ყოველთვიური მიმოხილვა

„ბორდერიზაცია” ცხინვალის რეგიონში: 2021 წლის მიმოხილვა

2022 / 02 / 07

ავტორი: ელენე მინდიაშვილი

2021 წელს საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში „ბორდერიზაციის” 20 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 9 - გორის მუნიციპალიტეტში.

გასულ წელს „ბორდერიზაციის” კუთხით ცხელ წერტილებს შემდეგი სოფლები წარმოადგენდნენ:

  • ქარელის მუნიციპალიტეტი: სოფ. ღოღეთი, ტახტისძირი, დვანი, ატოცი
  • გორის მუნიციპალიტეტი: სოფ. ხურვალეთი, ბერშუეთი, კირბალი
  • კასპის მუნიციპალიტეტი: სოფ. გორაკა
  • დუშეთის მუნიციპალიტეტი: სოფ. გრემისხევი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი: სოფ. ჩორჩანა

„ბორდერიზაციის“ პროცესის ინტენსივობით აპრილის, მაისის, აგვისტოს, სექტემბრისა და დეკემბრის თვეები გამოირჩეოდნენ. ყველაზე მეტი შემთხვევა დეკემბერში დაფიქსირდა.

პრეცედენტებზე დაკვირვებით ნათლად იკვეთება საოკუპაციო რეჟიმის „შეუმჩნევლობის“ ნარატივზე აგებული ტაქტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბორდერიზაციის“ დინამიკის განსაკუთრებული მახასიათებელი მისი, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღების მიპყრობით წარმართვაა, რისთვისაც ორი ძირითადი ტაქტიკა გამოიყენება: პირველი, ე.წ შიშის ზონების შექმნა, რაც, თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია უკანონო დაკავებებთან. იმ ადგილებში, სადაც „შიშის ზონების“ შექმნა შეუძლებელია, მუდმივი პატრულირების (ჩორჩანა) ან/და მუდმივი მოსახლეების (ხურვალეთი) გამო, საოკუპაციო ძალები მეორე ტაქტიკას - „ბორდერიზაციის“ სამუშაოების ღამით წარმართვას მიმართავენ.

ორივე ტაქტიკა დროშია გაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საოკუპაციო ხაზის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწევის პროცესის სრული ციკლის შეკვრას რამდენიმე კვირა, ხშირად რამდენიმე თვე სჭირდება. პროცესზე დაკვირვების შედეგად „ბორდერიზაციის” სრული ციკლი რამდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. პირველი ეტაპი სადემარკაციო სამუშაოებია. ამ ეტაპზე ინიშნება „ახალი“ საოკუპაციო ხაზის გავლების ტრაექტორია. სადემარკაციო პროცესი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს: თუ ტერიტორიაზე ხეები ან ბუჩქები არ არის, სადემარკაციო პროცესისათვის ხის, საღებავით დანიშნული ძელები გამოიყენება, იმ შემთხვევაში კი თუ ადგილი ტყიანი ან ბუჩქოვანია, ფერადი საღებავებით ან ქსოვილებით უშუალოდ მათი მონიშვნა ხდება.

მეორე ეტაპი „ახალი“ საოკუპაციო ხაზის გავლებაა, რასაც რელიეფის სპეციფიკურობის მიხედვით, როგორც წესი, სხვადასხვა სახე აქვს. ვაკე ტერიტორიაზე პროცესი ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით გამოიხატება, მაღალმთიან და ტყიან რელიეფზე კი - ტყის სწორხაზოვანი გაჩეხვით. მომდევნო ეტაპზე მონტაჟდება საყრდენი ბოძები, საბოლოოდ კი - მეტალის კონსტრუქცია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მავთულხლართია, ზოგიერთში კი მეტალის კაპიტალური, ხშირად მწვანე ფერის ღობე. სულ ბოლოს მონტაჟდება „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი.

