გამოცემა: N3 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2022
მიმოხილვა მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
ვიაჩესლავ ვოლოდინი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
2022 წლის დეკემბერში რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობდა. იგი სახელმწიფო დუმის პირველი თავმჯდომარეა, რომელიც აფხაზეთს ესტუმრა. 1 დეკემბერს ვოლოდინი შეხვდა, როგორც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, ასევე დე ფაქტო პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას. ვოლოდინმა და აშუბამ „საპარლამენტო თანამშრომლობის“ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. 15 დეკემბერს ვოლოდინმა მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან ალბაროვსაც უმასპინძლა.
ალან ალბოროვის შეხვედრა ვიაჩესლავ ვოლოდინთან
ვოლოდინი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეებს 19 დეკემბერსაც შეხვდა, როდესაც სახელმწიფო დუმაში ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს 63-ე საპარლამენტო სხდომა გაიმართა. ვოლოდინის მსგავსი აქტიურობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ინტეგრაციულ პროექტებში ჩართვის ტემპების გაძლიერებით არის ნაკარნახევი.
ბელარუსთან კავშირები
ბოლო პერიოდში გახშირდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლების მონაწილეობა სამოკავშირეო სახელმწიფოს ღონისძიებებში, სადაც სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს ბელარუსის ოფიციალურ წარმომადგენლებთანაც აქვთ შეხვედრები. მსგავსი ტენდენცია 28 სექტემბერს აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სტუმრობის შემდეგ განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა.
ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ დეკემბერში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვის გარდა მინსკშიც იმყოფებოდა. 2-6 დეკემბერს კი, მინსკში კარიერულ სკოლაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის 6 - აფხაზეთიდან.
2023 წლის ბიუჯეტი და რუსეთის როლი
დეკემბერში საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა 2023 წლის ე.წ. ბიუჯეტი მიიღო, რომელიც კვლავ რუსულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე მოსკოვის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელია დე ფაქტო მთავრობებმა სოციალურ-ეკონომიკური ვალდებულებები შეასრულონ.
2023 წელს აფხაზურ „ბიუჯეტში“ შემოსავლების ნაწილი 12.5 მლრდ რუბლით განისაზღვრა, ხარჯვითი - 14.2 მლრდ რუბლით. აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის რუსეთი 3.7 ლრდ რუბლს გამოჰყოფს, საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელებისთვის - 1.2 მლრდ რუბლს.
ცხინვალის რეგიონის ე.წ. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 8.8 მლრდ რუბლი, ხარჯვითი - 8.9 მლრდ რუბლი იქნება. ამ შემთხვევაში „ბიუჯეტი“ პრაქტიკულად რუსეთის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. რუსეთის ფინანსური დახმარება საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელებისთვის 1.2 მლრდ რუბლი იქნება, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის კი რუსეთი 5.9 მლრდ რუბლს გამოჰყოფს.
რუსული პასპორტები და ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვა
2022 წლის 8 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ტერიტორიაზე არ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს. რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტები აღარ გამოდგება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონაში საზღვრებზე გადაადგილებისთვის. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება აუცილებლად იმოქმედებს აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ცხინვალის რეაგირება
16 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა ოფიციალურად განაცხადა 2008 წელს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესწავლისა და საქმის გამოძიების დასრულების შესახებ. სასამართლომ ძალაში დატოვა ამავე საქმესთან დაკავშირებით, 2022 წლის მარტში გაცემული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერები, რომელთაც ბრალი დაუმტკიცდათ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.
დე ფაქტო ხელისუფლებამ მიუღებლად გამოაცხადა სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერები და სასამართლო აბსოლუტურად მიკერძოებულ პლატფორმად შერაცხა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულ პირებს კავშირი არ აქვთ წარდგენილ დანაშაულებთან და მეტიც, სწორედ ისინი უზრუნველყოფდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ქართველი სამხედროებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას და შემდგომში ქართული მხარისთვის გადაცემას. (ამ საკითხზე დეტალურად იხ.)
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერების კურატორებთან შეხვედრა
დეკემბერში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერები მოსკოვში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორებს შეხვდნენ, მათ შორის დიმიტრი კოზაკს, რომელიც ამ მიმართულებით რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე გავლენიანი ფიგურაა:
ალან გაგლოევის შეხვედრა დიმიტრი კოზაკთან
მეარაყიშვილის საქმე
დეკემბერში შეწყდა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ცხინვალის ე.წ. საქალაქო პროკურატურამ დახურა საქმე, რომელიც 2017 წლის 16 აგვისტოს აღიძრა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. მას მმართველ პოლიტიკურ ძალაზე - „ერთიან ოსეთზე“ ცილისწამებას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას ედავებოდნენ. მეარაყიშვილი დე ფაქტო ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსია და მისი „სამართლებრივი“ დევნაც მის დაშინებას და გაჩუმებას ისახავდა მიზნად.
