გამოცემა №17 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 აგვისტო 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები
შეხვედრა სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის საკითხზე
2 აგვისტოს მოსკოვში რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მხარეთა დელეგაციებს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საინვესტიციო, საგადასახადო, საგანმანათლებლო, საბაჟო და ჯანდაცვის სფეროების კოორდინირების საკითხები განიხილეს.
კრისტინა ოზგანისა და მაქსიმ რეშეტნიკოვის შეხვედრა
4 აგვისტოს მოსკოვში დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და „ეკონომიკის მინისტრმა“ კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მხარდამჭერის შესახებ“.
მაქსიმ რეშეტნიკოვის ვიზიტი აფხაზეთში
11-12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ძირითადი ნაწილი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას დაეთმო, როგორებიცაა მსხვილი საინვესტიციო პროექტები, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და თანამშრომლობის ჰუმანიტარული სფერო. რეშეტნიკოვის თქმით წარმატებით მიმდინარე საინვესტიციო პროგრამის პარალელურად, აფხაზეთის საინვესტიციო პოტენციალი რუსული ბიზნესისთვის მიმზიდველია, შესაბამისად მომავალში დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული ინვესტიციების ზრდას უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით ტურისტულ და ენერგო სექტორებში.
ტურიზმის „მინისტრის“ ვიზიტი მოსკოვში
5 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ელენა ლისენკოვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურისტული პოტენციალისა და აღნიშნულ სფეროში რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტივების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
6 აგვისტოს ხიშბამ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში. ხიშბამ “რესპუბლიკაში“ საბანაკე და ავტოტურიზმის სამომავლო განვითარების გეგმებზე ისაუბრა.
„სამთავრობო“ შეხვედრა ეკონომიკის დარგში
10 აგვისტოს დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა ენერგიეტიკისა და სოციო-ეკონომიკური სექტორების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების თაობაზე“ შეთანხმების პროექტი.
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები
კონსტანტინ ჯუსოევისა და მაქსიმ რეშეტნიკოვის შეხვედრა
4 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი კონსტანტინ ჯუსოევი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვს შეხვდა. ცხინვალში შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალსა და მექანიზმებზე იმსჯელეს.
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების „სახელმწიფო“ პროგრამა
4 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის „2022-2025 წლებში ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მხარდამჭერის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმების შედეგად რუსეთი ცხინვალის რეგიონს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებაში დაეხმარება.
საკადრო ცვლილებები ცხინვალში
31 აგვისტოს „ეკონომიკის მინისტრის“ მოადგილის პოსტიდან როინ კოზაევი გაათავისუფლეს, პირველ მოადგილედ კი ეკატერინე ხუბულოვა დაინიშნა. ხუბულოვი საგარეო ეკონომიკური კავშირებისა და საინვესტიციო საქმიანობის დეპარტამენტს გაუწევს კოორდინაციას და 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების პროგრამის მიმართულებითაც იმუშავებს.