ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა

2023 / 04 / 01

გამოცემა: N9 / მიმოხილვის პერიოდი: იანვარი-მარტი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში

განათლების სფერო

  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა შეხვდა სტუდენტებს, რომლებმაც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ცენტრის - „აფხაზეთის მომავალი“ მხარდაჭერით ჩააბარეს. აღნიშნული ცენტრი დაარსებულია არძინბას მიერ, მდებარეობს მოსკოვში და ფუნქციონირებს 2022 წლის თებერვლიდან, ხოლო ამავე წლის ნოემბრიდან „აფხაზეთის მომავალი“ თანამშრომლობს პლატფორმასთან - „რუსეთი - შესაძლებლობის ქვეყანა“. თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდები რუსეთის სხვადასხვა დაწესებულებებში სტაჟირებას გადიან.
  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო ედგარ გვაზავას, ინალ არძინბას მრჩევლის საავტორო პროექტი - „მულტიპოლარულობა“. ედგარის განცხადებით, ეს პროექტი დაეხმარება აფხაზურ საზოგადოებას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლექციათა ციკლი მსოფლიო პოლიტიკის შესახებ. პროექტის სტუმრები უკვე იყვნენ: ევგენი პრიმაკოვი, ბორის ჩერნიშოვი და მარია ზახაროვა.
  • სოხუმში მდებარე ცენტრმა - „მოსკოვის სახლი“ „აფხაზეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას“ მხატვრული ლიტერატურის 200 წიგნი საჩუქრად გადასცა.
  • დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ და დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურმა სააგენტომ, (შემდგომში - „რუსული სახლი“) მოსკოვსა და სოხუმს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პროექტის ფარგლებში, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამოქალაქო ავიაციის პროფესიის შესასწავლად აფხაზი ახალგაზრდებისთვის 32 ადგილი განსაზღვრა.
  • „რუსული სახლის“ ხელმძღვანელის, დმიტრი ფედოტოვის განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის 110 ადგილი გამოიყო. გარდა ამისა, 14 ადგილი გამოყოფილია მე-9 კლასელებისთვის, ვისაც სურს რუსეთის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება.

კულტურის სფერო

  • „მოსკოვის სახლმა“ ვლადიმერ ვისოცკის 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად სოხუმში ღონისძიება ჩაატარა. აღნიშნული საღამო მოსკოვის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ვისოცკის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ.

ვლადიმერ ვისოცკის საღამო. წყარო: apsadgil.info

  • „რუსულმა სახლმა“ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ თანამემამულეების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „სტალინგრადის ბრძოლის“ გამარჯვებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ბრძოლის მონაწილეს, 101 წლის ვალენტინა შულგინას, მისალოცი წერილი გაუგზავნა.

ვლადიმერ პუტინის წერილი ვეტერანს. წყარო: apsadgil.info

სხვა ღონისძიებები

  • „რუსულ სახლში“ ჩატარდა მრგვალი მაგიდა - „რუსეთის არქივების როლი აფხაზეთის რესპუბლიკის მემკვიდრეობის დოკუმენტურ რეკონსტრუქციაში“. აფხაზი ექსპერტების გარდა, შეხვედრას რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ლექტორები და დმიტრი ფედოტოვი დაესწრნენ.

რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში

განათლების სფერო

  • ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „რუსული სახლის“ წარმომადგენლობამ დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საბიბლიოთეკო ფონდს 20 ათასი სახელმძღვანელო გადასცა. ცხინვალში „რუსული სახლის“ ხელმძღვანელის, სერგეი სკვორცოვის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება რუსეთის სახელმწიფო პროგრამის - „განათლების განვითარება“ მორიგი ეტაპია. ამავე პროგრამის ფარგლებში „რუსულმა სახლმა“ დე ფაქტო კულტურის სამინისტროს გადასცა 4 000 წიგნი, „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ - 7 000.

„რუსული სახლის“ საჩუქარი. წყარო: cominf.org

  • „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და რუსეთის სახელმწიფო ხელოვნების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელების ონლაინ-შეხვედრის შედეგად, უნივერსიტეტი ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებზე უფასო წვდომას მიიღებს.
  • „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს მოსკოვში გამართულ სრულიად რუსეთის სამეცნიერო კონფერენციში - „ადამიანი და საზოგადოება თანამედროვეობის კონტექსტში“.
  • საგანმანათლებლო პროექტის „SputnikPro“ ფარგლებში, ოსური მედიის წარმომადგენლებს ლექცია წაუკითხა მედიაჯგუფის - „Russia Today“ კონტენტის პოპულარიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, პოლინა გოლუბევამ.
  • „რუსული სახლის“ წარმომადგენლის, ალლა მანდრაჟის განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან 40-მა მსურველმა შეავსო განცხადება. 2023-2024 სასწავლო წლისათვის დე ფაქტო რესპუბლიკისთვის კვოტით გამოყოფილია 22 ადგილი.
  • „რუსული სახლის“ მიერ ორგანიზებული „კომპიუტერული კურსის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

