გამოცემა: N58 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2023 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხ ინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
შეხვედრები ლავროვთან და პუტინთან
2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ დე ფაქტო ლიდერები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდებოდნენ. სერგეი ლავროვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს 3 ოქტომბერს ორმხრივ ფორმატში შეხვდა.
ბჟანიასთან შეხვედრისას ლავროვმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოჰყო. ლავროვმა ბჟანიას მადლობა გადაუხადა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე „სოხუმის აეროპორტის“ აღდგენისა და ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის რატიფიცირების საკითხი განიხილეს. რუსეთის მთავრობამ კანონმდებლობის რატიფიცირება ივნისში მოახდინა.
შეხვედრის ბოლოს, ბჟანიამ ლავროვი აფხაზეთის ე.წ. უმაღლესი სახელმწიფო „ახძ აფშას“ I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისთვის“.
ამავე დღეს, 3 ოქტომბერს, ლავროვი გაგლოევსაც შეხვდა. მან გაგლოევს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ რუსეთი უზრუნველყოფს ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოების გარანტიებს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მიღწეულ შედეგებს.
შეხვედრებს ესწრებოდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებიც, ინალ არძინბა და ახსარ ჯიოევი. ორივე შეხვედრაზე ე.წ. მინისტრებმა რუსეთთან „2024-2025 წლებში დიპლომატიურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“ მოაწერეს ხელი.
4 ოქტომბერს, ლავროვისგან განსხვავებით, პუტინმა მხოლოდ ბჟანიას უმასპინძლა. პუტინი-ბჟანია ორმხრივ ფორმატში ბოლო შეხვედრა 2020 წლის 12 ნოემბერს გაიმართა, რომლის შემდეგაც რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში ინტეგრაციის პროგრამას მოაწერეს ხელი. მედიაში პუტინთან გაგლოევის შესაძლო შეხვედრაზეც იწერებოდა, თუმცა ამჯერად ეს შეხვედრა არ შედგა. გაგლოევი „პრეზიდენტის“ რანგში პუტინს პირისპირ მხოლოდ ერთხელ, 2023 წლის 16 მარტს შეხვდა.
პუტინთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ, მოგვიანებით გავრცელდა. შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ფორმალურ საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.
ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი მოეწყობა
პუტინისა და ბჟანიას შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდა ბჟანიას ინტერვიუ რუსულ საინფორმაციო პორტალთან - „Известия“. სწორედ ამ ინტერვიუდან გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მოწყობა იგეგმება. ინტერვიუში ბჟანიამ დაადასტურა, რომ შეთანხმება უკვე ხელმოწერილია, რაც, მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობას უფრო მეტად გაზრდის.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოფიციალური თბილისის რეაგირებაც მოჰყვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება „წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას“ და „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას“. რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება სხვა საჯარო პირებმა და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმაც დაგმეს.
„სოხუმის აეროპორტს“ რაშიდ ნურგალიევის შვილი აღადგენს
27 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“-ს („Инфраструктурное Развитие“) შორის ხელი მოეწერა „ვ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას. რუსული კომპანია - „ინფრასტრუქტურული განვითარება“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.
ინფრასტრუქტურული განვითარების“ მფლობელი რაშიდ რაშიდის ძე ნურგალიევია, რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ამჟამინდელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილი. უფროსი ნურგალიევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გავლენიანი საჯარო მოხელეა.
ამჟამად არსებული ცნობებით, სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები დაიწყება არაუგვიანეს 2024 წლის ივლისისა, ხოლო სრულ ფუნქციონირებას აეროპორტი დაიწყებს 2024 წლის 31 დეკემბრიდან. დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია 11 მლრდ რუსული რუბლი (დაახლ. 118 მლნ აშშ დოლარი) დაჯდება.
აფხაზურ საზოგადოებაში ეს სიახლე გარკვეულ შიშსა და უკმაყოფილებას ბადებს, რადგან „ინფრასტრუქტურულმა განვითარება“ არ აკმაყოფილებს კონკურსის არცერთ პირობას და დაკავშირებულია რუსეთის მაღალჩინოსნის შვილთან. გარდა იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ სურდა სტრატეგიული ობიექტის გადაცემა უცხოელი კერძო ინვესტორისთვის, დადგენილება ითვალისწინებს არაერთ შეღავათს ინვესტორისთვის. ამასთან, აფხაზეთში შიშობენ იმასაც, რომ აეროპორტის აღდგენა დე ფაქტო რესპუბლიკისთვის წამგებიანი პროექტია, ინვესტორთან დადებული შეთანხმება კი მხოლოდ უარყოფით ეკონომიკურ ეფექტს გამოიწვევს.
ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში
7 ოქტომბერს ბჟანია დე ფაქტო ვიცე-პრემიერთან, ე.წ. ეკონომიკის მინისტრთან, კრისტინა ოზგანთან ერთად ეწვია რუსეთის საექსპორტო ცენტრს, სადაც შეხვდა ცენტრის გენერალურ დირექტორს, ვერონიკა ნიკიშინას. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის. სააქციო საზოგადოება - „რუსული საექსპორტო ცენტრი“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან აქტიურად თანამშრომლობს.
„საპარლამენტთაშორისო“ მემორანდუმი
9 ოქტომბერს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ალბოროვი და რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც „დეპუტატებს უფრო აქტიური დიალოგის საშუალებას მისცემს“.
მემორანდუმი მოიცავს „საპარლამენტთაშორისო“ კომისიის შექმნას, რომლის ფარგლებშიც დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა კომისიის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი. ალბოროვმა აღნიშნა, რომ მანამდე მხარეები სათანადოდ არ იყენებდნენ ამ ფორმატს, რაც, მისი თქმით, გამოსწორებული იქნება.
შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციასთან
13 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სერგეი ცეკოვი იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო რუსეთის „ელჩმა“ რეგიონში, მარატ კულახმეტოვმა.
შეხვედრის დიდი დრო დაეთმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმოხილვას და მასში მონაწილე მებრძოლების მხარდაჭერის მნიშვნელობას. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „ორმაგი მოქალაქეობის“ საკითხი ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. ცეკოვის განცხადებით, მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების მიღწევა ამჟამად ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. შეთანხმება ხელმოწერილი და რატიფიცირებულია, მისი ამოქმედებისათვის კი დარჩენილია ნორმატიულ-სამართლებრივი საკითხების მოგვარება, რაც, ცეკოვის თქმით, წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.
შეხვედრა დენის გონჩართან
17 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორს, დენის გონჩარს, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობას კურირებს. გონჩარი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორიც არის.
შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა რეგიონული უსაფრთხოებისა და რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.