ყოველთვიური მიმოხილვა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაწილეობა: მიმოხილვა

2023 / 07 / 20

გამოცემა: N1 / მიმოხილვის პერიოდი: 1 აპრილი - 15 ივლისი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაწილეობა: მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის, როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარულ სფეროში, მონიტორინგი. მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც რუსეთის აგრესიაში ოკუპირებული რეგიონების მონაწილეობის შესახებ აინტერესებთ.

 

აფხაზი და ოსი მოხალისეები: დანაკარგები

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში ოკუპირებული რეგიონების არაერთი წარმომადგენელი მონაწილეობს, რომელთა დიდი ნაწილი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, ჩართულია სამხედრო მოქმედებებში. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ძირითადად მოხალისეები იბრძვიან, რომლებიც სხვადასხვა მოხალისეთა ბატალიონებში არიან გაერთიანებული. ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური ოსების ნაწილი რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე მსახურობს და უკრაინაში, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ისე იბრძვიან.  

ეთნიკური აფხაზები ყველაზე მეტად ე.წ. „პიატნაშკას“ საერთაშორისო ბრიგადაში არიან გაწევრიანებული. „პიატნაშკა“ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც 2022 წლიდან მე-100 მექანიზებულ მსროლელთა ბრიგადაში, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პირველი არმიის კორპუსში გაწევრიანდა. დანაყოფის მეთაური ეთნიკურად აფხაზი ახრა ავიძბაა, მეტსახელად „აფხაზი“.

ეთნიკური ოსების ყველაზე დიდი რაოდენობა ორ დაჯგუფებაშია: „შტორმ.ოსეტია“ და „ალანია“. მათი აქტიურობა ხშირად შეინიშნება ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილებში. ბატალიონების შემადგენლობაში შედიან ეთნიკურად ოსი მოხალისეები, როგორც ჩრდილოეთ ოსეთიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან.

აფხაზეთი

2023 წლის 1 აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით,  აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 5 პირის დაღუპვა დადასტურდა. 27 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაადასტურა ბესიკ ლიპარტიასა და დმიტრი ტორგაშოვის დაღუპვა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მათი დაღუპვის ზუსტი თარიღი უცნობია.

ივნისში უკრაინის კონტრშეტევას ემსხვერპლა კიდევ 3  მებრძოლი: ლევან ეშბა (დაიღუპა ზაპოროჟიეს ოლქში), ვიტალი ბაგდასარიანი და ედუარდ შაკაია, რომლებიც დაიღუპნენ დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებისას.

დადასტურებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე 15 მებრძოლი დაიღუპა.

ცხინვალის რეგიონი

2023 წლის ივნისში უკრაინამ დაიწყო კონტრშეტევითი ოპერაციები ზაპოროჟიეს ფრონტზე და ოსური ბატალიონები აღმოჩნდნენ სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრში, კერძოდ, ვასილივკას მიდამოებში, უკრაინის არმიის მიერ ლობკოვესა და პიატიხატკის განთავისუფლების დროს. 2023 წლის 18 ივნისს რუსულმა ტელეგრამ არხმა გაავრცელა ინფორმაცია ბატალიონის - „შტორმ.ოსეტია“ მეთაურის მოადგილის, აივენგო ტეხოვის დაღუპვის შესახებ. პოსტში ნათქვამია, რომ ტეხოვის მთელი ქვედანაყოფი გარშემორტყმული იყო პიატიხატკაში და შედეგად, „მთელი ბატალიონი დაიღუპა“.

2023 წლის 19 ივნისს ბატალიონმა - „შტორმ.ოსეტია“ გაავრცელა ვიდეო ტელეგრამის არხზე, რომელშიც ნათქვამია, რომ 18 ივნისს გავრცელებული შეტყობინება იყო დეზინფორმაცია, მაგრამ ბატალიონის წევრები ადასტურებდნენ რამდენიმე მებრძოლის დაღუპვას, მათ შორის, აივენგო ტეხოვის. ვიდეოში მხოლოდ თექვსმეტი მებრძოლი ჩანდა, მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ბატალიონს 300-ზე მეტი დაქირავებული ჰყავს. დაღუპულთა რეალური რაოდენობა უცნობია, თუმცა ამავე დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომლითაც დასტურდებოდა პიატიხატკას გათავისუფლება.

