ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2023 / 07 / 03

გამოცემა: №27 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ივნისი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

ალექსანდრ ნოვაკის ვიზიტი

9 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ეწვია რუსეთის დელეგაცია ალექსანდრ ნოვაკის, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ დიმიტრი ვოლვაჩიც, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე და მთავრობის სხვა წევრები.

ვიზიტის ფარგლებში, ნოვაკი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე ნოვაკმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და ყურადღება დაუთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების შეფასებას. ნოვაკის ინფორმაციით, რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობის მაჩვენებელი, გასული წლის შედეგებთან შედარებით, 73%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, შეხვედრაზე აღინიშნა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი, რაზეც ბჟანიამ განაცხადა, რომ „აფხაზი ხალხისთვის ავიამიმოსვლის აღდგენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული თითოეული პირი ხალხში წმინდანად აღიქმება“.

ამავე დღეს ნოვაკმა დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან, კრისტინა ოზგანთან ერთად მოინახულა სოხუმის აეროპორტი, რომლის აღდგენაც იგეგმება.  გარდა ამისა, ნოვაკმა დაათვალიერა ბიჭვინთაში მშენებარე სასტუმროს - „მოსკვა რეზორტ“ მიმდებარე ტერიტორია, რომელიც რუსი ბიზნესმენის, კრასნოდარის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ჩართულობით შენდება. ასევე, ნოვაკმა მოინახულა პანსიონატი -  „კურორტი პიცუნდა".

10 ივნისს „სამთავრობათაშორისო“ შეხვედრა გაიმართა. აფხაზურ დელეგაციას ხელძღვანელობდა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ოკუპირებული აფხაზეთისათვის ელექტროენერგიის, ნავთობპროდუქტების უწყვეტ მიწოდებასა და „კანონმდებლობათა“ ჰარმონიზაციის პროცესის დაჩქარებას.

ალექსანდრ ნოვაკი სოხუმის აეროპორტში

პეტერბურგის 26-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმo

პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 1997 წლიდან ტარდება. პლატფორმაზე იკრიბებიან პოლიტიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ტექნოლოგიური სტარტაპის ავტორები. 2007 წლიდან ფორუმი ტარდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პატრონაჟით. ფორუმს ხშირად ესწრებიან რუსეთის მაღალჩინოსნებიც. წლევანდელი ფორუმი გაიმართა 14-17 ივნისს და მისი სახელწოდება იყო - „სუვერენული განვითარება-სამართლიანი მსოფლიოს საფუძველი. გავაერთიანოთ ძალისხმევა მომავალი თაობებისთვის“.

ფორუმს ესწრებოდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების დელეგაციებიც. აფხაზური დელეგაციის წევრები იყვნენ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, ლაშა აშუბა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი, დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი, ვლადიმერ დელბა და „პარლამენტის“ დეპუტატები.

ეკონომიკურ ფორუმზე ოზგანი შეხვდა რუსეთის ეკონომიკის მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს. შეხვედრის შედეგად, მხარეებმა ხელი მოაწერეს სოხუმის აეროპორტის აღდგენისა და შემდგომი ექსპლუატაციის საინვესტიციო პროგრამას. აეროპორტის აღდგენა რუსული ინვესტიციებით განხორციელდება.

„ბაშკირეთ-აფხაზეთის დღეგრძელობა“

3 ივნისს ბაშკირეთის რესპუბლიკის ლიდერის, რადიი ხაბიროვის ადმინისტრაციის საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს პროგრამა -  „ბაშკირეთ-აფხაზეთის დღეგრძელობა“, რომელიც ბაშკირეთის რესპუბლიკიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ბაშკირეთის მოქალაქეებისთვის რეგულარული ტურისტული ტურების მოწყობას გულისხმობს. ამ პროექტის განხორციელებამდე, არსებობდა ანალოგიური პროექტი - „ბაშკირეთ-ბელარუსის დღეგრძელობა“, რომელმაც, რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის, რუსტემ აფზალოვის განცხადებით, დიდი მოწონება დაიმსახურა და ამჟამად განიხილება ბაშკირეთის ასაკოვანი მოქალაქეებისთვის შეღავათიანი ტურების ორგანიზება ოკუპირებულ აფხაზეთშიც.

