ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2024 / 04 / 01

გამოცემა: №34 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 მარტი, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთ ვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია სოხუმში

25 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები იყვნენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანტონ მელნიკი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი.

დელეგაციამ დაათვალიერა დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით რუსეთის მთავრობის მიერ შემუშავებული 2023-25 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები. ჟურნალისტებთან საუბრისას, ვოლვაჩმა აღნიშნა, რომ 2024 წელს დე ფაქტო რესპუბლიკა რუსეთისგან 5.6 მლრდ რუსული რუბლის ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

მხარეებმა დაადასტურეს „კანონმდებლობების“ რატიფიცირების 2024-25 წლების გეგმა, რომლის ერთ-ერთი მიზანი აფხაზეთში რუსი კერძო ინვესტორებისთვის შესაბამისი პირობებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიცემაა.

„სოხუმის აეროპორტის“ რეკონსტრუქცია

„ვ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ რეკონსტრუქციისათვის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თანამშრომლები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას ხეებისა და ბუჩქებისგან წმენდენ. ასევე მიმდინარეობს ფეთქებადი საგნების საძიებო სამუშაოები. სამუშაოები დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამაც მოინახულა.  

აეროპორტის აღდგენით სამუშაოებს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილის, რაშიდ ნურგალიევის კომპანია აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაცით, აეროპორტიდან ტექნიკური ფრენები დაიწყება არაუგვიანეს 2024 წლის ივლისისა, ხოლო სრულ ფუნქციონირებას აეროპორტი 2024 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყებს.

აეროპორტის ფუნქციონირების დაწყების თარიღი დაადასტურა სოხუმში ვიზიტით მყოფმა მელნიკმაც. მან ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო „სოხუმის აეროპორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების მონახულებას. მელნიკმა განაცხადა, რომ აეროპორტის აღდგენის პროექტში 12 მლრდ რუსული რუბლის ოდენობის ინვესტიციაა ჩადებული და პირველი სატესტო ფრენა რუსეთიდან „სოხუმის აეროპორტში“ წელს შედგება.

26 მარტს დე ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრი ჯანსუღ ნანბა სოფელ ბაბუშარას მოსახლეობას შეხვდა და მათთან აეროპორტის რეკონსტრუქციის საკითხი განიხილა. აფხაზურ ტელეგრამ არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო მთავრობა აეროპორტის ტერიტორიის გაფართოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის გასახლებას გეგმავს. აღნიშნული უარყო თავად ნანბამ და განაცხადა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრა მიმდინარე სამუშაოების შესახებ მათ ინფორმირებას ემსახურებოდა.

ნანბას განცხადებაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი თქმით, დამკვეთ კომპანიას მართლაც აქვს აეროპორტის გაფართოების გეგმა, რაც დაკავშირებულია იმასთანაც, რომ კომპლექსის ნაწილი გამოსაყენებლად გადაეცა დე ფაქტო თავდაცვის ძალებსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაბამის სტრუქტურებს.

შეხვედრა რუსეთის ტურისტულ სააქციო საზოგადოებასთან

13 მარტს მოსკოვში დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა რუსული სააქციო საზოგადოების - „КАВКАЗ.РФ“ გენერალურ დირექტორს, ანდრეი იუშმანოვს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, პიოტრ პანტიუხოვი.

„КАВКАЗ.РФ“ აქტიურად მუშაობს ტურისტულ-რეკრეაციული სფეროს განვითარებაზე რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ტურიზმის განვითარების სფეროში.

აფხაზეთი მოსკოვში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე

19-21 მარტს მოსკოვში ტურიზმისა და მომსახურების ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენა - МІТТ- 2024 გაიმართა. გამოფენაზე წარდგენილი იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტენდიც. აფხაზური სტენდი გამოფენაზე წარდგენილი იყო გულრიფშში მდებარე შაკურანის მღვიმის სტილში. დელეგაციის წევრები იყვნენ დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი, თეიმურაზ ხიშბა და აფხაზური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები. გამოფენა მოინახულა რუსეთში აფხაზეთის „ელჩმა“ ალხას კვიცინიამაც.

ტურისტული გამოფენა რუსეთში უკვე 30 წელია იმართება. მასზე წარმოდგენილნი არიან დელეგაციები რუსეთის 58 რეგიონიდან და 29 სხვადასხვა ქვეყნიდან. გამოფენაზე ქვეყნებს ეძლევათ შესაძლებობა რუსეთის მოქალაქეებს მათი რეგიონების ტურისტული პოტენციალი უჩვენონ.

აფხაზეთის სტენდი ტურისტულ გამოფენაზე

ტურისტული მატარებელი - „სოჭი“

ტურისტული მატარებელი „სოჭი“ მარშრუტით ტუაფსე-სოჭი-გაგრა 1 მაისიდან განაახლებს ფუნქციონირებას. 2023 წლის განმავლობაში, მატარებელი 40 ათას მგზავრს მოემსახურა.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

ალან გაგლოევის ვიზიტი „ქვემო ზარამაგის“ სგპ-ზე

1 მარტს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა „ქვემო ზარამაგის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამუშაო შეხვედრა გამართა. სგპ რუსეთსა და  ცხინვალის რეგიონს შორის ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო მარშრუტია. გაგლოევი შეხვდა რუსეთის  ტრანსპორტის სამინისტროს რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ გამშვები პუნქტის მოწყობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს, მიხეილ კოკაევს.

გაგლოევმა დაათვალიერა სგპ-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რისი მიზანიცაა პუნქტის მოდერნიზაცია და გამტარუნარიანობის გაზრდა. კოკაევის განცხადებით, ახლო მომავალში ამოქმედდება დამატებითი საგზაო ზოლები, რაც მოაგვარებს პუნქტთან არსებული საცოცების პრობლემას. რეკონსტრუქციის შედეგად პუნქტი დღეში დამატებით 400 ავტომობილის მომსახურებას შეძლებს.  კარგი ამინდის შემთხვევაში, დღეში პუნქტს კვეთს საშუალოდ 70 სატვირთო და 1000-1100 მსუბუქი ავტომობილი.

ერთიანი საბაჟო ტარიფი

29 მარტს რეგიონის ე.წ. პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა „კანონის“, რომლის თანახმადაც რეგიონში შემოსული საქონელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთო ტარიფით დაიბეგრება.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში აქტიურად მიდის მუშაობა რუსეთისა და რეგიონის საბაჟო სამსახურების ჰარმონიზაციაზე, რეგიონში შიშობდნენ, რომ კავშირის საერთო ტარიფის გამოყენება „ბიუჯეტისთვისა“ და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის არ იქნებოდა ხელსაყრელი. „კანონის“ რატიფიცირებამდე სწორედ აღნიშნულზე გაამახვილა ყურადღება დე ფაქტო ფინანსთა მინისტრმა, ძამბოლატ ტადტაევმა.

ტადტაევის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში იმპორტირებული საქონელის 95% რუსეთიდანაა, მიღებული საერთო ტარიფი იმოქმედებს კავშირის ყველა წევრი ქვეყნიდან მიღებულ პროდუქტზე, გარდა რუსეთისა. ე.წ. მინისტრის განცხადებით, იმპორტირებული საქონელის 5%-ია ის ოდენობა, რაც რეგიონში „მესამე ქვეყნებიდან“ შემოდის. შესაბამისად, ეს საქონელი დაიბეგრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საერთო ტარიფით, ხოლო რუსეთიდან მიღებულ საქონელზე მიღებული „კანონი“ არ გავრცელდება.