ჯამში, 2023 წლის 1 აპრილიდან 15 ივლისის ჩათვლით,  ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 5 პირის დაღუპვა დადასტურდა. ივნისში დადასტურდა 4 მებრძოლის დაღუპვა: გენრიხ კასაევი, აცამაზ სლანოვი, ალან ბიტიევი და აივენგო ტეხოვი. ივლისში დაიღუპა კიდევ ერთი მებრძოლი - ხოხ ბაგაევი.

დადასტურებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან  ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის აგრესიაში მონაწილე 33 მებრძოლი დაიღუპა.

ჰუმანიტარული და სხვა სახის მხარდაჭერა

2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, ოკუპირებულ რეგიონებში ხშირად ტარდება რუსეთის არმიის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომლებიც, ხშირ შემთვევაში, ორგანიზებულია დე ფაქტო მთავრობების, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები რუსი თანამემამულეების ან დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს (შემდგომში - „რუსული სახლი“) მიერ. მხარდაჭერის ძირითადი ფორმებია კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიებები, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება.

პროპაგანდისტული ღონისძიებები

  • ცხინვალის რეგიონის კადეტთა სკოლაში გაიმართა ფოტოგამოფენა - „უკრაინელი ნეონაცისტებისა და მათი თანამზრახველების დანაშაულის მტკიცებულებები“. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გამოფენა  უკრაინაში დესტრუქციული იდეოლოგიის მიმდევართა სისასტიკის მტკიცებულებაა.
  • ღონისძიების ორგანიზატორი რეგიონში რუსეთის „საელჩო“ იყო. გამოფენას ესწრებოდა სერგეი სკვორცოვი, რეგიონში „რუსული სახლის“ ხელმძღვანელი, რომელმაც ახალგაზრდა კადეტებს ისტორიული ექსკურსი ჩაუტარა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც „სწორედ ის მოვლენები ვითარდებოდა, რაც ახლა რუსეთის ტერიტორიაზე ხდება: დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში“.

გამოფენა კადეტთა სკოლაში  

  • ოკუპირებული ჯავის რაიონის სკოლა-ინტერნატში გაიმართა ღონისძიება - „იცხოვრე, დონბასო!“. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაცია იყო.
  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოვიდა და გამოეხმაურა უკრაინაში რუსეთის აგრესიასაც. მისი თქმით, „ოსი მებრძროლები, რომელთა წინაპრებმა დაამარცხეს ჰიტლერი და ფაშიზმი 1945 წელს, დღეს იბრძვიან უკრაინაში ნაციზმის წინააღმდეგ“. გაგლოევის აზრით, ლმობიერმა მიდგომამ გამოიწვია ისიც, რომ „90-იან წლებში საქართველო ხელთ იგდეს ნაცისტებმა გამსახურდიას ხელმძღვანელობით, შემდგომ კი, ბანდერას იდეურმა შთამომავლებმა - უკრაინა“. გაგლოევის განცხადებით, „დღეს დონბასისა და ზაპოროჟიეს მიწაზე კვლავ გრძელდება ბრძოლა სწორედ ნაცისტური ჭირის წინააღდეგ და დღესაც ნაცისტების მხარეს იბრძვიან სწორედ ის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჰიტლერს, ახალი კი უკრაინის ნაცისტურ რეჟიმს“.
  • „სამხრეთ ოსეთის კვლევის ინსტიტუტის“ სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჯაბიევი დაესწრო ონლაინ საერთაშორისო ფორუმს - „უნაციზმო სამყაროსთვის“. ფორუმზე მან განაცხადა, რომ ეთნიკურად ოსებს დიდი წვლილი მიუძღვით „სამამულო ომში“ გამარჯვებაში, თანამედროვეობაში კი ისინი იბრძვიან გადარჩენისთვის საქართველოს ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ და უკრაინაში ნაციზმის დასამარცხებლად.

