრულირება
ოქტომბერი გორის მუნიციპალიტეტის სოფ. დიცსა და ხურვალეთში მდებარე საოკუპაციო ზოლთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან პატრულირების განსაკუთრებული ინტენსივობით ხასიათდებოდა.
სოფ. დიცი
ადგილობრივების ცნობით, სოფ. დიცში საოკუპაციო ძალების მიერ ყოველდღიურ რეჟიმში მთელ მონაკვეთზე კონტროლდება საოკუპაციო ზოლი, სადაც პატრულირებენ შეიარაღებული სამხედროები. აღნიშნულ სიტუაციას ის ფაქტი უფრო მეტად ამძაფრებს, რომ აღნიშნული ვითარება იმ პუნქტიდან დაახლოებით 20-30 მეტრში ხდება, საიდანაც სოფლის მოსახლეობა კუთვნილ მიწის ნაკვეთებს რწყავს და რასთან მიახლოებაც უკვე სარისკო ხდება.
სოფ. ხურვალეთი
ადგილობრივების ცნობით, სოფ. ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის პატრულირება სექტემბერში ბორდერიზაციის ფაქტის შემდეგ განსაკუთრებით ინტენსიური გახდა და უკვე სარისკოა არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან, არამედ მის მახლობელ ტერიტორიასთან მიახლოებაც.
სოფელში შესვლა გართულდა სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციებისთვისაც. იმისათვის, რომ მათ რაიმე სახის აქტივობა განახორციელონ (იქნება ეს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, ვალია ვანიშვილის მონახულება და საჭირო პროდუქტებით დახმარება თუ საგანმანათლებლო საქმიანობა ახალგაზრდებისთვის) სოფ. ხურვალეთის შესასვლელთან მდებარე ქართულ ბლოკ-პოსტზე სამართალდამცავები სუს-ის მიერ გაცემულ ოფიციალურ ნებართვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც სამოქალაქო აქტივისტები აღმოჩნდებიან სოფელში და ვერც ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანი ვიზიტები
ოქტომბერში ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა.
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი
12 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზს სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი ინგრიდ ბროცკოვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციათა განყოფილების ხელმძღვანელ ბრაიან ელიე რიჩარდთან და მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე ევა სუვარასთან ერთად ეწვია გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისს და იქ მდებარე, უკანონოდ გავლებულ საოკუპაციო ზოლს. ძირითადი საკითხი, რაზეც მათი ყურადღება გამახვილდა ვიზიტისას გამშვები პუნქტის გახანგრძლივებული ჩაკეტვის შედეგად შექმნილი გამოწვევები გახლდათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები თემებისათვის.
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან. წყარო: eumm.eu.ge
სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ვიზიტი
18 ოქტომბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთი სოფ. ოძისთან სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა მოინახულა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს ადგილზე გააცნო არსებული ვითარება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სფეროში ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.
სახელმწიფო პროექტები საოკუპაციო ხაზთან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიმა, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, 1 ოქტომბერს გამოაცხადა კონკურსი და 18-30 ოქტომბერს განახორციელა სასწავლო/ტრენინგ-კურსი „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი”, რომლის ძირითად ორიენტირს გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები წარმოადგენდნენ. სასწავლო კურსის მიზანი მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება გახლდათ.