„ბორდერზაციის” სრული ციკლი

„შიშის ზონები“

„შიშის ზონების“ შექმნა  შედარებით უფრო ღრმა და გეგმაზომიერი სტრატეგიის ნაწილია. „შიშის ზონა“ საოკუპაციო ხაზს უშუალოდ მომიჯნავე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ის ტერიტორიაა, სადაც საოკუპაციო ძალები უკანონოდ პატრულირებენ. სოფლების განფენილობის თავისებურებას თუ გავითვალისწინებთ,  საოკუპაციო ხაზს, ძირითად შემთხვევებში, სახნავ-სათესი მიწები, ხეხილის ბაღები, საძოვრები, ტყეები ან სასაფლაოები ესაზღვრება. ვინაიდან აღნიშნული ტერიტორიები მუდმივი სამოსახლო არ გახლავთ და იქ მოსახლეობა მხოლოდ დანიშნულებისამებრ - სეზონურად, კვირაში რამდენჯერმე ან დღეში მხოლოდ გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში გადაადგილდება, საოკუპაციო რეჟიმისთვის მუდმივ პატრულირებასა და კონტროლს ამარტივებს. ამას ისიც ემატება, რომ სწორედ „შიშის ზონებია“ ის ტერიტორია სადაც უკანონო დაკავების ფაქტთა უმეტესობა ხდება - ადგილობრივების თქმით ე.წ. მესაზღვრეები ხშირად გადმოდიან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ახლომახლო მყოფ ადგილობრივებს უკანონოდ აკავებენ. ანუ საქართველოს მოქალაქეებისათვის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ხშირად მისგან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებითაც კი, თითოეული გადაადგილება უკანონო დაკავების საფრთხის შემცველია. შესაბამისად ამ ტერიტორიებთან მიახლოებას ადგილობრივებიც ერიდებიან და შედეგად ტერიტორია ეტაპობრივად თავისუფლდება „ბორდერიზაციის” ახალი ტალღისთვის.

„ბორდერიზაციის“ ფაქტები

21 აპრილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირისა და დვანის სიახლოვეს  საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხის ძელების დამონტაჟებით სადემარკაციო პროცესი განაახლეს. მოინიშნა საძოვრის ის ტერიტორია, რასაც ორივე სოფლის მოსახლეობა ყოველდღიურად იყენებდა. 23 აპრილს ამავე პერიმეტრზე ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს და ლითონის ბოძებიც  მიიტანეს. ტახტისძირი-დვანის ტერიტორიაზე სამუშაოები 11 სექტემბერს განახლდა - გაევლო საოკუპაციო ხაზი, რის შედეგადაც 20 ჰექტარი მიწის ფართობი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ადგილობრივებმა სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები დაკარგეს.

25 აპრილი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარაშენი-ღოღეთის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ხის, საღებავით მონიშნული სადემარკაციო ბოძები დაამონტაჟეს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებაც. სადემარკაციო პროცესი 6 მაისს გაგრძელდა - განახლდა ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება და სრულ მონაკვეთზე ბოძების მონტაჟი.

7 მაისი

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ „ბორდერიზაციის“ სამუშაოები განაახლეს. სამუშაოები დასახლებულ პუნქტთან რამდენიმე ათეულ მეტრში მიმდინარეობდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები უკვე დამონტაჟებულ ძელებზე გაავლეს.

10 მაისი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გორაკას მიმდებარედ „ბორდერიზაციის” პროცესი დაიწყო. კერძოდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სწორხაზოვნად გაკაფეს ტყე და ხეებზე სპეციალური ნიშნულები გააკეთეს. გორაკაში „ბორდერიზაცია“ მორიგი ტალღის სახით 24 დეკემბერს გაგრძელდა, როდესაც განახლდა გორაკა-სხვილოს ტყის სწორხაზოვანი კაფვა.

5 ივლისი

საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ატოცში „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს -  მანამდე ჩასმულ ძელებზე, დაახლოებით 50 მეტრის სიგრძეზე, მავთულხლართები გააბეს.

