გამოცემა: N10 / მიმოხილვის პერიოდი: აპრილი-ივნისი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის რბილი ძალის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის რბილ ძალასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და იმ საქმიანობების შესახებ, რომლებსაც რუსეთი იყენებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი გავლენის განსამტკიცებლად. მიმოხილვა გამოდის სამ თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთის რბილი ძალა აფხაზეთში
კულტურა
- 7-10 აპრილს მოსკოვში გაიმართა „ფაზილ ისკანდერის სახელობის სახელმწიფო რუსული თეატრის“ გასტროლები. სცენაზე დასმა წარადგინა მსოფლიოსა და აფხაზური ლიტერატურის მოტივებზე დადგმული 6 სპექტაკლი.
- რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილის, ალლა მანილოვას განცხადებით, 2023 წელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი რუსული თეატრები რუსეთის მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. აღნიშნული დახმარებით ისარგებლებს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი „ფაზილ ისკანდერის სახელობის სახელმწიფო რუსული თეატრი“. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარ თეატრთა სიაში მოხვდა თბილისში მოქმედი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრიც, თუმცა მისმა ხელმძღვანელმა, ნიკოლაი სვენტიცკმა უარი განაცხადა აღნიშნული დახმარების მიღებაზე.
- 13 აპრილს სოხუმში მდებარე „მოსკოვის სახლში“ გაიმართა რუსული კულტურისა და ენის ფესტივალი, სადაც რუსული ლიტერატურის 300-ზე მეტი სახელწოდების წიგნი იყო გამოფენილი.
„გამარჯვების დღე“
- მეორე მსოფლიო ომში „გამარჯვების დღე“, 9 მაისი, ოკუპირებულ აფხაზეთში საზეიმოდ აღნიშნეს. დე ფაქტო რესპუბლიკაში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა და სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელშიც 600 აფხაზი და რუსი სამხედრო მონაწილეობდა. აფხაზური მედიის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში აფხაზეთიდან 55 ათასზე მეტი ადამიანი იბრძოდა და მათგან 17 ათასი დაღუპულად ითვლება. ამჟამად, ოკუპირებულ აფხაზეთში „სამამულო ომის“ 20 ვეტერანი ცხოვრობს.

„უკვდავი პოლკი“ სოხუმში
- 25 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით ოკუპირებულმა აფხაზეთმა უმასპინძლა აქციას - „გეორგიევსკის ლენტი“.
- სოხუმში გაიმართა აქცია „აფხაზეთის გამარჯვების მოხალისეები“, რომელიც ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 78-ე წლისთავს. ღონისძიებაში ოკუპირებული გალისა და ტყვარჩელის რაიონის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

აქცია „აფხაზეთის გამარჯვების მოხალისეები“
- ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ თანამშრომლებმა, „რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს“ წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პირადად მიულოცეს „გამარჯვების დღე“. ვეტერანებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოცი წერილიც გადასცეს.
განათლება
- რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უნივერსიტეტებში ოკუპირებული აფხაზეთიდან 8 აბიტურიენტმა ჩააბარა. აფხაზი აბიტურიენტები სამინისტროს სასწავლებლებში 2011 წლიდან ირიცხებიან.
სხვა ღონისძიებები
- 13 მაისს კრასნოდარის ოლქში გაიხსნა 2023 წლის დოღის სეზონი და ერთ-ერთი პირველი რბოლა მიეძღვნა „1992-1993 წლების აფხაზეთის ხალხის სამამულო ომში“ დაღუპულ მებრძოლებს.
- დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს (შემდგომში - „რუსული სახლი“) ორგანიზებით, 24 მაისს სოხუმის „საჯარო სკოლების“ მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე.

სლავური დამწერლობისა და კულტურის დღის აღნიშვნა
- 6 ივნისს სოხუმში ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღე აღნიშნეს. ღონისძიება გახსნა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“, მიხაილ შურგალინმა. საზეიმო გახსნისას მან განაცხადა, რომ „მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასტიკი ომი ახალი მსოფლიო წესრიგისთვის, მნიშვნელოვანია გახსენება პუშკინისა, რომელმაც მისცა საშუალება ადამიანებს იურთიერთონ თანამედროვე რუსულ ენაზე“. 2011 წლიდან, რუსეთის იმდროინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, პუშკინის დაბადების დღე სახელმწიფო დღესასწაულად ითვლება.
რუსეთის რბილი ძალა ცხინვალის რეგიონში
კულტურა
- „რუსული სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი საერთაშორისო კონკურსის - „არტეკის ადამიანები“ პრეზენტაცია. აღნიშნული საერთაშორისო აქცია წინ უძღვის 2025 წელს არტეკის, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე საერთაშორისო ბავშვთა ბანაკის საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნას.
- ჯავის რაიონში რუსი კომპოზიტორის, პიანისტისა და დირიჟორის, სერგეი რახმანინოვის 150-ე წლისთავი აღნიშნეს. საიუბილეო თარიღის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2023 წელი სწორედ რახმანინოვის წლად გამოაცხადა.
- ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი, ოსური კულტურის დღის აღსანიშნავად, 15-16 მაისს ჩეჩნეთის რესპუბლიკას ეწვია. ოსური კულტურის დღეების ფარგლებში ჩეჩნეთში ჩასულ ორ ანსამბლს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ფულადი ჯილდო გადასცა. „კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა“ საჩუქრად მიიღო 1 მლნ რუსული რუბლი, ხოლო „გალაევის სახელობის სახელმწიფო ანსამბლმა“ – 2 მლნ. დე ფაქტო კულტურის მინისტრს, რადა ძაგოევას კი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, კადიროვის ქალიშვილს - აიშატ კადიროვასაც შეხვდა, გადაეცა მედალი - „ჩეჩნეთის რესპუბლიკისადმი ღვაწლისთვის“.
- „რუსული სახლის“ ორგანიზებით, ოკუპირებულ რეგიონში რუსული ენის დღე აღნიშნეს. ღონისძიებას დაესწრო ცხინვალის რეგიონში „რუსული სახლის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სერგეი სკვორცოვიც. მან აღნიშნა, რომ „ამჟამად ბევრი ადამიანი ცდილობს მსოფლიო კულტურიდან რუსული კულტურის მოსპობას, თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან ევროპაშიც კი ადამიანები აგრძელებენ კითხვას პუშკინის, დოსტოევსკის და ა.შ.“
- „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ გაიმართა ფილმის კინოჩვენება - „მშვიდობის ფასი. ჯულიუს და ეთელ როზენბერგები“. ფილმში მოთხრობილია ცოლ-ქმრის შესახებ, რომლებიც საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ „ბირთვულ შპიონაჟში“ დაადანაშაულეს. მათ აშშ-ის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციის საბჭოთა კავშირისთვის გადაცემაში ედებოდათ ბრალი.
„გამარჯვების დღე“
- 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ოკუპირებულ რეგიონში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნეს. 8 მაისს დიდების ხეივანში მარადიულ ცეცხლთან დიდებისა და ხსოვნის გირლანდების დადების ცერემონია გაიმართა. „გამარჯვების დღის“ აღნიშვნის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ცხინვალის ცენტრალურ ქუჩაზე 9 მაისს გამართული აქცია - „უკვდავი პოლკი“ იყო. ამ აქციის ფარგლებში, მსვლელობის მონაწილეებს ხელში 2022 წელს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 27 დაღუპულისა და 1989-2008 წლებში დაღუპული ოსი მებრძოლების პორტრეტები ეჭირათ.