საბჭოს შეხვედრაზე ხაბიროვმა აფზალოვს მოსთხოვა პროგრამის დაწყებამდე, უახლოეს მომავალში დე ფაქტო რესპუბლიკაში ჯერ გაეგზავნა ტურისტთა საპილოტე ჯგუფი, 44-46 ადამიანი, შემდგომ კი მათგან უკუკავშირი მიეღო. ხაბიროვის განცხადებით, თუ ეს ტურისტები კმაყოფილები ჩამოვლენ ოკუპირებული აფხაზეთიდან, შესაძლებელი იქნება თავად პროექტის განხორციელებაც.

ჩქაროსნული ელექტრომატარებელი „ლასტოჩკა“

8 ივნისს სოჭიდან ოკუპირებულ გაგრაში ჩქაროსნულმა ელექტრომატარებელმა - „ლასტოჩკამ“ პირველი რეისი განახორციელა და დე ფაქტო რესპუბლიკაში 60 მგზავრი ჩაიყვანა. გაგრის ცენტრალურ სადგურზე მატარებელს საზეიმოდ დახვდნენ დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მიქვაბია და „აფხაზეთის რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ოქტაი ხაზირიში. სტუმრებს კონცერტიც მოუწყვეს.

მიქვაბიას განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით რეისების დანიშვნა მოხდა „აფხაზეთის რკინიგზისა“ და „რუსეთის რკინიგზის“ თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად. მისი თქმით, ტურისტებისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება თანამედროვე, კონდინცირების სისტემით აღჭურვილი მატარებლით ე.წ. საზღვრის გადაკვეთა.

გარდა ამისა, მიქვაბიამ აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მატარებლის უფრო გრძელ მარშრუტზე სამგზავროდ, მანამდე კი „აფხაზეთის რკინიგზას“ აქვს რამდენიმე ტექნიკური მხარე მოსაგვარებელი.

განრიგის მიხედვით, „ლასტოჩკა“ სოჭიდან გაგრაში 3 საათსა და 6 წუთში ჩადის, სოჭის აეროპორტიდან გაგრაში - 2 საათსა და 48 წუთში. ბილეთის ფასი 755-დან 1005 რუსულ რუბლამდე მერყეობს.

საკრუიზო ლაინერი „კნიაზ ვლადიმირ“

23 ივნისს სოხუმის პორტმა საკრუიზო ლაინერი „კნიაზ ვლადიმირ“ მიიღო. სატესტო რეისისას ლაინერმა მხოლოდ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესასრულებლად, რომელიც შეეხებოდა რეგულარული საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას შავიზღვისპირეთის რეგიონში, 2017 წელს „როსმორპორტმა“ დააფუძნა „Черноморские круизы“ (ქართ. „შავი ზღვის კრუიზები“), რომლის გენერალური დირექტორია ალექსანდრ ტკაჩენკო.

სატესტო რეისის შემდგომ, ტკაჩენკომ აღნიშნა, რომ ლაინერის სოხუმის პორტში ჩასვლას წინ ხანგრძლივი სამუშაო უძღოდა და საბოლოოდ, რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობათა თანხმობის შემდგომ, რეისი შედგა. ტკაჩენკოს თქმით, ლაინერს 600 მგზავრის გადაყვანა შეუძლია და ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეთა სურვილსა და მარკეტინგულ პოლიტიკაზე. 30 ივნისს კი, სოხუმის პორტში ლაინერმა პირველი მგზავრები, სულ 81 ჩაიყვანა. პორტში ლაინერს დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანიაც დახვდა, რომელმაც გემიც მოინახულა. 11 სექტემბრამდე კიდევ 9 საკრუიზო მიმოსვლაა დაგეგმილი.