კულტურის სფერო

  • „რუსული სახლის“ მხარდაჭერით, 10 თებერვალს, ალექსანდრე პუშკინის დაღუპვის დღეს, ცხინვალის „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა, მასწავლებლებმა და დე ფაქტო უწყებების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს პოეტის ხსოვნას. მსგავსი შეხვედრა გაიმართა ოკუპირებულ ახალგორის რაიონშიც.
  • „ეროვნულ ბიბლიოთეკაში“ გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა რუსი პოეტის, სერგეი ესენინის ხსოვნას.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერა

  • დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი შეხვდა რუსეთის შს ორგანოების და შინაგანი ჯარების საბრძოლო ვეტერანთა ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველს,  მწერალს, ივან სოლოვიოვს. „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გაიმართა სოლოვიოვის წიგნის - „წითელი ხაზები“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი არის პირველი მხატვრული ნაწარმოები, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. გაგლოევმა სოლოვიოვი „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვა.
  • „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გაიმართა დოკუმენტური სურათების გამოფენა - „დონბასის ტრაგედია“, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების წლისთავს.

გამოფენა - „დონბასის ტრაგედია“. წყარო: cominf.org

  • „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გაიმართა ფოტოგამოფენა - „უკრაინელი ნეონაცისტების და მათი თანამზრახველების დანაშაულის მტკიცებულებები“.

ფოტოგამოფენა. წყარო: cominf.org

  • „რუსული სახლის“ ორგანიზებით, ტელეარხზე - „ИР“ მიმდინარეობდა ჩვენება ფილმების, რომლებშიც აღწერილია დონეცკისა და ლუჰანსკის დე ფაქტო სახალხო რესპუბლიკებში მდგომარეობა 24 თებერვლამდე. ფილმებია:  „დონბასი. გზა სახლისაკენ“, „ოპერაცია უკრაინა. დანაშაული სასჯელის გარეშე“ და სხვები.
  • „რუსული სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ აქცია - „მიძღვნა ანგელოზებს. ჭეშმარიტების მოწმეები“, რომელიც დაკავშირებული იყო ოკუპირებულ დონბასში დაღუპულ ბავშვთა ხსოვნის მისაგებად. ვებ-გვერდზე - alleyaangelov.ru/ გადასვლით, შესაძლებელია ვირტუალური სანთლის ანთება.

ისტორიული თარიღების აღნიშვნა

  • ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მამულის დამცველის დღესთან“ დაკავშირებით, ცხინვალში გაიმართა კონცერტი. გარდა ამისა, გაიმართა ტურნირი „მოკლე ნარდში“, რომელიც ეძღვნებოდა ამავე დღესასწაულს.
  • ცხინვალში გაიმართა საზეიმო ღონისძიება „მამულის დამცველის დღესა“ და დე ფაქტო თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე აღნიშნეს რუსეთის უმნიშვნელოვანესი როლი ე.წ. თავდაცვის ძალების შექმნაში. დე ფაქტო უწყებას მისალოცი წერილით მიულოცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.
  • ცხინვალის სკოლა-ინტერნატში გაიმართა კონცერტი, რომელიც ეძღვნებოდა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯამში ცხინვალის რეგიონიდან ავღანეთში იბრძოდა 200 ჯარისკაცი, მათგან 6 - დაიღუპა.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლისადმი მიძღვნილი კონცერტი. წყარო: cominf.org

სხვა ღონისძიებები

  • უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე ოსი მებრძოლი, ერიკ კარკუსოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სიმამაცის ორდენით“ დააჯილდოვა.
  • ოკუპირებულმა ცხინვალმა ჩაიბარა საკავშირო ანტიფაშისტური პატრიოტული პროექტის „ჩვენი დიადი მამული“ ესტაფეტა. აღნიშნული ღონისძიება ეძღვნებოდა საბჭოთა კავშირის „სამამულო ომში“ გამარჯვებიდან 78-ე წლისთავს. ესტაფეტის მონაწილეებმა და ახალგაზრდებმა აღმართეს „გამარჯვების ბანერიც“.

„გამარჯვების ბანერი“. წყარო: cominf.org

რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელია დმიტრი ფედოტოვი, ცხინვალის რეგიონში კი - სერგეი სკვორცოვი.