ივნისი-აგვისტო

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერშუეთის ტერიტორიაზე ახალი ღობე დაამონტაჟეს. ანტისაოკუპაციო  მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრის დავით ქაცარავას თქმით, მან 16 აგვისტოს, სოფ. ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას ახალი ღობე აღმოაჩინა, რომელიც 13 ივნისის პატრულირებისას განთავსებული არ იყო.

16 აგვისტო

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართები აამაღლეს, რისთვისაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი დათა ვანიშვილის სახლიდან მოპარული რკინის ძელები გამოიყენეს.

22 აგვისტო

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთთან რუსი ე.წ. მესაზღვრეების აქტიურობა შეინიშნებოდა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი დამონტაჟდა.

3 სექტემბერი

გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ძალებმა სოფ. ხურვალეთში ახალი მავთულხლართი გააბეს და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაამონტაჟეს, რომელიც სოფლის შიდა შარაგზას კეტავს და ხურვალეთის მცხოვრებ ნორა ბატონისაშვილს კუთვნილ სახლთან და მიწის ნაკვეთთან მისასვლელ გზას უჭრის. ბატონისაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ამ ტერიტორიაზე არაფორმალური კონტროლი 2019 წლის აპრილიდან ჰქონდათ დამყარებული. ბატონისაშვილმა თავდაპირველად მიწის ნაკვეთის დამუშავება, შემდეგ მონახულებაც შეწყვიტა, ახლა კი მავთულხლართი მისი საცხოვრებელი სახლის გვერდითაც გაჩნდა.

4 სექტემბერი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ბანერი აღმართეს, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობამ - „ძალა ერთობაშია“ აღმოაჩინა. ეს ბანერი ცენტრალური ავტომაგისტრალიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით არის დაშორებული და წინა პერიოდში დამონტაჟებული ბანერებისგან განსხვავდება. მინდორში დამონტაჟებულ ბანერს აწერია: „ყურადღება! სახიფათო მონაკვეთი!“

13-18 ოქტომბერი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ატოცში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალი ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია სანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა.

14 ნოემბერი

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 14 ნოემბრის პატრულირების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალში ახალი, სავარაუდოდ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აშენებული საგუშაგო აღმოაჩინეს. მისი თქმით, საგუშაგო სტანდარტულზე ბევრად დიდი ზომისაა.

25 ნოემბერი

გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს და ღობის მონტაჟის პროცესიც დაიწყეს. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გათხრისა და ღობის სამონტაჟო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობდა ღამით, მოსახლეობისთვის ნაკლებად შესამჩნევ დროს. დღეის მდგომარეობით სრულ მონაკვეთზე შეღობვითი სამუშაოები არ დასრულებულა.

6-11 დეკემბერი

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერმა დავით ქაცარავამ ინფორმაცია გაავრცელა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩორჩანა-ჯრიას მონაკვეთზე, ოფიციალურად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეღობვითი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მისი ცნობით, „ბორდერიზაციის“ პირველ ტალღას მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს ჰქონდა ადგილი, პროცესი კი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 6- 11 დეკემბრის პერიოდში გაგრძელდა.

19 დეკემბერი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემისხევის მოსაზღვრედ მდებარე სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურული განვითარება დეკემბრის ბოლოს განსაკუთრებულად შესამჩნევი გახდა. გრემისხევის ქედზე ახალი სანგრის ტიპის თხრილები გაჩნდა.

25 დეკემბერი

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის დავით ქაცარავას ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში, დათა და ვალია ვანიშვილების სახლთან გავლებული მავთულხლართის იმ ადგილას, საიდანაც, როგორც წესი, ვალია ვანიშვილს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საკვებსა და სხვა საჭირო ნივთებს აწვდიდნენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოძრაობის დეტექტორი დაამონტაჟეს.