ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2024 / 01 / 08

გამოცემა: N34 / მიმოხილვის პერიოდი: 1 ნოემბერი - 31 დეკემბერი, 2023 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის -„კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებულითუმცა, ამ ფონზე შედარებით გააქტიურებულია ოკუპირებული რეგიონების შეიარაღებული ძალები, რომლებიც პერიოდულად ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს. ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედროების შედარებითი პასიურობის ფონზე, დე ფაქტო რესპუბლიკების შეიარაღებული ძალების საქმიანობასაც მიმოვიხილავთ.

აფხაზეთი

სამხედრო წვრთნები

  • ე.წ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის, გენერალ დიმიტრი დბარის განკარგულების მიხედვით, აფხაზეთის სპეც. დანიშნულების ძალებმა უწყების საწვრთნელ ბაზასა და ქვემო ეშერას პოლიგონზე სპეციალური ტაქტიკური სწავლება გაიარეს. სწავლების განმავლობაში სამხედროებმა გაანეიტრალეს და დააკავეს პირობითი შეიარაღებული დამნაშავეები.
  • დე ფაქტო თავდცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ზამთრის პერიოდის სწავლების ფარგლებში სამხედრო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნა  შეამოწმეს. შემოწმების შემდეგ სამხედროები შეიარაღებასა და აღჭურვილობას გაეცნენ.
  • რეზერვის მსროლელი ბრიგადის ასეულმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საერთო პოლიგონზე სპეციალური ტაქტიკური მომზადება გაიარა. მომზადება მიზნად თავდაცვითი ბრძოლის წარმოებისთვის საჭირო ისეთი უნარების განვითარებას ისახავდა, როგორიც არის კამუფლირების ტექნიკები, საარტილერიო ცეცხლის მართვა - წარმოება და სხვ.

აფხაზ-აბაზურ მსოფლიო კონგრესი

  • დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავიდ ბჟანია სანქტ პეტერბურგში აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა საღამოსა და აფხაზ-აბაზურ მსოფლიო კონგრესს დაესწრო.

შეხვედრა მოსწავლეებთან

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები მსოფლიო აფხაზ-აბაზური კონგრესის წარმომადგენლებთან ერთად, პროფორიენტაციასთან დაკავშირებით გუდაუთის რაიონის სოფ. დურიფშის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. “თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალგაზრდა თაობის სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას და სისტემურად მუშაობს მათთან” ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ფიცის დადება

  • ახალწვეულებმა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე ფიცი დადეს და შესაბამის ქვედანაყოფებში განაწილდნენ. ცერემონიამდე მათ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ახალგაზრდა მებრძოლის კურსი გაიარეს.

ფიცის დადების ცერემონია.

შემაჯამებელი ღონისძიება

  • 20-21 დეკემბერს  დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და პირადი შემადგენლობის ოპერატიული და სამობილიზაციო შეკრება გაიმართა. შეკრება შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის საორგანიზაციო-მეთოდოლოგიური მომზადების 2024 წლის გეგმის მიხედვით ჩატარდა.

აღნიშნული შეკრება წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახლდათ სადაც, ძალოვანი სტრუქტურების, დე ფაქტო უსაფრთხოების საბჭოს, დე ფაქტო პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებმა განიხილეს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, მათი აღმოფხვრის გზები და შეიარაღებული ძალების განვითარების მიმართულებები.

ცხინვალის რეგიონი

სამხედრო წვრთნები

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს მსროლელი ბრიგადის ოფიცრებს თეორიული გაკვეთილები ჩაუტარდათ. გაკვეთილები მიზნად მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობისთვის ოფიცრების მომზადებას ისახავდა. მოგვიანებით მათ „სამინისტროს“ სასწავლო-მატერიალურ ბაზაზე ორდღიანი პრაქტიკული მომზადებაც გაიარეს. გაკვეთილები ლოჯისტიკური მხარდაჭერის, სამხედრო ტოპოგრაფიის, ინჟინერიისა და სხვა სამხედრო დისციპლინების შესწავლას გულისხმობდა.
  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სამხედროებმა უწყების სასწავლო ცენტრის სასწავლო-მატერიალურ ბაზაზე ტაქტიკური საველე მომზადება გაიარეს.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედროებისთვის უწყების სასწავლო ცენტრის საბრძოლო პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა. შეიარაღებული ძალების მომზადების გეგმის მიხედვით ორგანიზებულ ტაქტიკურ სწავლებაში ყველა საბრძოლო დანაყოფის მართვის ორგანოების სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა. 

მათ საარტილერიო ცეცხლის წარმოებასა და მართვაში, საშტატო იარაღისა და მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებაში ივარჯიშეს. ეს წლის ბოლო მასშტაბური წვრთნა იყო და მიზნად სამხედრო პერსონალის სრული საბრძოლო მზადყოფნისთვის საჭირო უნარების განვითარებას ისახავდა. 

  • წვრთნის მიმდინარეობა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მარატ პავლოვმაც მოინახულეს.

ფიცის დადება

  • სამხედრო ქალაქის სამწყობრო მოედანზე გამართულ საზეიმო ცერემონიაზე საშემოდგომო გაწვევის ნაკადის ახალწვეულებმა ფიცი დადეს. ცერემონიას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი, გენერალ-მაიორი მარატ პავლოვი, მისი მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები უშიშროების საბჭოს მდივან ანატოლი პლიევთან ერთად დაესწრნენ.

ახალწვეულთა წვრთნები

  • ახალწვეულებმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრის სასწავლო-მატერიალურ ბაზაზე ტაქტიკური და საინჟინრო საველე წვრთნა გაიარეს.
  • ახალწვეულებმა კურსის „ახალგაზრდა მეომარი“ ფარგლებში საბრძოლო და ფიზიკური მომზადება გაიარეს.
  • საშემოდგომო გაწვევის ახალწვეულებმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო პოლიგონზე საველე წვრთნა გაიარეს. წვრთნას საბრძოლო მომზადების დანაყოფისა და სპეც. დანიშნულების ბატალიონის ოფიცრები ზედამხედველობდნენ.

ტესტირება ლურჯი ბერეტის ტარების უფლებისათვის

  • სპეც. დანიშნულების ბატალიონის სამხედროებმა ორდღიანი საკვალიფიკაციო ტესტირება გაიარეს ლურჯი ბერეტის ტარების უფლების მისაღებად. იმ სამხედროებს კი, ვინც ტესტირება წარმატებით გაიარა, ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაენიშნათ 10 000 რუსული რუბლის ოდენობით.

შემაჯამებელი ღონისძიება

  • წლის ბოლო სამუშაო დღეს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომა გაიმართა სადაც 2023 წელი შეაჯამეს. სხდომას დე ფაქტო მინისტრ მარატ პავლოვთან ერთად დე ფაქტო პრემიერ მინისტრი კონსტანტინ ჯუსოევი, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი და თავდაცვისა და უშიშროების დე ფაქტო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცამაზ ბიბილოვი ესწრებოდნენ. 

წლის შემაჯამებელი სხდომა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში.

მარატ პავლოვის თქმით, 2023 წელი დე ფაქტო უწყებისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვინაიდან სრულყოფილად შესრულდა წლის გეგმა. 2024 წელზე საუბრისას მან სამხედრო წვრთნების ინტენსივობის გაზრდა და შედეგად, პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის უნარების განვითარება დააანონსა. 

სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების ოდენობის გაზრდა იყო. პავლოვის თქმით, სამხედროები გაზრდილ შრომის ანაზღაურებას რუსეთის ფედერაციის თანადაფინანსებიდან მიიღებენ.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.