ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2022 / 11 / 01

გამოცემა: N46 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2022

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

ასლან ბჟანიას შეხვედრები რუსეთის ელჩთა“ 

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 3 ოქტომბერს აფხაზეთში რუსეთის „ელჩ“ მიხაილ შურგალინს შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სამომავლო ინიციატივებსა და ორმხრივ თანამშრომლობთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ელჩთან კიდევ ერთი შეხვედრა 14 ოქტომბერს გაიმართა. ამჯერად შეხვედრაში მონაწილეობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხვა წარმომადგენლებმაც მიიღეს, მათ შორის: რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა - ივან გრებენკინმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა - ანდრეი კუდიმოვმა.

ასლან ბჟანიას შეხვედრა „რუსეთის“ ელჩთან. წყარო: presidentofabkhazia.org

ასლან ბჟანია რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ასლან ბჟანია 5 ოქტომბერს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილეს, გენერალ-პოლკოვნიკ ილია დენისოვს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთისა და აფხაზეთის სამაშველო უწყებათა კოორდინირებული ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს და აღნიშნულ სფეროში „საზღვრისპირა“  რეგიონებში  თანამშრომლობის მნიშვნელობაზე  ისაუბრეს.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში

აფხაზეთის ახლადდაკომპლექტებული „მე-7 მოწვევის“ დე ფაქტო პარლამენტის დელეგაცია, რომელიც რუსეთში 2-6 ოქტომბერს იმყოფებოდა, სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბას ხელმძღვანელობით, მოსკოვში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. აშუბამ რუსულ მხარეს რუსეთის სახელმწიფო დუმასთან თანამშრომლობის კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ გააცნო ინფორმაცია და კომისიის ახალი ხელმძღვანელი ასტამურ არშბა წარუდგინა.

სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში საპარლამენტო თანამშრომლობასთან ერთად შეხვედრაზე აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წლიდან მოქმედი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების განხორციელების საკითხიც განიხილეს. განსახილველ საკითხს შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი - აფხაზეთის აღმოსავლეთ „საზღვრის“ საინჟინრო-ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესების საკითხიც წარმოადგენდა.

ლაშა აშუბას შეხვედრა ვიაჩესლავ ვოლოდინთან. წყარო: parlamentra.org

ვიზიტის ფარგლებში აფხაზი „დეპუტატები“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერ კონსტანტინ კოსაჩევსა და სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინსაც შეხვდნენ.

მოსკოვში ვიზიტი რიგით პირველი იყო „მე-7 მოწვევის“ დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციისთვის.

შეხვედრა რუსეთის ეკონომიკური გავითარეის სამინისტროს წარმომადგენლებთან

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. რუსულ დელეგაციას წარმოადგენდნენ სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი, მისი მოადგილე - ანტონ მელნიკი და ეკონომიკის მინისტრის თანაშემწე - მიხეილ მუხორტოვი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთის „ელჩი“ მიხაილ შურგალინი და „საელჩოს“ მრჩეველი - მაქსიმ ლიტვინოვი. გუდინი და მელნიკოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის დაფინანსებით სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებას კურირებენ.

შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან, აფხაზური „კანონმდებლობის“ რუსულთან ჰარმონიზაციისა და ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრა სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანთან

5 ოქტომბერს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანი დიმიტრი მეზენცევი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შეხვდა. შეხვედრაზე „მხარეებმა“ აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა აფხაზური „მხარის“ ინტერესი „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ მიმართ, როგორც საერთაშორისო ინტეგრაციის პლატფორმისადმი. გარდა ამისა, შეხვედრაზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვიზიტიც განიხილეს, რომელიც სექტემბერში შედგა და არაოფიციალური ხასიათის იყო.

სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობა

რუსულ-აფხაზურმა მხარეებმა, მოსკოვში, სტატისტიკის სფეროში 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. აფხაზეთის „სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის“ დე ფაქტო თავმჯდომარე კამა გოგიამ და რუსეთის სახელმწიფო ფედერალური სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი გალკინმა მოლაპარაკებების საფუძველზე თანამშრომლობის საკვანძო საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ალან გაგლოევი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებს შეხვდა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოვი რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონის შეიარაღებული ძალების მართვის გაუმჯობესების პერსპექტივები განიხილა. მისი თქმით, გეოპოლიტიკური ვითარებიდან და დე ფაქტო რესპუბლიკის ინტერესებიდან გამომდინარე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება დროული და აუცილებელია. თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზაობა რუსულმა მხარემაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონის სტაბილურობით არის დაინტერესებული და მათი მხრივ მზად არიან შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით წვლილი შეიტანონ რეგიონში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაში.

რუსეთის „რილი ძალა“

შეხვედრა რუსეთის მწიგნობართა კავშირის პრეზიდენტთან

ასლან ბჟანია რუსეთის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, რუსეთის მწიგნობართა კავშირის ამჟამინდელ პრეზიდენტს - სერგეი სტეპაშინს შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს „მხარეთა“ შორის არსებული ჰუმანიტარული ურთიერთთანამშრომლობა და ამ ურთიერთობის განვითარების გზები.

წიგნის პრეზენტაცია - „პუტინის გზა“

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო“ დრამატულ თეატრში გაიმართა რაფაელ გუსეინოვის წიგნის - „პუტინის გზა“ პრეზენტაცია. წიგნი დაფუძნებულია 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით ჩაწერილ 10 დიდ ინტერვიუზე. „სახელმწიფო“ თეატრში წარდგენამდე, წიგნის პრეზენტაცია ჩატარდა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. სოხუმში საზოგადოებას წიგნი წარუდგინა სერგეი სტეპაშინმა.

წიგნის პრეზენტაცია.წყარო: presidentofabkhazia.org