ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2023 / 02 / 01

გამოცემა: N49 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2023

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

სერგეი ლავროვის განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ  პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოზე, მის პოზიციაზე რუსეთისადმი სანქციების დაწესების საკითხზე და, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ლავროვის განცხადებით, რუსეთი „მხარს უჭერს, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მოაგვარონ ურთიერთობა საქართველოსთან“. მისი თქმით, დიალოგის წარსამართად არსებობს მექანიზმები, რომელშიც რუსეთიც იღებს მონაწილეობას.

კონსტანტინე ჯუსოევის ვიზიტი მოსკოვში

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინე ჯუსოევი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ჯუსოევი უკვე შეხვდა „ვითიბი ბანკის“ ხელმძღვანელებს და შეხვედრის ფარგლებში განიხილა რუსეთის მიერ დაფინანსებული 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ბანკისა და დე ფაქტო მთავრობის პარტნიორობის საკითხი. გარდა ამისა, ჯუსოევი შეხვდა სახელმწიფო განვითარების კორპორაციის „ВЭБ.РФ“ ხელმძღვანელებს და ამ შეხვედრაზეც ძირითად განიხილებოდა საინვესტიციო პროგრამა და მის ფარგლებში მომავალი ურთიერთთანამშრომლობა. 31 იანვარს ჯუსოევი რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ დმიტრი პატრუშევსაც შეხვდა

ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი მოსკოვში

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრი, აგუნდა პლიევა მოსკოვში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს შეხვდა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე პროექტის - „ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაცია 2019-2022 წლებში“ განხორციელების საკითხი განიხილეს.

ჯანდაცვის „მინისტრების“ შეხვედრა

დე ფაქტო პარლამენტში „საზღვრის“ გადალახვის საკითხი განიხილეს

რუსეთსა და აფხაზეთს შორის დამაკავშირებელი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საკითხი განიხილება ყველა დონეზე, რომლის მიზანია ტურისტების გადაადგილებისა და ტვირთის გადაზიდვის დროს პროცედურების გამარტივება. ამჯერად აღნიშნული საკითხი დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ აფხაზეთში რუსეთის „ელჩ“ მიხაილ შურგალინთან შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, თამილა მირცხულავა აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელსზალინა კობესოვას შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მირცხულავას განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობას სურს ხელი შეუწყოს რუსულ საექსპორტო პროდუქციას, რათა აფხაზეთის ბაზარზე გაჩნდეს უფრო მეტი რუსული სერვისი და პროდუქცია.

შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში

რუსეთის „რბილი ძალა“

„რუსული სახლის“ საჩუქარი

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურმა სააგენტომ („რუსული სახლი“) „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ 7000-მდე სახელმძღვანელო გადასცა. ცხინვალის რეგიონში „რუსული სახლის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სერგეი სკვორცოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო პროგრამის - „განათლების განვითარება“ ფარგლებში გადაცემული სახელმძღვანელოები ცხინვალის რეგიონში რუსული ენის პოპულარიცაზიას შეუწყობს ხელს.

კვოტები აფხაზი აბიტურიენტებისთვის

აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დმიტრი ფედოტოვის განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის 110 ადგილია გამოყოფილი.