გამოცემა: N16 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2024
მიმოხილვა მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
უარი კლაარს
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს 2024 წლის იანვრის ბოლოს აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტზე უარი უთხრეს. მისი თქმით, ბოლო ექვს თვეში მას უკვე მეორეჯერ უთხრეს უარი ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლაზე. კლაარის განცხადება 26 იანვარს გავრცელდა.
კლაარის განცხადებით, აფხაზეთის შედარებით ღიაობა არ უნდა გახდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მსხვერპლი. მისი შეფასებით, ბოლო წლებში მზარდი შეზღუდვებია მათ საქმიანობაზე, ასევე გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე.
ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ კამპანია 2021 წლის ბოლოდან გააქტიურდა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დაინიშნა. დასავლური ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გაზრდა მოსკოვის ერთ-ერთი მოთხოვნაა. გასული წლის დეკემბერში არძინბამ USAID-ის საქმიანობის შეზღუდვის შესახებ განაცხადა, ასევე ძლიერი წნეხია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე.
კლაარის განცხადებას არძინბას „უწყებაში“ მყისიერად უპასუხეს:
ვის და რატომ აკავებენ „საზღვარზე“?
ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე რამდენიმე საათით აფერხებენ და ზოგჯერ მათი სამოქალაქო პოზიციითაც ინტერესდებიან. გავრცელებული მოსაზრებით, რუსი მესაზღვრეები მსგავს დროებით დაკავებებს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიწოდებული სიების საფუძველზე ახორციელებენ, რომლის მიზანიც დე ფაქტო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებზე ზეწოლაა. ამ საკითხზე „სახალხო დამცველ“ ანას ქიშმარიასაც მიმართეს.
როდის ამოქმედდება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში?
12 იანვარს „РИА Новости“-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი შეიძლება უკვე წელსვე ამოქმედდეს. შამბას თქმით, „ოჩამჩირეში ამ ეტაპზე მხოლოდ საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ უკვე წელს შეიძლება დაიწყოს პუნქტის ფუნქციონირება. ჩემთვის რთულია ვთქვა თუ როდის ამოქმედდება პუნქტი და ზუსტად რა იქნება პუნქტში. ეს იქნება ბაზირების პუნქტი, როგორც გაწერილია შეთანხმებაში“.
ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნის შესახებ პირველად დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, 2023 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რუსულ საინფორმაციო პორტალ - „Известия“-სთან ინტერვიუში განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ოჩამჩირის პორტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რაც შესამჩნევია სატელიტურ სურათებზეც, რომლის მიხედვითაც 2023 წლისთვის პორტში სამი ახალი ინფრასტრუქტურა დაემატა.
ოკუპირებული რეგიონების საგარეო აქტივობა
ნოდარ შონია
ასლან ბჟანიას პრიორიტეტები
27 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2024 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა:
საწვავის კრიზისი
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების შედეგად ოკუპირებულ რეგიონებში საწვავის კრიზისი შეიქმნა. კრიზისი რუსეთის მთავრობის 2023 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რის საფუძველზე „როსნეფტმა“ და მისმა შვილობილმა კომპანიებმა ექვსი თვის განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ექსკლუზიური უფლება მიიღეს.
პრობლემა 21 დეკემბრიდან შეიქმნა. კომპანიები, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ კონტრაქტები გაფორმებული და ფული გადახდილი, ახალი რეგულაციის გამო, შეძენილი ნავთობპროდუქტების ოკუპირებულ რეგიონებში შეტანას ვერ ახერხებენ. ამის გამო აფხაზეთში ნავთობპროდუქტების უმსხვილესმა იმპორტიორმა - „აზიდ“, საკუთარ ბენზინგასამართ სადგურებზე ახალ წლამდე ზოგიერთი ნავთობპროდუქტის გაყიდვა შეაჩერა. პრობლემები შეექმნათ წვრილ კომპანიებსაც. აფხაზეთში ნავთობპროდუქტების 11 იმპორტიორია. კრიზისის პერიოდში კი შეუფერხებლად მუშაობენ მხოლოდ „როსნეფტ-აფხაზია“ და „აფსნი ოილ“. აფხაზეთში წლიურად დაახლოებით 100 ათასს ტონა საწვავს მოიხმარენ.
საწვავის კრიზისის საკითხი 18 იანვარს დე ფაქტო პარლამენტშიც განიხილეს. 24 იანვარს კი ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიის თანამშრომლებმა სოხუმში აქცია მოაწყვეს და „საპარლამენტო“ განხილვებში მიიღეს მონაწილეობა. გარდა იმისა, რომ საწვავის შესყიდვაზე შეზღუდვებია დაწესებული, შექმნილი კრიზისის გამო პრობლემა წარმოიქმნა თანამშრომლებზე ხელფასების გაცემისა და „ბიუჯეტში“ გადასახადების შეტანის კუთხით. პრობლემის მოგვარების მიზნით 30 იანვარს ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიის თანამშრომლები სოხუმში აქციაში მონაწილეობენ
ენერგოკრიზისი
2024 წელიც, წინა წლების მსგავსად, აფხაზეთში ენერგოკრიზისით დაიწყო. ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვებიც დაწესდა. ეს განპირობებულია, როგორც რუსეთიდან ნაკლები ელექტროენერგიის მიღებით, ასევე ჯვრის წყალსაცავში წყლის დაბალი დონით. 30 იანვარს „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მარაოსებრი გათიშვები განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, რადგან რუსეთი ყოველდღიურად ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიის მიწოდებას.
კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის დაგროვილი დავალიანებაა. 2014 წლიდან 5 მლრდ რუბლზე მეტი დავალიანება დაგროვდა, მათ შორის მოსახლეობის დავალიანება 4 მლრდ 700 ათასს რუბლია. 2023 წელს აფხაზეთში 2 მლრდ 600 ათასი კილოვატ საათი მოიხმარეს, რაშიც 935 მლნ რუბლი გადაიხადეს, დავალიანება კი 1 მლრდ 663 მლნ-ს შეადგენს, მათ შორის მოსახლეობის დავალიანება 81.4 %-ია. წინა წლებთან შედარებით გადახდები გაუმჯობესებულია, რაშიც თავისი როლი შეასრულა ძირითადად ქალაქებში დამონტაჟებულმა 22 500-მდე მრიცხველმა. 2024 წელს დამატებით 30 ათასი მრიცხველის მონტაჟი იგეგმება.
კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად ასევე ითვლება ელექტროენერგიის მოხმარებაზე არსებული დაბალი ტარიფი, რომელიც, როგორც დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, არ იძლევა ენერგოსექტორის განვითარების შესაძლებლობას. 2024 წლიდან გაიზარდა ტარიფი, რაც ფიზიკური პირებისთვის კილოვატ საათზე შეადგენს 1.8 რუბლს, იურიდიული პირებისთვის - 2.6 რუბლს, კრიპტოვალუტის მწარმოებლებისთვის - 4 რუბლს. დე ფაქტო მთავრობის 2022 წლის გადაწყვეტილებით, გადასახადი 2026 წლამდე ეტაპობრივად გაიზრდება.
ხანძარი გალერეაში
21 იანვარს, დილის 4 საათზე, სოხუმში „მხატვართა კავშირის“ შენობაში, ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა. დე ფაქტო კულტურის მინისტრის მ.შ. დინარა სმირის განცხადებით, „საფრთხის ქვეშ არის აფხაზი მხატვრების ოქროს ფონდი“. „სურათების ეროვნული გალერეის“ დირექტორის, სურამ საკანიას განცხადებით, „ეს არის ჩვენთვის აუნაზღაურებელი დანაკარგი. შეუძლებელია შეფასდეს ზარალი, რომელიც აფხაზურ კულტურას მიადგა“. რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ ხანძარს „ნამდვილი ტრაგედია“ უწოდა.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, 4000 ნამუშევარი დაიწვა, მათ შორის სრულად განადგურდა ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი. გადარჩა დაახლოებით 200-მდე ნახატი. ხანძარს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე“. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მზადყოფნა გამოთქვა დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში დახმარებაზე, თუმცა ეს შეთავაზება სოხუმში რეაგირების გარეშე დატოვეს. რესტავრაციის პროცესში უკვე ჩაერთო რუსი რესტავრატორების ჯგუფი.
რატომ გაიზარდა „აფხაზეთის რკინიგზის“ შემოსავლები?
ბოლო სამი წლის განმავლობაში „აფხაზეთის რკინიგზის“ შემოსავლები შვიდჯერ გაიზარდა. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 2023 წელს სარკინიგზო მომსახურების შედეგად შემოსავალმა შეადგინა 490 მლნ რუბლი მაშინ, როდესაც 2022 წელს ეს შემოსავალი შეადგენდა - 250 მლნ რუბლს, 2021 წელს - 175 მლნ რუბლს, 2020 წელს - 68 მლნ რუბლს. შემოსავლებისა და სატვირთო გადაზიდვების ზრდა მხოლოდ აფხაზეთში ეკონომიკური აქტივობით ვერ იქნება განპირობებული. დიდი ალბათობით, აღნიშნული რუსეთის მიერ აფხაზეთის, როგორც არალეგალური სატრანზიტო დერეფნის გამოყენებას უკავშირდება. სანქციების პირობებში რუსეთი ცდილობს, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ყველა შესაძლო მარშრუტი გამოიყენოს.
შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი სატვირთო გადაზიდვებზე მოდის. 2023 წელს აფხაზეთმა 14 ათასი სატვირთო ვაგონი მიიღო, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 4000-ით მეტია. 2023 წელს პირველად განხორციელდა საკონტეინერო მატარებლის მიღება. განსაკუთრებით გაიზარდა სამშენებლო მასალების, საწვავის, კვების პროდუქტების სარკინიგზო გადაზიდვები. გადაზიდვებში ძირითადი ადგილი უკავია ქვანახშირს, რომელიც ტრანზიტით თურქეთში მიემართება, საუბარია 600 ათასს ტონაზე მეტ ქვანახშირზე. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არსებული ინფორმაციით, სატრანზიტო ვაჭრობის ერთ-ერთი მონაწილე თურქული კომპანიებიც არიან.