გამოცემა: N56 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 აგვისტო, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
15 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან: გამოხმაურებები
აგვისტოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავი გაიხსენეს. ამ თარიღთან დაკავშირებით არაერთი სამგლოვიარო ღონისძიება ჩატარდა. გარდა ამისა, აგვისტოს ომს გამოეხმაურნენ რუსეთის მაღალჩინოსნებიც, დე ფაქტო რესპუბლიკებს კი ეწვივნენ რუსეთისა და სხვა დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლები.
რუსეთში ცხინვალის რეგიონის „საელჩოს“ განცხადება
7 აგვისტოს რუსეთში ცხინვალის რეგიონის „საელჩომ“ რუსეთში აკრედიტირებული ყველა ქვეყნის საელჩოსა და რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციას განცხადებით მიმართა. განცხადებაში „საელჩომ“ მოუწოდა ქვეყნებს აღიარონ 2008 წელს „ოსი ხალხის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩადენილი აგრესია და დასაჯონ დამნაშავეები“.
მიხაილ შურგალინის განცხადება
8 აგვისტოს რუსეთის „ელჩი“ ოკუპირებულ აფხაზეთში, მიხაილ შურგალინი აფხაზეთში ცხინვალის რეგიონის „საელჩოში“ გამართულ ღონისძიებას ეწვია. შურგალინმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ 2008 წელს „აშკარა გახდა, რომ ნეონაცისტების წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლებოდა სიტყვით და საჭირო იყო იარაღის გამოყენებაც, რაც რუსეთმა გააკეთა კიდევაც სამხრეთ ოსეთში და დაიცვა ამით აფხაზეთიც“. გარდა ამისა, შურგალინმა აღნიშნა, რომ რუსეთი აფხაზ და ოს ხალხთან ერთად აგრძელებს ამ ბრძოლას უკრაინაშიც და სწორედ იქ ანადგურებს დარჩენილ ქართულ ფორმირებებს, რომლებიც თავს დაესხნენ მშვიდობიან ცხინვალს და სურდათ ოსი ხალხის განადგურება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
8 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს ომის მე-15 წლისთავს. განცხადების თანახმად, 7-8 აგვისტოს ღამით საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა „სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად სპეცოპერაცია დაიწყეს“, რამაც გამოიწვია სამოქალაქო პირების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების დიდი მსხვერპლი. განცხადების თანახმად, „რუსეთმა აგრესორი ქვეყანა აიძულა შეეწყვიტა ოპერაცია“, შემდგომ, აღიარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, მათი დაცვის პასუხისმგებლობა კი საკუთარ თავზე აიღო.
დიმიტრი მედვედევის გამოხმაურება
8 აგვისტოს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს ომს. მედვედევი თავის განცხადებაში საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებს შეურაცხყმყოფელი სიტყვებით და ამტკიცებს, რომ „მის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა რუსეთის საზღვართან შეექმნა არეულობა“. გარდა ამისა, მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 5 დღეში შეძლეს დაესაჯათ „განაგლებული ნაციონალისტები“ და ახლა კი იმავე გამარჯვებას მიაღწევენ უკრაინაში.
მარია ზახაროვას განცხადება
2008 წლის აგვისტოს მოვლენებს გამოეხმარა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვაც, რომელმაც ასევე გააჟღერა კრემლის ნარატივი 2008 წლის ომთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია უცვლელია და კავკასიაში მშვიდობის მისაღწევად საჭიროა, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
15 წელი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებიდან: განცხადებები და ვიზიტები
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რის შემდეგაც ოკუპირებულ რეგიონებში ეს თარიღი საზეიმოდ აღინიშნება. ამ მხრივ წლევანდელი აგვისტოც არ იყო გამონაკლისი, გაიმართა არაერთი საზეიმო ღონისძიება და ოკუპირებულ რეგიონებს ეწვივნენ რუსეთის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის დუმის დელეგაციები.
შეხვედრა დიმიტრი მედვედევთან
25 აგვისტოს, საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. მედვედევმა მიულოცა დე ფაქტო ლიდერებს 26 აგვისტო და აღნიშნა, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ რეგიონს მშვიდობა მოუტანა.
დიმიტრი მედვედევის განცხადებები და გამოხმაურებები
ბჟანიასა და გაგლოევთან შეხვედრამდე მედვედევმა ინტერვიუ მისცა რუსულ მედიას, სადაც აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა. ინტერვიუში მან ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან გაერთიანების შესაძლებლობა დაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ამ მიდგომას კრემლი არ იზიარებს.
აღნიშნულს მოჰყვა სოხუმისა და ცხინვალის პასუხიც, რომელთა პოზიციებიც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ მედვედევის საპასუხოდ განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარების მომხრეა და მზად არის ურთიერთობების სხვადასხვა ფორმები განიხილოს. ამავე დროს, მისი თქმით, აფხაზეთში არ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილის შესახებ აცხადებენ.
