გამოცემა: №28 / მიმოხილვის პერიოდი: 1 ივლისი - 31 აგვისტო, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები
მაქსიმ რეშეტნიკოვის ვიზიტი
4 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთს სამუშაო ვიზიტით რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი, მაქსიმ რეშეტნიკოვი ეწვია. მინისტრს გაგრაში დახვდა დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი.
რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, რუსეთს შემუშავებული აქვს საინვესტიციო პროგრამა. პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგისთვის ოკუპირებულ რეგიონებში პერიოდულად ჩადიან რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები და რეშეტნიკოვის ვიზიტიც სწორედ ამას ეძღვნებოდა.
რეშეტნიკოვმა მოინახულა რამდენიმე ობიექტი, რომლის მშენებლობაც საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს: ელექტროქვესადგური „ალახადზი“, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა, რომელთა მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, რეშეტნიკოვმა დაათვალიერა ბიჭვინთაში მშენებარე სასტუმროს - „მოსკვა რეზორტ“ მიმდებარე ტერიტორია, რომელიც რუსი ბიზნესმენის, კრასნოდარის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ჩართულობით შენდება და გეგმის მიხედვით, 2026 წელს უნდა გაიხსნას.
ასევე, გაიმართა რეშეტნიკოვის შეხვედრა დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან და ე.წ. პრემიერ-მინისტრთან, ალექსანდრე ანქვაბთან, რა დროსაც განიხილებოდა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.
„Astoria Grande“
2 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გამოეხმაურა რუსული საკრუიზო ლაინერის - „Astoria Grande“ ჩასვლას ბათუმის პორტში. ბჟანიამ ლაინერი ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიჟა. მან განაცხადა, რომ „აფხაზეთი მზად არის ლაინერს ღირსეულად უმასპინძლოს, რისი გამოცდილებაც უკვე არსებობს“. შეგახსენებთ, რომ ივნისში აფხაზეთს ეწვია ლაინერი - „კნიაზ ვლადიმირი“, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკაში საზეიმოდ დახვდნენ. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, ლაინერი სრულად არ იყო დატვირთული და მისი მომგებიანობაც სათუოა.
შეხვედრა ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრთან
5 აგვისტოს მინსკში დე ფაქტო ტურიზმის მინისტრის, თეიმურაზ ხიშბასა და ბელარუსის სპორტისა და ტურიზმის მინისტრის, სერგეი კოვალჩუკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ბოლო პერიოდში ბელარუსისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გახშირდა, რაც შესამჩნევი გახდა 2022 წლის სექტემბერში ბელარუსის ლიდერის აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ.
ხიდის რეკონსტრუქცია
7 აგვისტოს რუსეთის ფედერალურ საგზაო სააგენტოში გაიმართა ვიდეო-კონფერენცია, რომელიც ეხებოდა რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის „სამთავრობათაშორისო“ შეთანხმების აღსრულებას მდინარე ფსოუს ორი მხარის დამაკავშირებელი ხიდის რეკონსტრუქციის თაობაზე. ხიდის რეკონსტრუქცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლებში ე.წ. საზღვარზე გადაადგილების მასშტაბები გაზრდილია.
აფხაზეთი - პოპულარული ტურისტული ადგილი
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებით, აგვისტოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ოკუპირებული აფხაზეთი შავიზღვისპირეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი კურორტი იყო და პერიოდულად ინაწილებდა მეორე-მესამე ადგილს სოჭსა და ანაპასთან ერთად. ასოციაციის განცხადებაში წერია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან დამსვენებელთა მსურველების რაოდენობა საგრძნობლად არ შეცვლილა წინა წლის მონაცემებთან შედარებით.
საწვავის კრიზისი
ზაფხულში ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის რეგიონებში ნავთობპროდუქტებზე ფასის მატება და გარკვეული კრიზისი შეინიშნებოდა, რასაც გამოეხმაურა დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო. განცხადების თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკაში საწვავზე ფასის მატება გამოიწვია რიგმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა და ამავდროულად ტურისტულმა სეზონმა, რა დროსაც იზრდება მოთხოვნა.
დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, ბაზარზე რუსეთისგან აფხაზეთი ყიდულობდა 1 ლიტრ АИ–92-ის საწვავს თებერვალ-მარტში - 33-35 რუსულ რუბლად, აპრილში - 40-41 რუბლად, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდში 1 ლიტრის საფასური შეადგენდა 51-52 რუბლს, რამაც გამოიწვია თავად დე ფაქტო რესპუბლიკაშიც საწვავზე ფასის მატება. აგვისტოში ოკუპირებულ აფხაზეთში АИ–92-ის 1 ლიტრის საფასური 55-59 რუბლი იყო, შედარებისთვის - თებერვალში ეს მაჩვენებელი 40-41 რუბლს უდრიდა.
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები
რეგიონის გაზიფიცირება
11 ივლისს დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი შეხვდა ოკუპირებული ჯავის რაიონის მოსახლეობას, რა დროსაც განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონის სრული გაზიფიცირებისთვის გამოყოფდა 2.7 მლრდ რუბლს (დაახლ. 28 მლნ აშშ დოლარი). მისი ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის რაიონულ ცენტრებამდე გაზიფიცირება მოხდება „გაზპრომის“ ძალისხმევით, ხოლო მცირე დასახლებებში მილსადენების გაყვანა მოხდება რუსეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი რესურსებით.
ცნობისთვის, ოკუპირებულ რეგიონში ამჟამად გაზიფიცირებულია მხოლოდ ქ. ცხინვალი და მიმდებარე დასახლებული პუნქტები. ამავე დროს ცხინვალის რეგიონს გაზი მხოლოდ რუსეთიდან, მილსადენის საშუალებით მიეწოდება.
საინვესტიციო პროგრამა
13 ივლისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და შეამოწმა დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარემ, კონსტანტინ ჯუსოევმა. მისი განცხადებით, 2023 წელს დაგეგმილი ყველა სამუშაო 100 პროცენტით იქნება შესრულებული.
ოსური ღვინო რუსეთში
რუსეთში ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლის, თაიმურაზ გოგინოვის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში მდებარე „მეღვინეობა ირონსანის“ პროდუქციის რუსეთში რეალიზების არეალი გაფართოვდა და ოსური ალკოჰოლური სასმელი გაიყიდება „ვინლაბ“-ის ქსელურ მაღაზიებშიც. კომპანია რეგიონში მდებარე ღვინისა და კონიაკის ერთადერთი მსხვილი მწარმოებელია და პროექტი რუსული ინვესტიციების წყალობით განხორციელდა.
ალან გაგლოევი რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ
26 აგვისტოს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რესპუბლიკებად აღიარების მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ალან გაგლოევმა ისაუბრა რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
დე ფაქტო პრეზიდენტის ცნობით, 2022 წელს რეგიონიდან რუსეთში გამავალი პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 40%-ით. გაგლოევმა გამოყო რამდენიმე კომპანია, რომლებსაც ამაში დიდი წვლილი შეაქვთ, ესენია: ცხინვალში მდებარე სამკერვალო საწარმო - „БТК 4“, „მეღვინეობა ირონსანი“ და კომპანია „Южный сад“.