ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2022 / 09 / 01

გამოცემა: N44 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 აგვისტო, 2022

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

ახალი სავაჭრო წარმომადგენელი აფხაზეთში

5-წლიანი საქმიანობის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელმა, ვლადიმირ ნეკრასოვმა თანამდებობა დატოვა. 20 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ნეკრასოვის შემცვლელად ზალინა კობესოვა დანიშნა, რომელიც მანამდე რუსეთის მრეწველობის სამინისტროსა და ბელარუსში სამინისტროს წარმომადგელობაში მუშაობდა.

მაქსიმ რეშეტნიკოვის პირველი ვიზიტი აფხაზეთში

11-12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი თავისი პირველი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ძირითადი ნაწილი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო, როგორებიცაა მსხვილი საინვესტიციო პროექტები და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი. რეშეტნიკოვის თქმით, წარმატებით მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის პარალელურად, აფხაზეთის საინვესტიციო პოტენციალი რუსული ბიზნესისთვის მიმზიდველია, შესაბამისად მომავალში დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული ინვესტიციების ზრდას უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით ტურისტულ და ენერგოსექტორებში.

ვინ ააშენეს სოხუმის აეროპორტს?

სოხუმის აეროპორტის აღდგენაში რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას კომპანია - „Базовый элемент“ ჩაერთვება. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რეშეტნიკოვს, აეროპორტის აღდგენის პროექტის შესახებ ინფორმაცია, კომპანიის წარმომადგენელმა, ალექსეი ვასილჩენკომ მიაწოდა. ვასილჩენკოს თქმით, აეროპორტი 10 ათასს კვ/კმ ფართობზე აშენდება და საათში 435 ადამიანის მიღებას შეძლებს. აეროპორტი ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ სამოქალაქო ფრენებისთვის დახურულია.

2023-2025 წლეის პროგრამა

4 აგვისტოს, მოსკოვში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა „შეთანხმებას 2022-2025 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში მხარდაჭერის შესახებ. რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერა მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა, აფხაზური მხარის მხრიდან - დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა. მსგავს შეთანხმებას ხელი მოეწერა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთანაც. პრიორიტეტული დარგები იქნება სოფლის მეურნეობა, გადამუშავების სფერო და ტურიზმი. მხარდაჭერის მიზნით გამოყოფილი იქნება შეღავათიანი კრედიტები, სუბსიდიები, მოხდება აღჭურვილობის შეძენისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

ალა გაგლოევის ვიზიტი მოსკოვში

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრს, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ყაზბეგ ტაისაევს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რუსულ-აფხაზური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოსკოვში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა 2 აგვისტოს, ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის განხორციელების საკითხზე შეხვედრა გამართეს. შეხვედრას აფხაზეთის მხრიდან კრისტინა ოზგანი და დე ფაქტო მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ. რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი და იუსტიციის, ფინანსთა და ენერგეტიკის, შრომის, განათლების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ფედერალური საგადასახადო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მიზნად ისახავს ზემოაღნიშნულ სფეროებში მხარეების მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის სამართლებრივი დაბრკოლებების მოხსნას. აღნიშნული პროგრამა მხარეებმა 2022 წლის 12 ნოემბერს დაამტკიცეს. იგი 2021-2023 წლებში განხორციელებულ აქტივობებს მოიცავს და ვრცელდება მოქალაქეობის, საგადასახადო და საბაჟო რეგულირების საკითხებსა და ინვესტიციების სფეროებზე.

რუსულ-აფხაზური სამუშაო შეხვედრა სოჭში

19 აგვისტოს რუსეთის ქ. სოჭში რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. პარლამენტაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფი კანონშემოქმედებაში, კანონმდებლობის დაახლოებაში, კომუნიკაციის განვითარებასა და გამარტივებაზე მუშაობს. სამუშაო ჯგუფს რუსეთის მხრიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტატინ ზატულინი ესწრებოდა. შეხვედრაზე რუსეთ-აფხაზეთის „საზღვარზე“ გადაადგილების გამარტივების საკითხიც განიხილეს.