სოხუმის პოზიციისაგან განსხვავებით, გაგლოევმა მედვედევთან შეხვედრისას საჯაროდ განაცხადა, რომ რეგიონი მზად არის რუსეთთან ინტეგრაციისთვის შესაბამისი გეოპოლიტიკური პირობების არსებობისას.
გარდა ამისა, მედვედევმა ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედი აქვს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პრაგმატიზმის, რაც გამოიხატება დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებაში, რადგანაც მისი შეფასებით, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა „ყოველ შემთხვევაში გამოირჩევა პრაგმატიზმით“. ასევე, მედვედევმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამჟამინდელი კონფლიქტისა, ისტორიულად ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხი მოძმე ერები იყვნენ და საჭიროა, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაამყაროს ოკუპირებუბულ რეგიონებთან ურთიერთობა.
ალან გაგლოევისა და ასლან ბჟანიას შეხვედრა დიმიტრი მედვედევთან
ვლადიმერ პუტინის მილოცვა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების დღე მიულოცა, როგორც ასლან ბჟანიას, ასევე ალან გაგლოევს. პუტინის მისალოც წერილებში აღნიშნული იყო რუსეთის მიერ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა, განხილული იყო დე ფაქტო რესპუბლიკების მიერ 15 წელიწადში მიღწეული შედეგები და ხაზგასმული იყო რუსეთის მომავალი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებისადმი.
ვიდეოხიდი: მოსკოვი-ცხინვალი
25 აგვისტოს გაიმართა ვიდეოხიდი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩი“, მარატ კულახმეტოვი, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი და რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არტიომ ტუროვი. ონლაინშეხვედრა მიეძღვნა 26 აგვისტოს, მხარეებმა შეაფასეს ოკუპირებული რეგიონის 15 წლიანი განვითარების ეტაპები და პერსპექტივები.
ვიზიტები და შეხვედრები
ასლან ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში
23 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში შეხვდა რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელს, დანილ იგოროვს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები და რუსული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები დე ფაქტო რესპუბლიკის საგადასახადო სამსახურის ადმინისტრაციაში.
ალან გაგლოევის შეხვედრა რაშიდ ნურგალიევთან
25 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ნურგალიევი საბჭოში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
რაშიდ ნურგალიევისა და ალან გაგლოევის შეხვედრა
შეხვედრა მიხაილ გალუზინთან
14 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა შეხვედრა გამართა რუსეთში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების „ელჩებთან“, ალხას კვიცინიასთან და ზნაურ გასიევთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების შემდგომ მიღწეული შედეგები და აღნიშნეს მომავალში მოკავშირეობის კიდევ უფრო მეტად განვითარების მნიშვნელობა.
მიხაილ გალუზინის შეხვედრა „ელჩებთან“
ასლან ბჟანიას შეხვედრა იანა ლანტრატოვასთან
4 აგვისტოს ასლან ბჟანია რუსეთის დუმის დეპუტატს, იანა ლანტრატოვას შეხვდა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ოჯახთან ერთად ისვენებდა. ლანტრატოვა რუსეთის ადამიანთა უფლებების საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი და რუსეთის სახელმწიფო დუმის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. იგი სახელმწიფო დუმაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტთან ურთიერთობის დეპუტატთა ჯგუფის კოორდინატორია.
„რუსული სახლის“ ახალი თავმჯდომარე
22 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“, მარატ კულახმეტოვმა ოკუპირებულ რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ახალი თავმჯდომარე, სერგეი კომისაროვი ალან გაგლოევს წარუდგინა. მან ამ პოსტზე სერგეი სკვორცოვი შეცვალა, რომელმაც ცხინვალის რეგიონში ხუთწლიანი მოღვაწეობა 2023 წლის ივლისში დაასრულა.
ალან გაგლოევის შეხვედრა სერგეი კომისაროვთან და მარატ კულახმეტოვთან
ორდენები რუს მაღალჩინოსნებს
რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად, ალან გაგლოევმა დააჯილდოვა არაერთი რუსი მაღალჩინოსანი. კერძოდ, გაგლოევის ბრძანებით, დიმიტრი მედვედევს მიენიჭა უმაღლესი „სახელმწიფო ორდენი“ – „უაცამონგა“ „ქართული აგრესიისადმი შეწინააღმდეგებისთვის“ და „რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობაში შეტანილი წვლილისთვის.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსს, იგორ მასლოვს გადაეცა „მეგობრობის ორდენი“. „ღირსების ორდენი“ გადაეცა სერგეი ჩებოტარევს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს ხელმძღვანელს. ჩებოტარევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
„ღირსები ორდენი“ მიენიჭა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკსაც, რომელის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
გარდა ამისა, გაგლოევმა „ღირსების ორდენი“ მიანიჭა სერგეი ცეკოვს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრს და „მეგობრობის ორდენი“ - რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენს, მარია ლვოვა-ბელოვას, რომლის დაკავებაზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი აქვს გაცემული.