ასლან ბჟანია „კნიაზ ვლადიმირის“ გემბანზე

მარწყვის ექსპორტი

დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის განცხადებით, 2023 წლის მანძილზე ოკუპირებული აფხაზეთიდან ექსპორტზე 48.7 ტონა მარწყვი გავიდა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დე ფაქტო რესპუბლიკიდან ექსპორტზე გავიდა 113.1 ტონა, 2021-ში კი - 352 ტონა მარწყვი. ე.წ. საბაჟო კომიტეტი კლებად ტენდენციას მოსავლისთვის გაზაფხულის არახელსაყრელი ამინდით ხსნის.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

პეტერბურგის 26-ე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმo

14-17 ივნისს გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, მსგავსად აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის წევრებიც ეწვივნენ.

ოკუპირებული რეგიონი ფორუმზე წარმოადგინა თავად დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა. ფორუმის ფარგლებში, გაგლოევი შეხვდა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორს, ალექსანდრ დროზდენკოს და მათ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტს. მემორანდუმი ითვალისწინებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ლენინგრადის ოლქის თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და სოციალურ-კულტურულ სფეროებში.

გარდა ამისა, ფორუმზე გაგლოევი შეხვდა ომსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ვიტალი ხოცენკოს. გაგლოევმა მადლობა გადაუხადა ხოცენკოს იმ დახმარებისთვის, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკას ომსკის ოლქი 2008 წელს აწვდიდა.

მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები და ხელი მოაწერეს „სამთავრობათაშორისო“ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს სავაჭრო და სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობას.

ასევე, გაგლოევი შეხვდა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრს, ვიტალი საველიევს, რა დროსაც მხარეებმა განიხილეს რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის ე.წ. საზღვარზე არსებული „ქვემო ზარამაგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაფართოების გეგმა.

ალან გაგლოევისა და ვიტალი საველიევის შეხვედრა

„ქვემო ზარამაგის“ რეკონსტრუქცია

რეგიონის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრის, ძამბოლატ ტადტაევის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე აშენდება ახალი და თანამედროვე საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ტადტაევის განცხადებით, სგპ-ს შეეძლება წელიწადში გაატაროს 958 ათასამდე ავტომობილი. მისი თქმით, პროექტი უკვე დაამტკიცა „სახელმწიფო ექსპერტიზამ“.

ოსური ლუდი რუსეთში

დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, ალან ალბორტის განცხადებით, 21 ივნისს კომპანიამ „მაღალმთიანი კელის ლუდსახარში“ რუსეთში ექსპორტზე პირველად გაგზავნა 26 ათასი ბოთლი ლუდი. ალბორტის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდგომ, ბევრმა კომპანიამ დატოვა რუსეთის ბაზარი, რაც „კელის ლუდსახარშს აძლევს საშუალებას ბაზარზე თავისი ღირსეული ადგილიც იპოვოს“.

საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, რუსეთს შემუშავებული აქვს საინვესტიციო პროგრამა. პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგისთვის ოკუპირებულ რეგიონებში პერიოდულად ჩადიან რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები.

29 ივნისს დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩავიდა რუსეთის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა იგორ მასლოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი. გარდა მასლოვისა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია, დელეგაციის წევრები იყვნენ რუსეთის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლები.

დელეგაცია ეწვია ჯავის რაიონში, ყოფილი ტურისტული ბაზის ტერიტორიაზე მშენებარე 150 ბავშვზე გათვლილ ბანაკს - „მზიუგომი“. ობიექტის ექსპლუატაციის თარიღად 2024 წელი არის მიჩნეული. გარდა ამისა,  დელეგაციამ მოინახულა მდ. ლიახვზე გამავალი ხიდის რეაბილიტაციის პროცესი და ეწვია ზნაურისა (ქართ. ყორნისი) და ახალგორის რაიონებს.

ოკუპირებულ რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახელმწიფო ორგანიზაციის „Дорэкспострой“ განცხადებით, ქ. ცხინვალში დაიწყო ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი და ოქტომბრის ბოლომდე 9 ქუჩა იქნება რეაბილიტირებული, რომელთა შორისაა: პუტინის, მედვედევის, კავკასიის, გაგარინისა და სტალინის სახელობის ქუჩები.

რუსეთის დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში