ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2022 / 02 / 01

გამოცემა N17 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2022 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

სამხედრო სწავლებები

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა იანვარში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • მე-7 სამხედრო ბაზაზე 2022 წლის „არმიის საერთაშორისო თამაშებისთვის“ (АрМИ-2022) მზადება დაიწყო. მზვერავები „სამხედრო დაზვერვის ფრიადოსნების“ კონკურსისთვის მზადებას შეუდგნენ. საუკეთესო შედეგების მქონე მზვერავები АрМИ-2022-ის კონკურსის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობის უფლებას მიიღებენ. სწავლებაში, საერთო ჯამში, 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.
  • ქ. სოხუმში რუსულ-აფხაზური ერთობლივი ანტიტერორისტული წვრთნები მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩართულნი არიან აფხაზეთის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურები, ასევე რუსული ФСБ-ს თანამშრომლები, საერთო ჯამში, 500-მდე პირი. ისინი „სამთავრობო“ შენობა-ნაგებობების ტერორისტებისგან განთავისუფლებაზე ვარჯიშობენ, რისთვისაც იყენებენ ჯავშანტრანსპორტიორებს, ვერტმფრენებსა და სხვა საბრძოლო საშუალებებს. წვრთნები 27 იანვარს დაიწყო და 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

ანტიტერორისტული წვრთნები ქ. სოხუმში. წყარო: www.structure.mil.ru

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

ახალწვეულები

  • იანვრის დასაწყისში მე-4 სამხედრო ბაზაზე ახალწვეულები ჩავიდნენ. ისინი რუსეთის ფედერაციის უმაღლესო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულები არიან. რაიონულ გარნიზონებში ახალგაზრდა ოფიცრებს სამსახურებრივი საცხოვრებელი ფართი გადაეცათ. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს აღნიშნული სასწავლებლები 1400-ზე მეტმა პირმა დაასრულა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურმა, ალექსანდრ დვორნიკოვმა განაცხადა.

სხვა ღონისძიებები

  • 1 თებერვალს მე-4 სამხედრო ბაზა მე-13 წლისთავს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბაზის ხელმძღვანელები, სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, რეგიონის დე ფაქტო ლიდერები და სხვები. შედგება სადემონსტრაციო სამხედრო წვრთნა, თანამედროვე იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოფენა, სამხედრო ორკესტრის კონცერტი და ა.შ.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.