ვინ ამზადებს ტერორისტულ აქტს აფხაზეთში?
დეკემბერში აფხაზეთში ხმები გავრცელდა, რომ ქართული მხარის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი იგეგმებოდა. ამ საკითხზე ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევაც კი დაიწყო. ამავე დროს, 9 დეკემბერს, ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მრჩეველის, ალექსანდრ აჩბას დაკავების შესახებ განაცხადა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას ედავებიან. ზოგიერთი ინფორმაციით, აჩბას დაკავება შეიძლება ტერორისტული აქტის მომზადებასთან იყოს დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არარეგისტრირებული იარაღი მოსახლეობის უმრავლესობას აქვს და მსგავსი დაკავება მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლით შეიძლება აიხსნას. დე ფაქტო რესპუბლიკის მაცხოვრებლები ტერაქტის მზადების შესახებ გავრცელებულ ხმებსაც შიდა პოლიტიკას უკავშირებენ, რომლის მიზანიც შეიძლება იყოს, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სხვა მტკივნეული საკითხებიდან (მაგ. „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთისთვის გადაცემის საკითხი) ყურადღების გადატანა.
ბრძოლა „ჯაშუშებთან“
7 დეკემბერს აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატორამ საქართველოს მოქალაქის კრისტინა ტაკალანძეს საქმეზე „სასამართლოს“ საბრალდებო დასკვნა გაუგზავნა. ტაკალანძეს „ჯაშუშობას“ ედავებიან. კერძოდ „პროკურატორის“ ცნობით, იგი 2022 წლის 20 ივლისს გალში, ე.წ. საკონტროლო-გაშვებ პუნქტ „ენგურის“ სიახლოვეს, „ჯაშუშურ“ საქმიანობას აწარმოებდა.
26 დეკემბერს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 28 წლის დაურ ბუავას შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქე გახდა და „აფხაზური სახელმწიფოს ღალატში“ ედება ბრალი, ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მას ფსიქიკური აშლილობა აქვს და იმპულსურია. გარდა ამისა, „სამსახურის“ ცნობით, ბუავა რუსეთის იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში საპატიმროშიც იმყოფებოდა.
ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში
დეკემბერში, ხანგრძლივი პერიოდით, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა. თუმცა, მისი ვიზიტის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ბჟანიას წარმომადგენელმა განაცხადა, ბჟანია 26 დეკემბერს რუსეთში მოღვაწე აფხაზ ბიზნესმენებს შეხვდა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბჟანია რუსეთში დიდი ხნით მიემგზავრება, თუმცა მისი შეხვედრების შესახებ პრაქტიკულად არ ვრცელდება ინფორმაცია, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბჟანიას მოსკოვური მოგზაურობების შესახებ სხვადასხვა სახის არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს.
ასლან ბჟანიას შეხვედრა აფხაზ ბიზნესმენებთან
აფხაზ-აბაზინთა მსოფლიო კონგრესი
8 დეკემბერს სოხუმში აფხაზ-აბაზინთა მსოფლიო კონგრესის VIII ყრილობა ჩატარდა, სადაც 2018-2022 წლებში ორგანიზაციის საქმიანობა შეაჯამეს. კონგრესს წელს 30 წელი შეუსრულდა და მისი მთავარი მიზანი მსოფლიო მასშტაბით აფხაზებისა და აბაზინების გაერთიანებაა. ხუთი წლის განმავლობაში შეიქმნა კონგრესის რეგიონული სტრუქტურის საფუძველი, მათ შორის აჭარაშიც, სადაც ეთნიკური აფხაზები ცხოვრობენ. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში კონგრესის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კვლავ მუსა ეკზეკოვი იქნება.
მზადება 30 წლის იუბილის აღსანიშნავად
21 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუნბას ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა ჩატარდა. კომისიამ 2023 წელს 1992-1993 წლებში „აფხაზი ხალხის სამამულო ომში“ (ასე მოიხსენიებენ ოკუპირებულ აფხაზეთში 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს) გამარჯვების დღის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მომზადების შესახებ იმსჯელა. ამავე დროს 2023 წელს რუსეთის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავსაც აღნიშნავენ. კომისიის წევრების შეფასებით, საიუბილეო თარიღები მასშტაბურად უნდა აღინიშნოს.