ფორუმი „უნაციზმო სამყაროსთვის“

ფინანსური დახმარება

  • 27 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე 3 პირის ოჯახებისთვის, რომლებიც  საბრძოლო მიმდინარეობისას დაიღუპნენ, დახმარება გამოიყო. დმიტრი ტორგაშოვის მამას ერთჯერადი დახმარების სახით გადაეცემა 1 მლნ რუბლი (დაახლ. 12 ათასი აშშ დოლარი), ბესიკ ლიპარტიას მამას - 500 ათასი რუბლი. ადამ ლაგვილავას ოჯახს თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე დაენიშნა ყოველთვიური 10 000 რუბლის ოდენობის დახმარება. სამივე პირი მოხალისედ იბრძოდა. ისინი დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაიღუპნენ.
  • ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „ეროვნული ბანკი“ მუშაობს საკოლექციო მონეტის შექმნაზე, რომელიც მიეძღვნება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. გაგლოევის ინიციატივით, მონეტის გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი მოხმარდება უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე სამხედროების დახმარებას.
  • ქ. ცხინვალის დე ფაქტო მერიის თანამშრომლებმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე პირებს 200 ათასი რუსული რუბლის ფინანსური დახმარება გაუგზავნეს.
  • გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალიდან რუსეთის აგრესიაში მონაწილე მებრძოლებს ჰუმანიტარული ტვირთი და საკუთარი სახსრებით შეძენილი „პიკაპი“ გადასცა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაგლოევი უშუალოდ ჩადის რუსეთის აგრესიაში მონაწილე მებრძოლებთან. ამჯერად გაგლოევი შეხვდა ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის მებრძოლებს და ბატალიონების -  „ალანია“, „შტორმ.ოსეტია“  მოხალისეებს. ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავდა სადაზვერვო მოწყობილობებსაც - კვადროკოპტერებსა და თერმოგამოსახულების აპარატებს.

ალან გაგლოევი ოს მოხალისეებთან

  • უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე ოსმა მოხალისეებმა ცხინვალის დე ფაქტო მერისგან, ინალ ბაზაევისგან მიიღეს 10 ტონა ჰუმანიტარული დახმარება.
  • 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაგლოევმა 24 ბავშვს, რომელთა მამებიც დაიღუპნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიაში, ფინანსური დახმარება გადასცა.

სპორტული ღონისძიებები და კონცერტები

  • 13 მაისს „აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციამ“ 7-8 წლის ასაკის ბავშვებისთვის ჩაატარა ჭადრაკის ტურნირი, რომელიც „დონბასის გმირებს“ ეძღვნებოდა. ფედერაციის პრეზიდენტის, კონსტანტინე ტუჟბას განცხადებით, აფხაზეთის ახალგაზრდობა მონაწილეობას იღებს სპეცოპერაციაში დონბასში და ამ ტურნირით ფედერაცია მათ მორალურად უჭერს მხარს. 

ჭადრაკის ტურნირი

  • მომღერალმა ალბერტ ლაკიევმა ჩაატარა სოლოკონცერტი, რომელიც მიუძღვნა უკრაინაში რუსეთის აგრესიაში დაღუპულ მებრძოლებს.

მხარდაჭერის სხვა ღონისძიებები

  • გაგლოევის ბრძანებით, ოკუპირებულ რეგიონში დაარსდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია - „დახმარება დონბასს“. ორგანიზაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროსთან და დაეხმარება რუსეთის აგრესიაში მონაწილე სამხედრო პირებს.
  • ცხინვალის მე-2 სკოლის მოსწავლეებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილე ოსი მებრძოლებისთვის შესანიღბი ბადეები დაამზადეს. სკოლის მასწავლებლის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება შრომის გაკვეთილის მაგივრად ტარდება და მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი ამ პროცესში, რათა დაეხმარონ ოს თანამემამულეებს.

შესანიღბი ბადეების დამზადება

  • ბატალიონის - „ალანია“ წევრებმა ოკუპირებულ ჯავის რაიონის სკოლა-ინტერნატს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცეს. ბატალიონის რამდენიმე წევრი დაბრუნდა რეგიონში, რათა ჩაებარებინათ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები, შემდგომ კი, აპირებენ კვლავ ფრონტზე დაბრუნებას.

„ალანიას“ მებრძოლი ოკუპირებულ ჯავის რაიონში

ძირითადი დასკვნები

2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდი ოკუპირებული რეგიონებისთვის მძიმე აღმოჩნდა. ჯამში 10 მებრძოლის დაღუპვა დადასტურდა. დაღუპულთა გაზრდილი რაოდენობა შეიძლება უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყებასაც უკავშირდებოდეს. გავრცელებული მოსაზრებით, შესაძლებელია დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით დიდია, თუმცა ღია წყაროებში აღნიშნული ჯერჯერობით არ დასტურდება.

ამავე პერიოდში დე ფაქტო მთავრობები განაგრძობდნენ მოხალისეთა ჰუმანიტარულ დახმარებას. ასევე, ჩატარდა არაერთი პროპაგანდისტული ღონისძიება („გამარჯვების დღე“, „რუსეთის დღე“, სხვ.), სადაც  ძირითადად ხაზს უსვამდნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დიდ მნიშვნელობას „ახალი, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში“.