გამოცემა N29 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 მარტი, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
IPRM-ის 118-ე შეხვედრა
20 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ტიბორ კოზმასა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 118-ე შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წელს ეს რიგით მეორე შეხვედრა იყო.
დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები
მარტში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
4 მარტს საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის მკვიდრი, 38 წლის გიორგი ბალიაშვილი უკანონოდ ქ. ცხინვალის აღმოსავლეთით დააკავეს.
ამავე დღეს, 4 მარტს საქართველოს მოქალაქე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა მეჯვრისხევის მკვიდრი, 28 წლის ნოდარ ბიბილაშვილი კი, საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ერედვის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღრომის მიმდებარედ დააკავეს.
ბალიაშვილი და ბიბილაშვილი უკანონო პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს. მათი დაკავებისა და გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა 6 მარტს გაავრცელა. ე.წ. კომიტეტის ცნობით, ორივე პირს აღენიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც „კომიტეტმა“ გადაწყვიტა ორივე პირი ფულადი ჯარიმის გადახდის გარეშე გაეთავისუფლებინა.
ბალიაშვილისა და ბიბილაშვილის გათავისუფლების გარდა, მარტში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან ორი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. 2024 წლის 14 მარტს საპატიმროდან გაათავისუფლეს დიმიტრი კორინთელი და გიორგი მელაძე. საქართველოს მოქალაქეები 2023 წლის 24 ნოემბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. აძვის მიმდებარედ დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის მუხლით აღიძრა. 2024 წლის 13 თებერვალს კორინთელსა და მელაძეს ე.წ. სასამართლომ „საზღვრის უკანონო კვეთის“ მუხლით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სავარაუდოდ, „სასამართლოს“ განაჩენის გამოტანამდე საპატიმროში ხანგრძლივი პერიოდით ყოფნის გამო, მოქალაქეების გათავისუფლება განაჩენიდან მალევე მოხერხდა.
ჯამში, მარტში საოკუპაციო ძალებმა ორი პირი დააკავეს და ოთხი - გაათავისუფლეს.
31 მარტის მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. მათგან ცნობილია მხოლოდ სოსო დვალიშვილის, ლაშა ხეთერელის, ნიკა მამასტარაშვილისა და ივანე ლუთიძეს ვინაობა.
სოსო დვალიშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 16 იანვარს საოკუპაციო ხაზის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მონაკვეთზე დააკავეს.
ლაშა ხეთერელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის ივლისში მეშვიდედ დააკავეს. იგი პერიოდულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის იქ მცხოვრები ოჯახის წევრების მოსანახულებლად.
ნიკა მამასტარაშვილი და ივანე ლუთიძე - საოკუპაციო ძალებმა 2024 წლის 14 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კნოლევის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს.
რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.
„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა
ახალი საგუშაგო ხურვალეთთან
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის, დავით ქაცარავას 21 მარტის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურვალეთის თავზე საოკუპაციო ძალები ახალ საგუშაგო კონსტრუქციას აშენებენ. ქაცარავასვე მიერ 29 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, თვის ბოლოს საოკუპაციო ძალებმა გააგრძელეს ხურვალეთის მიმდებარედ მუშაობა, ამჯერად სხვა ლოკაციაზე.
საგუშაგო კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოები
გააქტიურებული მორიგეობა კირბალთან
დავით ქაცარავას მიერ 6 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. კირბალის თავზე მდებარე საგუშაგოზე საოკუპაციო ძალებმა მორიგეობა გაააქტიურეს. ქაცარავა სამხედროების გააქტიურებას მათ მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას უკავშირებს და ამბობს, რომ ეს აქტიურობა სწორედ გინტურის მკვლელობის შემდეგ შეინიშნება. გინტური რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 6 ნოემბერს სოფ. კირბალთან მოკლეს.
საგუშაგო სოფ. კირბალის თავზე
პატრულირება ანტი-დრონის იარაღის თანხლებით
დავით ქაცარავას ინფორმაციით, 1 მარტს პატრულირების დროს, მან დააფიქსირა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ LPD-801 ტიპის იარაღით. რუსული წარმოების LPD-801 უპილოტო საფრენი აპარატის მწყობრიდან გამოყვანის საშუალებას იძლევა და ქაცარავას მტკიცებით, საპატრულო ჯგუფს არასდროს ჰქონია პატრულირებისას გამოტანილი აღნიშნული იარაღი. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უახლესი იარაღი, LPD-801 პირველად უკრაინაში სამხედრო აგრესიის დროს გამოიყენა. პირველი ცნობა ანტი-დრონის ამ სისტების გამოყენების შესახებ 2022 წლის 9 ივლისს გავრცელდა.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი პატრულირების პროცესში LPD-801 ტიპის იარაღით. წყარო: დავით ქაცარავას Facebook-ის გვერდი.
მნიშვნელოვანი ვიზიტები
ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტი ოძისში
6 მარტს ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად საოკუპაციო ხაზის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისის მონაკვეთი მოინახულა. ისლანდიის პრეზიდენტი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო მინისტრისგან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისმინა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან. წყარო: smr.gov.ge