გამოცემა N30 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 30 აპრილი, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები
აპრილში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.
14 აპრილს საოკუპაციო ძალებმა სოფ. ორტევის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული ოთარ ტერაშვილი, 2008 წელს დაბადებული თამაზ ეცადაშვილი და 2004 წელს დაბადებული ვალერი გიუნაშვილი უკანონოდ დააკავეს.
19 აპრილს ე.წ. ცხინვალის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეები „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის“ მუხლით დამნაშავედ სცნო. დაკავებულებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმა, რის შემდეგადაც ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართველ სამართალდამცავებს გადმოსცეს.
22 აპრილს საოკუპაციო ძალებმა სოფ. დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 აპრილს გაავრცელა.
29 აპრილს საოკუპაციო ძალებმა სოფ. დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 29 აპრილს გაავრცელა. უწყების ცნობით, დაკავებული მოქალაქე სოფ. გუგუტიანთკარის მცხოვრებია. სოფელი გუგუტიანთკარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფლებს - დისევსა და ხელჩუას ესაზღვრება.
ტერაშვილის, ეცადაშვილისა და გიუნაშვილის გათავისუფლების გარდა, აპრილში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს. 1 აპრილს საპატიმროდან გათავისუფლდა ალექსი ადეიშვილი.
ადეიშვილის დაკავების შესახებ ცნობები ღია წყაროებში მისი გათავისუფლების შემდეგ გავრცელდა. ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 2024 წლის 10 იანვარს ქ. თბილისში მცხოვრები 1967 წელს დაბადებული ალექსი ადეიშვილი საოკუპაციო ძალებმა სოფ. ახმაჯის მიმდებარედ „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ დააკავეს. 2024 წლის 27 თებერვალს ახალგორის რაიონის „რაიონულმა სასამართლომ“ ადეიშვილი დამნაშავედ სცნო „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის“ მუხლით. ადეიშვილი გათავისუფლების შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართველ სამართალდამცავებს გადმოსცეს.
ჯამში, აპრილში საოკუპაციო ძალებმა შვიდი პირი დააკავეს და ოთხი - გაათავისუფლეს.
30 აპრილის მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფება. მათგან ცნობილია მხოლოდ სოსო დვალიშვილის, ლაშა ხეთერელის, ნიკა მამასტარაშვილისა და ივანე ლუთიძეს ვინაობა.
სოსო დვალიშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 16 იანვარს საოკუპაციო ხაზის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მონაკვეთზე დააკავეს.
ლაშა ხეთერელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის ივლისში მეშვიდედ დააკავეს. იგი პერიოდულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის იქ მცხოვრები ოჯახის წევრების მოსანახულებლად.
ნიკა მამასტარაშვილი და ივანე ლუთიძე - საოკუპაციო ძალებმა 2024 წლის 14 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კნოლევის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს.
რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს 2023 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში განხილულია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებიც.
სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 37, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 26 პირი.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ის, რომ გასული წლის ნოემბერში საოკუპაციო ხაზთან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა და გართულდა.
სუს-ი ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებზე სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და დანაშაულებრივ ქმედებებს ახალისებს.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს გრძელდებოდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 39, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 3 შემთხვევა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.