გამოცემა: N18 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 იანვარი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი
„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
მნიშვნელოვანი შეხვედრები
IPRM-ის შეხვედრა სოფ. ერგნეთში
2023 წლის 17 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 110-ე შეხვედრა გაიმართა, რასაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ტიბორ კოზმა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი ვიორელ მოშანუ თანათავმჯდომარეობდნენ.
შეხვედრა ერგნეთში. წყარო: eumm.eu
შეხვედრაზე ქართული მხრიდან ორი საკვანძო საკითხი გაჟღერდა: „ბორდერიზაციის“ მზარდი დინამიკა და უკანონო დაკავებების ფაქტების გახშირებული ტენდენცია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ტრადიციულად ჩორჩანა-წნელისის საგუშაგოს დემონტაჟი მოითხოვა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა ასევე გამოხატა უკმაყოფილება „სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში საქართველოს მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატების შეჭრის ფაქტებთან“ დაკავშირებით.
შეხვედრის შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ აქ.
დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები
საქართველოს მოქალაქის დაკავება სოფ. პერევში
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევში, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე სოსო დვალიშვილი უკანონოდ დააკავეს. დაკავების ფაქტი 16 იანვარს, IPRM-ის შეხვედის წინა დღეს მოხდა.
საქართველოს ორი მოქალაქის დაკავება სოფ. კოშკასთან
გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კოშკასთან მდებარე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ 3 იანვარს დააკავეს. დაკავებული მოქალაქეების ვინაობა და დაკავების გარემოებები მედიისთვის ამ დრომდე უცნობია.
„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა
„ბორდერიზაცია“ სოფ. დვანთან
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დვანისა და ოკუპირებული სოფ. მუგუთის მიჯნაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალი მავთულხლართი დაამონტაჟეს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იანვრის ბოლოს გახდა. სოფ. მუგუთის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი ბარიერის მიზანია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქონლის გადასვლის პრევენცია.
მნიშვნელოვანი ვიზიტები
ავსტრიის დელეგაციის ვიზიტი სოფ. ოძისში
30 იანვარს ავსტრიის დელეგაცია, ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის ხელმძღვანელობით დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისში ჩავიდა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ტიბორ კოზმასთან ერთად ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი მოინახულა. კოზმამ დელეგაციას ადგილზე მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ.
ავსტრიის კანცლერის ვიზიტი. წყარო: eumm.eu
მოლდოვის ვიცე-პრემიერის ვიზიტი ოძისში
მოლდოვის ვიცე-პრემიერმა რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანმა ოძისის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 31 იანვარს მოინახულა. მას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უმასპინძლა და დეტალურად გააცნო ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების, ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების, ასევე ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევების თაობაზე.
მოლდოვის ვიცე-პრემიერის ვიზიტი. წყარო: smr.gov.ge