ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2023 / 02 / 02

გამოცემა: №22 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

მრგვალი მაგიდა მეწარმეებს შორის თანამშრომლობის შესახებ

2023 წლის 31 იანვარს სოხუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა: „ეკონომიკური თანამშრომლობა. რუსეთის თანამემამულეები და რეგიონები“. შეხვედრაზე განიხილეს დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.

მრგვალი მაგიდა: „ეკონომიკური თანამშრომლობა. რუსეთის თანამემამულეები და რეგიონები“. წყარო: sputnik-abkhazia.ru

შეხვედრა რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელთან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი შეხვდა აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელს, კონსტანინე კოზლოვს. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე აღინიშნა ე.წ. საზღვარზე საბაჟო პუნქტების მნიშვნელობა დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის.  

ღვინის ექსპორტი რუსეთში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმსხვილესმა ღვინის მწარმოებელმა და ექსპორტიორმა კომპანიამ „Вина и Воды Абхазии“ 2022 წელს რუსეთში ექსპორტი 25%-ით შეამცირა, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზება კი 50%-ით მეტი შეძლო, ვიდრე ეს 2021 წელს იყო. კომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკოლაი აჩბას განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საწარმოსთვის გართულდა რუსეთში ღვინის ექსპორტი და ლოგისტიკური საკითხების მოგვარება. მისი თქმით, 3 თვის განმავლობაში საწარმო არ მუშაობდა, კომპანიამ დე ფაქტო რესპუბლიკაში 1 მლნ 900 ათასი ბოთლი ღვინის გაყიდვა შეძლო, თუმცა 2022 წელი მაინც რთული აღმოჩნდა. აჩბას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის 10% უხვმა ნალექმა გაანადგურა, იგი 2022 წლის მოსავლით არ არის უკმაყოფილო.

ოკუპირებულ აფხაზეთში ყოველწლიურად იზრდება ღვინის პლანტაციების ფართობი. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ფართობი გაიზარდა 250 ჰექტარით, მოსავლის აღება კი 1000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობიდან გახდა შესაძლებელი.

ციტრუსების ექსპორტი რუსეთში

ოკუპირებული აფხაზეთიდან გრძელდება აგროპროდუქტების ექსპორტი რუსეთში. დღევანდელი მონაცემებით, ექსპორტზე გატანილია 35 ათასი ტონა მანდარინი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 19 ათას ტონას უდრიდა.

მანდარინის გარდა, ექსპორტზე გავიდა 200 ტონა ფორთოხალი და 500 ტონა ლიმონი. ჯამში, სეზონის დაწყების შემდგომ (2022 წლის ოქტომბრიდან) რუსეთში აფხაზეთიდან გავიდა 37 ათასი ტონა ციტრუსი. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება თებერვლის ბოლომდე.

შედარებისთვის, 2021-2022 წლებში (ოქტომბერი-თებერვალი) ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში ექსპორტზე 22 ათასი ტონა მანდარინი გავიდა.

ლოკომოტივები „აფხაზური რკინიგზისთვის“

„აფხაზეთის რკინიგზამ“ ორი  ლოკომოტივი შეიძინა. ოკუპირებული აფხაზეთისთვის ეს პირველი შენაძენია 1992-93 წლების ომის შემდგომ. შენაძენმა ხელი უნდა შეუწყოს რკინიგზაზე გამავალი ტვირთის მოცულობის ზრდას.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

კონსტანტინე ჯუსოევის ვიზიტი მოსკოვში

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინე ჯუსოევი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.

ჯუსოევი შეხვდა „ვითიბი ბანკის“ ხელმძღვანელებს. შეხვედრაზე რუსეთის მიერ დაფინანსებული 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ბანკისა და დე ფაქტო მთავრობის პარტნიორობის საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, ჯუსოევი შეხვდა სახელმწიფო განვითარების კორპორაციის „ВЭБ.РФ“ ხელმძღვანელებს.

ჯუსოევი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დმიტრი პატრუშევს. ჯუსოევმა დე ფაქტო რესპუბლიკისთვის რუსეთის მიერ დაფინანსებული 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაში დაეხმარება.

პატრუშევის თქმით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ორჯერ გაიზარდა საქონელბრუნვა, გაიზარდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან . წყარო: rsogov.org

საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა

ცხინვალში რუსეთის დაფინანსებული 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ორი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. კიდევ ორი კორპუსის მშენებლობის დასრულებას 2023 წელს ვარაუდობენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის მშენებლობის, არქიტექტურისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის, ედუარდ ძაგოევის განცხადებით, 2020-2022 წლებში დაგეგმილი 5 ობიექტის აღდგენა/მშენებლობა 2023 წელს განხორციელდება. მისი თქმით, 2022 წლისთვის გათვალისწინებული მშენებლობის დასრულება ნახევარ წელიწადში მოხერხდა.

2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის აქტიური სამუშაო ფაზა მარტში ან აპრილში დაიწყება.

მეღვინეობა ცხინვალის რეგიონში და ექსპორტი რუსეთში

დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის, მურატ ცხოვრებოვის განცხადებით, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 2.5-ჯერ, ხოლო კონიაკის - 3.5-ჯერ. 

კერძოდ, 2022 წელს ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთში ექსპორტზე გავიდა 2.9 მლნ ლიტრ ღვინოზე მეტი, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 1.2 მლნ ლიტრს უდრიდა, ხოლო კოანიაკი 1 მლნ ლიტრზე მეტი, როდესაც 2021 წელს ექსპორტის ოდენობა 297 ათას ლიტრს უდრიდა.

ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში ღვინის მთავარი ექსპორტიორია „ღვინის ქარხანა ირონსანი“. ეს ერთადერთი საწარმოა, რომელიც აწარმოებს ღვინოსა და კონიაკს. ქარხანა რუსი ინვესტორების მხარდაჭერით საკონსერვო ქარხნის ბაზაზე 2018 წელს გაიხსნა, 2019 წლის თებერვალში კი რუსეთში სასმლის პირველი პარტია გაიგზავნა 14 ათასი ბოთლის ოდენობით.

ღვინის ქარხანა აწარმოებს სხვადასხვა ღვინოებს, მათ შორის: „შირაზი“, „კაბერნე“, „მერლო“, „სოვინიონი“, „საფერავი“, „ლომიაური“ და „მწვანე“. კონიაკის შემთხვევაში კი, ექსპორტზე გადის 3-დან 12 წლამდე დაძველების სასმელი.