„ელჩის“ შეხვედრე

აფხაზეთში რუსეთის ახლადდანიშნული „ელჩი“ მიხაილ შურგალინი აგვისტოში აქტიურად ხვდებოდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს. 10 აგვისტოს იგი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრს, ვლადიმირ ანუას შეხვდა. ამავე დღეს შურგალინი დე ფაქტო საგანგებო ვითარებათა მინისტრს, ლევ კვიცინიას შეხვდა. შურგალინი აფხაზეთში „დიპლომატიურ“ საქმიანობას 31 მაისიდან შეუდგა.

საწვავის კრიზისი

რუსეთის სამხრეთში სარკინიგზო მიმოსვლის გადატვირთვის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ დროულად ვერ მიიღო საწვავის მარაგი, რის გამოც გარკვეული პერიოდი საწვავზე დეფიციტი შეიქმნა. „რუსეთის რკინიგზის ხაზების“ მხარდაჭერის შედეგად, 18 აგვისტოს აფხაზეთში 2000 ტონა ნავთობპროდუქტი შეიტანეს. უახლოეს პერიოდში აფხაზეთში დამატებით 3000 ტონას შეიტანენ.

სამხედრო წვრთნები

რუსეთის ფედერაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

სამხედრო-ტექნიკური ფორუმიარმია-2022“

19-22 აგვისტოს პერიოდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამხედრო-ტექნიკური ფორუმი - „არმია-2022“ ჩატარდა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ე.წ. სამხედრო-პატრიოტულ პარკებში - „პატრიოტ“, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე სომხეთში - რუსეთის სამხედრო ბაზაზე. ღონისძიების სტუმრებს რუსეთის სამხედრო ბაზებზე არსებული სამხედრო ტექნიკა აჩვენეს. „არმია-2022“ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმია, რომელიც უკვე მერვე წელია იმართება.

რუსი ოფიცერი ცხინვალის რეგიონის ახალ „თავდაცვის მინისტრად“ დაინიშნა

ცხინვალის რეგიონის „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა ახალი „თავდაცვის მინისტრად“ რუსი ოფიცერი მარატ პავლოვი დანიშნა. 38 წლის პავლოვი 2001 წლიდან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. იგი საბრძოლო მოქმედებების ვეტერანიც არის და დაჯილდოებულია რუსეთის სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოებით. მანამდე, 12 აგვისტოს, გაგლოევმა თანამდებობიდან მოხსნა ვლადიმირ პუხაევი, რომელიც მისმა წინამორბედმა დანიშნა. თანამდებობების დატოვება მოუწიათ „მინისტრის“ სხვა მოადგილეებსაც, იგორ ალბოროვს და ვიქტორ ფედოროვს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2011 წლიდან იყო და შეთავსებით გენშტაბის უფროსიც იყო. მაისში „პრეზიდენტად“ არჩევის შემდეგ, გაგლოევი ნელ-ნელა ცვლის მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ დანიშნულ კადრებს.

„ერთიაი საფეხურთო ლიგა“

რუსეთის სპორტის სამინისტრო 2023 წლის მარტ-ნოემბერში მეგობრული „რესპუბლიკების“ ერთიანი საფეხბურთო ლიგის პირველი ჩემპიონატის ჩატარებას ყირიმში გეგმავს. ამის შესახებ ყირიმში გამართულ საფეხბურთო ფორუმზე - „თანამეგობრობა“ იმსჯელეს. ორგანიზატორების გეგმით ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ: დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, უკრაინის ოკუპირებული რეგიონები - ხერსონი და ზაპოროჟიე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების გუნდები. ფორუმი 24-25 აგვისტოს ოკუპირებულ ევპატორიაში ჩატარდა.