გამოცემა №20 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ნოემბერი, 2022 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები
ენერგოკრიზისი
2022 წლის 1 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ეს გამოიწვია მაღალი ძაბვის ხაზზე, „აჩგუარა-220”-ზე (ქართ. აჩიგვარა) მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა. რუსეთმა ვერ მოახერხა შეთანხმების შესრულება, საკუთარი ელექტროენერგიის გადანაწილება „აჩიგვარას“ ხაზის რეკონსტრუქციამდე და ოკუპირებულ აფხაზეთს ნაადრევად შეუწყვიტა ელექტრომომარაგება.
შემდგომში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრა, ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკამ და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ოკუპირებული აფხაზეთი ისარგებლებდა რუსული ელექტროენერგიით, რომელიც მოსახლეობას კვლავ განრიგით მიეწოდებოდა. ოზგანის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან მიიღებს 280 მლნ კილოვატ-საათის ოდენობის ელექტროენერგიას, თუმცა წლის ბოლომდე აფხაზეთს ესაჭიროება 340 მლნ კილოვატ-საათი.
შექმნილი კრიზისის პირობებში დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა გაახანგრძლივა დადგენილების ხანგრძლივობა, რომლის თანახმადაც, აკრძალულია ელექტროენერგიის გამოყენება კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის და ასევე აკრძალულია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი საქონლის შემოტანა, რომელიც ხელს უწყობს კრიპტოვალუტის გამომუშავებას. აღნიშნული დადგენილება გახანგრძლივდა 2023 წლის 31 დეკემბრამდე.
რუსეთი აფხაზეთს 22 მლრდ რუბლით დაეხმარება
2022 წლის 10 ნოემბერს რუსეთის მთავრობამ 2022-2025 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მხარდაჭერის შესახებ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის შეთანხმების რატიფიკაციას მხარი დაუჭირა. მთავრობას შეთანხმების რატიფიკაციის ფედერალური კანონი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა წარუდგინა.
ჯამში, 3-წლიანი პროგრამა მოიცავს 22 მლრდ რუბლზე მეტს (დაახლ. 365 მლნ აშშ დოლარი). 15.4 მლრდ რუბლი (დაახლ. 255 მლნ აშშ დოლარი) გამოიყოფა რუსეთის ბიუჯეტიდან, 6.7 მლრდ რუბლი კი (დაახლ. 111 მლნ აშშ დოლარი) - სარეზერვო ფონდიდან.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებული იყო ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2020-2022 წლებში მხარდაჭერისათვის, ჯამში გამოიყო 9 მლრდ რუსული რუბლი (დაახლ. 150 მლნ აშშ დოლარი), რაც, მომავალ ინვესტიციასთან შედარებით, საკმაოდ მცირეა.
აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრისა და ზალინა კობესოვას შეხვედრა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბესლან ჯოპუა შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ზალინა კობესოვას. შეხვედრაზე განიხილეს „ქვეყნებს“ შორის მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესები და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა საქონელბრუნვა. ჯოპუამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ციტრუსისა და თაფლის ექსპორტზე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ბაზარზე.
აგროპროდუქტების ექსპორტი
რუსეთის საბაჟო კომიტეტის 23 ნოემბრის მონაცემებით, ციტრუსის სეზონის დაწყებიდან რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთიდან ექსპორტზე გაიტანეს 3.2 ტ მანდარინი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 3.6 ტონა.
კლების ტენდენციაა ხურმისა და ფეიხოას შემთხვევაშიც. 2021 წელს ექსპორტზე გავიდა 698 ტ ხურმა, 2022 წელს კი ეს რიცხვი მხოლოდ 77 ტონას უდრის, ფეიხოა 2021 წელს - 1,6 ტ, 2022-ში კი - 737 ტ.
შეხვედრა რუსეთის სატრანსპორტო სფეროს კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელთან
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრი, ქრისტინა ოზგანი შეხვდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით მყოფ ვიქტორ ბასარგინს, რუსეთის სატრანსპორტო სფეროს კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს. „მხარეებმა“ განიხილეს აფხაზურ-რუსული ურთიერთთანამშრომლობა სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში.
2008-2012 წლებში ბასარგინი იყო რუსეთის რეგიონული განვითარების მინისტრი, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსეთის მიერ დაფინანსებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის შექმნასა და რეალიზაციას.
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები
ვიზიტი ეკონომიკურ ფორუმზე
„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში ფინანსთა უნივერსიტეტის მე-7 საერთაშორისო ფორუმში - „ ეკონომიკური ბრძოლები წესების გარეშე: გამარჯვების რეცეპტები“.
დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე პროექტების მიმდინარეობა განიხილეს
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ჯუსოევმა 24 ნოემბერს შეხვედრა გამართა დე ფაქტო მთავრობის წევრებთან. შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლებისათვის განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა. მან აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა პროგრამა დასრულებულად ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია სამუშაო ტემპების გაზრდა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად გაფორმება.
„მთავრობის“ თავმჯდომარისა და ეკონომიკის „მინისტრის“ ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე, კონსტანტინე ჯუსოევი და მისი მოადგილე, დე ფაქტო ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ძამბოლატ ტადტაევი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით იღებენ მონაწილეობას სანქტ-პეტერბურგში გამართულ ფორუმში - „რუსი მრეწველი“.