გამოცემა: N6 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 იანვარი, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი
„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
ერგნეთის შეხვედრა
2022 წლის 20 იანვარს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 104-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. (შეხვედრის შესახებ დეტალურად იხ. სტატია)
შეხვედრა ერგნეთში. წყარო: eumm.eu
შეხვედრაზე ქართული და ოსური დელეგაციების მხრიდან პრიორიტეტული და პრობლემური საკითხები გაჟღერდა. ოფიციალური თბილისის მხრიდან უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის გათავისუფლებისა და „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის საკითხები წამოიჭრა.
ოსური დელეგაციის მხრიდან გაჟღერებულ პრიორიტეტულ საკითხებს შორის საგუშაგოებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხები იყო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკოფლიქტური დარეგულირების საკითხებში, იგორ კოჩიევმა ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟი ამჯერადაც მოითხოვა. ოსურმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს მხრიდან საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებს. მოძრაობა ოსური სოფლების დაზვერვაში დაადანაშაულეს.
რა შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე
103-ე და 104-ე შეხვედრებს შორის ანუ ნოემბერი-იანვრის პერიოდში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა- უკანონო პატიმრობაში მყოფი გელა გოჭოშვილი გათავისუფლდა. გოჭოშვილი 2021 წლის 19 დეკემბერს ქართულ მხარეს გადმოეცა.
რა არ შეიცვალა შეხვედრიდან შეხვედრამდე
რაუნდებს შორის პერიოდში ისევ პრობლემატურად რჩება გამშვები პუნქტების გახანგრძლივებული ჩაკეტვის საკითხი, თუმცა 104-ე შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხზე არ გამახვილებულა. დაკავებების საკითხი ამჯერადაც ნომერ პირველ პრიორიტეტად დარჩა, ისევე როგორც „ბორდერიზაციის“ მიმდინარე პროცესი. არ შეცვლილა ოსური მხარის მიერ გაჟღერებული თემებიც - ისევ გადაუჭრელი დარჩა ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს საკითხი. მსგავსი დამოკიდებულება იკვეთება უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით.
დახურული ფორმატის შეხვედრა ერგნეთში
2022 წლის 20 იანვარს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარულ შეხვედრასთან ერთად კიდევ ერთი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. „ეხო კავკაზა”-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა 2008 წის 13 ოქტომბერს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი მოქალაქის - ალან ხაჩიროვის, ალან ხუგაევისა და სოლტან პლიევის საკითხზეც იმსჯელეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკა სვიმონიშვილის განცხადებით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, გაუჩინარებულთა ახლობლებს კვლავაც დაკითხავენ. ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე სხვა დეტალები სვიმონიშვილს მედიასთან არ დაუკონკრეტებია.
დაკავებული მოქალაქეები
ლაშა ხეთერელის დაკავება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. შაუმიანის მკვიდრი ლაშა ხეთერელი საოკუპაციო ძალებმა 5 იანვარს მეექვსედ დააკავეს. იგი ცხინვალის ციხიდან 2021 წლის 17 ივნისს, 1 წლიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ცნობილია ხეთერელი პერიოდულად ცხინვალში მცხოვრებ ახლო ნათესავებს სტუმრობს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია სუს-მა დაადასტურა.
ლევან მაყაშვილის დაკავება და გათავისუფლება
ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ცნობით, ოსმა მესაზღვრეებმა, 22 იანვარს, ცხინვალთან ახლოს, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. ბებნისის მკვიდრი, 1981 წელს დაბადებული ლევან მაყაშვილი დააკავეს. „კომიტეტის“ ცნობით, „საზღვრის დამრღვევს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისკენ უბიძგა გამოუვალმა მდგომარეობამ, საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის არარსებობამ, ასევე იმ ფაქტორმა, რომ მან ვერ შეძლო დასაქმება.“ „კომიტეტის“ განცხადებით, მაყაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 24 იანვარს იგი ქართულ მხარეს ჯარიმის გადახდის გარეშე გადასცეს.
„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა
მავთულხლართების განახლება კვაისა-ირის გზაზე
7 იანვარს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერმა დავით ქაცარავამ პატრულირებისას საოკუპაციო ძალების ახალი აქტივობის კვალი აღმოაჩინა რაჭაში, კვაისა-ირის გზაზე. იგი აცხადებს, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა მავთულხლართები განაახლეს.
განახლებული მავთულხლართი კვაისა-ირის გზაზე. წყარო: დავით ქაცარავას facebook გვერდი
სადემარკაციო სამუშაოები კირბალში
მიმდინარე წლის 19 იანვრის დილას გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის სიახლოვეს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს. მათ დე ფაქტო რესპუბლიკის ,,საზღვარი” გადმოკვეთეს და თეთრი ლენტებით მონიშნეს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე პერიმეტრი. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მონიშვნა ახალი საოკუპაციო ზოლის გავლების წინაპირობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვარაუდი გამართლდა, სოფელ კირბალის მთელ პერიმეტრზე საოკუპაციო ზოლი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 100 მეტრით შემოიჭრება.
სადემარკაციო სამუშაოები სოფ. კირბალში. წყარო: radiotavisupleba.ge
პატრულირება საოკუპაციო ხაზთან
დეკემბერში საოკუპაციო ხაზზე რუსული სასაზღვრო დანაყოფის პატრულირება განსაკუთრებულად ინტენსიური გახდა, რისთვისაც ეტაპობრივად მიმდინარეობდა საგუშაგოების გაფართოება. პროცესი იანვარშიც გაგრძელდა. იმ სოფლებთან ერთად, სადაც „ბორდერიზაციის“ პროცესი უშუალოდ მიმდინარეობს, პატრულირების განსაკუთრებული ინტენსივობა სოფ. ჩორჩანასა და ხურვალეთშიც შეიმჩნეოდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავა ჩორჩანასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების პატრულირების ამსახველ ვიდეო მასალასაც ავრცელებს. ხურვალეთის საკითხზე კი იგი საკუთარ Facebook გვერდის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას ვალია ვანიშვლის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ადგილზე ჩასულმა დათასგან, ვალია ვანიშვილის შვილიშვილისაგან, შეიტყო, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვანიშვილს მავთულხლართებთან დატოვებული შეშის შეტანის უფლება არ მისცეს.
სახელმწიფო პროექტები
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან წარჩინებულ სტუდენტს ანა ბარბაქაძეს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდია და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. სტიპენდია 2018 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა და განკუთვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.