ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა

2022 / 07 / 01

გამოცემა N6 / მიმოხილვის პერიოდი: აპრილი-ივნისი, 2022 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი         

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში

განათლების სფერო

  • 4-8 აპრილს აფხაზეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО) სწავლის მსურველთა განცხადებები მიიღო. მსურველებს ბაკალავრიატის ორ პროგრამაზე შეეძლებათ სწავლა: საერთაშორისო სამართლისა (1) და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების (2).
  • 8-14 ივნისს რუსეთში, ქ. ორენბურგში გაიმართა  საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი „Евразия Global“, რომელშიც აფხაზეთი 10 მონაწილით იყო წარმოდგენილი. ფორუმის ოთხი მთავარი თემა იყო „სიკეთე“, „კარიერა“, „მედია“ და „თანამემამულეები“; ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სახალხო დიპლომატია, რბილი ძალა და ჰუმანიტარული ზემოქმედება. ასევე გაიმართა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ და ა. გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის საგრანტო კონკურსი. ფორუმის ფარგლებში აფხაზეთის ახალგაზრდობისა და სპორტის „სახელმწიფო“ კომიტეტის თავმჯდომარემ „როსსოტრუდნიჩესტვოსთან“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.
  •  „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს. ეკონომიკური მეცნიერებების ოლიმპიადა რუსეთის სახელმწიფოსთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. კონკურსში სტუდენტებმა 38 ქულა მოიპოვეს და პირველ ადგილზე გავიდნენ.
  • ქ. მოსკოვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ოთხი აფხაზი სტუდენტი რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში შეძლებს სტაჟირების გავლას. სტუდენტები კონკურსის საფუძველზე შეარჩიეს. შერჩევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ცენტრი „აფხაზეთის მომავალი“, რომელიც მოსკოვში მდებარეობს და 2022 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს.
  • აფხაზი აბიტურიენტები რუსეთში, სევასტოპოლის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლას შეძლებენ. სასწავლებელში 2 000-ზე მეტი ბიუჯეტური ადგილია. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სასწავლებლის პრეზენტაცია 22-24 ივნისს გამართეს.
  • 30 ივნისს მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელები ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელება, აფხაზი მეცნიერების მიერ ქ. სტავროპოლში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები და სხვ.

კულტურის სფერო

  • 20 აპრილს აფხაზმა სტუდენტებმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალი „Global Village“ ნაციონალურ კულტურებს მიეძღვნა - სტუდენტებმა თავიანთი ეროვნული ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს.
  • მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ტექნიკურ ინსტიტუტში (МАДИ) აფხაზური კულტურის ფესტივალი „სულის ქვეყანა - აფხაზების მიწა“ ჩატარდა. პროგრამა მოიცავდა აფხაზურ ცეკვებს, სიმღერებს, ფილმებსა და ლექსებს, ასევე ტრადიციულ საკვებს. ფესტივალი ერთ თვეს გაგრძელდა და 1 მაისს დასრულდა.
  • 3 ივნისს ქ. სოხუმის სკოლების მოსწავლეებს რუსეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ჯამბულ ჟორდანია შეხვდა. მან რუსულ ლიტერატურაში ა. პუშკინის როლზე ისაუბრა.
  • გუდაუთის ბავშვთა ცეკვის თეატრმა „Аураща“-მ კრემლის ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. ფესტივალი „კრემლის ვარსკვლავები“ 11-13 ივნისს ქ. მოსკოვში გაიმართა.
  • 9-17 ივნისს გაიმართა გამოფენა „რუსი მხატვრები აფხაზეთში“. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მოსკოვის მთავრობა, ქ. მოსკოვის საგარეო-ეკონომიკური და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტი, „მოსკოვის თანამემამულეთა სახლი“ და სხვ.

აფხაზური კულტურის ფესტივალი „სულის ქვეყანა - აფხაზების მიწა“ მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ტექნიკურ ინსტიტუტში. წყარო: abkhazinform.com

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა

  • 6 ივნისს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა, დმიტრი ფედოტოვმა მოვალეობის შესრულება დაიწყო. ფედოტოვი მანამდე აღნიშნული ორგანიზაციის უფროსის მრჩევლად მუშაობდა.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • 9 მაისს „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ 77-წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის „საელჩოს“ წარმომადგენლები, მე-7 სამხედრო ბაზის ჯარისკაცები და სხვები. სკოლის მოსწავლეებმა ომისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. გაიმართა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაც.
  • 21 ივნისს აფხაზეთში რუსი „სამშვიდობოების“ ხსოვნას პატივი მიაგეს. აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული რუსი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ადგილობრივი ცნობით, რუსეთის „სამშვიდობო“ ოპერაცია ოფიციალურად 2008 წლის 1 სექტემბერს დასრულდა.
  • 21 ივნისს ქ. სოხუმში ასევე გაიმართა აქცია „ხსოვნის სანთელი“, რომელიც „დიდი სამამულო ომის“ დაწყების 81-წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების მონაწილეებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