„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა
- რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „გამარჯვების დღე“ ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებსაც მიულოცა და აღნიშნა, რომ როგორც რუსეთისთვის, ასევე დე ფაქტო რესპუბლიკის მაცხოვრებლებისთვის ეს დღე სიმბოლოა მამაცობის, გმირობის და მეგობრული თანამშრომლობის.
- ოკუპირებული რეგიონის სკოლები შეუერთდნენ საერთაშორისო ისტორიულ აქციას - „გამარჯვების დიქტანტი“, რომელიც ეძღვნება „სამამულო ომის“ ისტორიას და ტარდება ყოველწლიურად 40-ზე მეტ ქვეყანაში. გასულ წელს აქციაში მონაწილეობა მიიღო 1.5 მილიონ ადამიანზე მეტმა.
- ოკუპირებული ცხინვალის სკოლების მოსწავლეებმა რუსეთის „საელჩოს“ ორგანიზებით გამართეს პატრიოტული აქცია - „გამარჯვების ფანჯარა“, რომლის ფარგლებშიც სახლების ფანჯრებზე მიამაგრეს „სამამულო ომში“ მონაწილე ჯარისკაცების პორტრეტები. პატრიოტული აქცია - „გამარჯვების ფანჯარა“ გაიმართა რუსეთშიც.

„გამარჯვების ფანჯრის“ მონაწილეები
განათლება
- „რუსულმა სახლმა“ ცხინვალის რეგიონის საბავშვო ბიბლიოთეკას 570 წიგნი გადასცა. აღნიშნული დახმარება არ არის ერთჯერადი, „რუსული სახლი“ პერიოდულად აწვდის ოკუპირებულ რეგიონებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას, 570 წიგნი კი ბიბლიოთეკას გადაეცა რუსეთის მთავრობის პროექტის - „განათლების განვითარება“ ფარგლებში.

სერგეი სკვორცოვი საბავშვო ბიბლიოთეკაში
სხვა ღონისძიებები
- „რუსული სახლის“ ორგანიზებით, „ბავშვთა რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში“ აღნიშნეს 12 აპრილი, ავიაციისა და კოსმონავტიკის დღე. ღონისძიებას დაესწრნენ ცხინვალის №2 „საჯარო“ სკოლის პირველკლასელები და სერგეი სკვორცოვი. პირველკლასელებს გააცნეს ავიაციასა და კოსმონავტიკაში რუსეთის მიღწევები, უამბეს კოსმოსში პირველი ადამიანის, იური გაგარინის გაფრენის შესახებ და გააცნეს ისტორია, რომლის თანახმადაც ფრენის შემდგომ ერთ-ერთი პირველი, ვინც გაგარინს შეხვდა, იყო ეთნიკურად ოსი პილოტი, ახმატ გასიევი.
- საზეიმო კვირეული იყო გამოცხადებული ცხინვალის №12 „საჯარო“ სკოლაშიც, რომელიც იური გაგარინის სახელობისაა. „რუსული სახლის“ ორგანიზებით, სკოლაში გაიმართა ტრადიციული საზეიმო ღონისძიება - „ჩვენ გაგარინელები ვართ“.

ავიაციისა და კოსმონავტიკის დღე გაგარინის სახელობის სკოლაში
- „სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო ინსტიტუტში“ გაიმართა უფროსი მეცნიერ-მკვლევრის, ალექსანდრე ჯაბიევის მონოგრაფიის - „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება“ პრეზენტაცია. მონოგრაფია ეძღვნება 2008-2022 წლებში დე ფაქტო რესპუბლიკის განვითარების მიმოხილვასა და რუსეთთან ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ ჯაბიევი მუშაობდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სხვა საჯარო უწყებებში.

მონოგრაფია
- 12 ივნისს „რუსეთის დღე“ ცხინვალში საზეიმოდ აღნიშნეს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2005 წლიდან ეს დღე უქმედაც კი არის გამოცხადებული. „რუსული სახლის“ ორგანიზებით გაიმართა არაერთი ღონისძიება და მათ შორის საბავშვო აქცია - „რუსეთი სამხრეთ ოსეთის ბავშვების დანახული თვალით“.

ერთ-ერთი გამარჯვებული ნახატი

ერთ-ერთი გამარჯვებული ნახატი
რბილი ძალა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს რუსეთის გავლენის გასაზრდელად საზღვარგარეთ, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული რბილი ძალის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები. აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელია დმიტრი ფედოტოვი, ცხინვალის რეგიონში კი - სერგეი სკვორცოვი.