გამოცემა N23 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 30 ივნისი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი
„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ე.წ საზღვრის რეჟიმისა და ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმის დარღვევების ივნისის სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, ჯამურად, დარღვევის 49 შემთხვევა დაფიქსრიდა, რომელთაგან 39-მა მოქალაქემ „სასაზღვრო ზონის რეჟიმი“ 10-მა კი „საზღვრის რეჟიმი დაარღვია“. „კომიტეტის“ პრესსამსახურის განცხადებით, ცხინვალის რეგიონიდან 3 მოქალაქე გააძევეს, 18 პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრეს, 21 - გააფრთხილეს, 2-ის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ქართულ ღია წყაროებში ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ფიქსირდება.
დაკავება ოკუპირებულ ახმაჯის ტერიტორიაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 7 ივნისს საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტი დაადასტურა. სუს-ის განცხადების მიხედვით, უკანონო დაკავების ფაქტი ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მოქალაქის ვინაობისა და ფაქტის დეტალების შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დაკავება ოკუპირებულ დმენისის ტერიტორიაზე
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ საქართველოს მოქალაქის მიერ ე.წ. საზღვრის რეჟიმის დარღვევის ფაქტის შესახებ განაცხადა. განცხადების მიხედვით, დაკავებული ქ. რუსთავში მცხოვრები 24 წლის ლაშა ბახტურიძეა. იგი 21 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფ. დმენისის მიმდებარედ დააკავეს და ცხინვალის ციხიდან 8 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. სავარაუდოდ მას ადმინისტრაციული ჯარიმაც დააკისრეს.
„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა
ახალი საინჟინრო ნაგებობები ხურვალეთში
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთში 2022 წელს დაწყებული „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი განაახლეს. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განათავსეს მეტალის ბოძები და გაავლეს მავთულხლართი. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის, დავით ქაცარავას ვარაუდით, ახლადშეღობილი ტერიტორია დაახოლებით 200 მეტრი სიგრძის არის. უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლების ფაქტი სუს-მაც დაადასტურა.
ახალი საინჟინრო ნაგებობები ხურვალეთში. წყარო: დავით ქაცარავას Facebook გვერდი.
მნიშვნელოვანი ვიზიტები
საერთაშორისო დელეგაციის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან
5-9 ივნისს საქართველოს კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების ევროკავშირის კომიტეტის დელეგაცია სტუმრობდა.
დელეგატებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო დელეგაციის რეგიონულ ოფისებთან ერთად საოკუპაციო ხაზიც მოინახულეს, როგორც ცხინვალის რეგიონთან, ასევე აფხაზეთთან. ისინი ადგილზე გაეცნენ „ბორდერიზაციის“ თანმდევ უარყოფით შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას გადაადგილების თავისუფლებასთან და სხვა ჰუმანიტარულ ასპექტებთან მიმართებით.
დელეგაციის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან. წყარო: eumm.eu
ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან
12 ივნისს საოკუპაციო ხაზის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისის მონაკვეთი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლების და სპორტის მინისტრმა დომინიკ ჰასლერმა მოინახულა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, მას ადგილზე გააცნო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები. ეს მინისტრი ჰასლერისთვის საქართველოში რიგით პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.