სხვა ღონისძიებები

  • 8 აპრილს ქ. სოხუმში მრგვალი მაგიდის ფარგლებში თანამედროვე მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში „დიდი სამამულო ომის“ ისტორიის გაყალბებისა და მასთან ბრძოლის საკითხი განიხილეს. ისაუბრეს საინფორმაციო ომის ტექნოლოგიის, ფეიკებთან ბრძოლისა და სხვა მსგავს საკითხებზე. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ისტორიისა და საბჭოთა ლიტერატურის უფრო ინტენსიური სწავლება, საბჭოთა ფილმების ჩვენება და სხვადასხვა საშუალებით ახალგაზრდა თაობაში ისტორიის პოპულარიზაცია.
  • 18 აპრილს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მოადგილე, ტიმურ შაფირი აფხაზ ჟურნალისტებს შეხვდა. მასტერკლასის თემა იყო „ფეიკ ნიუსი, როგორც საინფორმაციო ომის იარაღი: რისთვის იყენებენ მას და როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა“.
  • 22-23 აპრილს გაიმართა რუსული პროექტი „რეალური ჟურნალისტიკის სკოლა“, რომლის  ფარგლებში რუსმა ჟურნალისტებმა 60 აფხაზ მონაწილეს თავიანთი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. პროექტის პარტნიორები იყვნენ „როსსოტრუდნიჩესტვო“, რუსეთის წამყვანი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და საპრეზიდენტო გრანტების ფონდი.

რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში

განათლების სფერო

  • 4-15 აპრილს შინაგან საქმეთა „სამინისტროში“ რუსეთის შს სამინისტროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მსურველთა განცხადებების მიღება მიმდინარეობდა. მსურველებს ოთხი რუსული სასწავლებლიდან ერთ-ერთის არჩევა შეეძლოთ: კრასნოდარის უნივერსიტეტი, ნიჟეგოროდის აკადემია, ვორონეჟის ინსტიტუტი და ვ. ლუკიანოვის სახელობის ორლოვის იურიდიული ინსტიტუტი.
  • 15 აპრილს გიმნაზია „ალბიონში“ მასშტაბური რუსული კონკურსის - „დიდი ცვლილების“ პრეზენტაცია გაიმართა. განიხილეს პროექტის მიზნები, აქტივობები და საპრიზო ფონდი. 500 ფინალისტი ივლისში „არტეკის“ საერთაშორისო საბავშვო ბანაკში გაემგზავრება, 100 გამარჯვებული კი რუსეთის წამყვან უნივერსიტეტებში შეძლებს სწავლის გაგრძელებას.
  • 25 აპრილს ჩრდილოეთ კავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის (СКГМИ) რექტორი და პროფესორ-მასწავლებლები რეგიონის აბიტურიენტებს შეხვდნენ. მათ ინსტიტუტში სწავლის უპირატესობების შესახებ ისაუბრეს. აბიტურიენტებს შვიდ ფაკულტეტზე შეუძლიათ საბუთების შეტანა. განცხადებების მიღება 17 ივლისს დასრულდება.
  • საგარეო საქმეთა „სამინისტროში“ 26 აპრილს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტსა (МГИМО) და დიპლომატიურ აკადემიაში სწავლის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა. ბაკალავრიატის პროგრამებზე ოსი აბიტურიენტებისთვის 4 ადგილია გამოყოფილი, მაგისტრატურის პროგრამებზე კი - 3 ადგილი.
  • 27 აპრილს რუსმა პროფესორმა ალექსანდრ მაზურიცკიმ სკოლის მოსწავლეებისთვის „დიდი სამამულო ომის“ თემატიკაზე ლექციები ჩაატარა. ლექციებს 300-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
  • 11-დან 20 მაისამდე გაგრძელდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია. აბიტურიენტებს 17 უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში შეეძლოთ განცხადებების შეტანა. მისაღები გამოცდები 20 ივნისს დაიწყო - აბიტურიენტებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება და ფსიქოლოგიური ტესტირება; მათ ასევე ჩააბარეს ფიზიკური ნორმატივები, რუსული ენისა და სხვა შიდა გამოცდები.

კულტურის სფერო

  • 26 აპრილს მორიგი კონკურსი - „პლანეტის ბავშვები ხატავენ მშვიდობას“ - დასრულდა. მასში 6-17 წლის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორები იყვნენ „რუსული სამხედრო-ისტორიული საზოგადოება“, „სამხედრო დიდების ქალაქთა კავშირი“, ასევე „Единая Россия“-ს არხანგელსკის რეგიონული განყოფილება. კონკურსის მიზანი მოზარდებში „მშვიდობის მცველ“ წინაპართა შესახებ მეხსიერების შემონახვა იყო.
  • „რუსული სამყაროს“ ფონდის ცენტრმა ცხინვალის რეგიონში რუსული სახვითი ხელოვნების, კერძოდ, პორტრეტის მხატვრობის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარება დაიწყო.
  • კ. ხეთაგუროვის სახელობის  „სახელმწიფო“ თეატრმა ქ. ტამბოვში საზღვარგარეთის თეატრების რიგით IV რუსულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი 16 ივნისს დაიწყო და 22 ივნისს დასრულდა. მასშტაბური პროექტის მიზანი რუსული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და რუსული სამსახიობო კოლექტივების მხარდაჭერა იყო.
  • 28 ივნისს ჟურნალ „რუსული სიტყვის“ მე-20, საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სერგეი სკვორცოვი. ჟურნალი რეგიონში 2013 წლიდან გამოდის. მისი მიზანი რუსული ენის პოპულარიზაცია და უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში მისი სწავლების მეთოდების დახვეწაა.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა

  • რეგიონში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ასოციაციამ (АПРЯЛ ЮО) ქ. მოსკოვში მდებარე სოლჟენიცინის სახელობის რუსული დიასპორის სახლისგან 500-მდე დასახელების წიგნი მიიღო, მათ შორის, რუსული ენის სასწავლო სახელმძღვანელოები, წიგნები გამოჩენილი რუსი მხატვრებისა და კომპოზიტორების, ასევე რუსეთის ისტორიის შესახებ და სხვ.
  • 27 აპრილს ქ. ცხინვალში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული მორიგი კონკურსის - „Подвигу ратному Сталинграда жить в веках“ - გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსი სტალინგრადის ბლოკადას ეძღვნებოდა.
  • 28 აპრილს დონბასის რეგიონის ლტოლვილები, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში „რუსული სამყაროს“ ფონდის ცენტრს ესტუმრნენ. მათ უნივერსიტეტის სამუზეუმო კომპლექსი დაათვალიერეს, შეხვდნენ ფილოსოფიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებსაც, ბოლოს კი სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.
  • 20 ივნისს ცხინვალის რეგიონში „რუსული სამყაროს“ ფონდის ცენტრში XIX საუკუნის კლასიკური რუსული ლიტერატურის მცოდნეთათვის ვიქტორინა ჩატარდა. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დონბასის რეგიონის ლტოლვილები „რუსული სამყაროს“ ფონდის ცენტრში. წყარო: cominf.org

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • 9 მაისს „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ 77-წლისთავი ცხინვალის რეგიონშიც აღნიშნეს. გაიმართა „უკვდავი პოლკის“ აქცია და სამხედრო აღლუმი მე-4 სამხედრო ბაზის ჯარისკაცების მონაწილეობით.
  • 6 ივნისს რუსული ენისა და ა. პუშკინის დაბადების დღის 223-წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსული ენის პედაგოგები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, ასევე მარატ კულახმეტოვი და სერგეი სკვორცოვი. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი „რუსული სამყაროს“ ფონდის ცენტრი იყო.

სხვა ღონისძიებები

  • 26-27 აპრილს „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს VI სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები - 2022“. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს მსოფლიოში არსებული ვითარების სამომავლო პერსპექტივები, კრიზისიდან გამოსვლის გზები, რუსეთის საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა საკითხები.
  • 19 მაისს ცხინვალის რეგიონში პიონერული ორგანიზაციის დაარსების 100-წლისთავი აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში N5 საჯარო სკოლის კიდევ ოცი მოსწავლე გააწევრიანეს.
  • რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხის, „Звезда“-ს ჟურნალისტები 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმს იღებენ. ფილმში ხაზგასმული იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების როლი კონფლიქტის დარეგულირებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას კი რუსეთის მიერ ჩატარებულ „სამშვიდობო“ მისიასა და მის უნიკალურობაზე გაამახვილებენ.
  • დონბასის რეგიონის ლტოლვილებისთვის ჯავის რაიონის „ადმინისტრაციის“ კულტურის განყოფილებამ ექსკურსია მოაწყო. მონაწილეებმა რაიონის რამდენიმე ღირსშესანიშნაობა მოინახულეს, მათ შორის, „მამულის მცველთა“ მემორიალი, შემდეგ კი პატრიოტული სიმღერების კონცერტს დაესწრნენ.
  •  „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის რექტორი ვადიმ თედეევი სამუშაო ვიზიტით ქ. მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ის მოსკოვის სურსათის წარმოების სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა და მასთან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
  • 27 ივნისს ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის „კომიტეტის“ თავმჯდომარემ სერგეი ზასეევმა და სტუდენტური კლუბის „აპოლონის“ ხელმძღვანელმა ოლესია კაჯაევამ ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხები განიხილეს. მათი თქმით, აუცილებელია ისეთი ორგანიზაციის დაარსება, რომელიც „ეროვნულ იდეოლოგიას შეიმუშავებდა“; სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებოდნენ და შეხვდებოდნენ თანატოლებს „მეგობრული ქვეყნებიდან“.

 

რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელიდმიტრი ფედოტოვიცხინვალის რეგიონში კი - სერგეი სკვორცოვი.