გამოცემა: N20 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მაისი, 2024
მიმოხილვა მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
აფხაზეთი
რა ხდება „საგარეო საქმეთა სამინისტროში“?
7 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა, „მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად კი არძინბას მოადგილე, ირაკლი ტუჟბა დანიშნა. არძინბა „მინისტრად“ 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. იგი ხშირად აკეთებდა მწვავე განცხადებებს, განსაკუთრებით ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. არძინბა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღების მთავარი ლობისტი იყო, თუმცა კანონი ამ დრომდე არ არის მიღებული.
ირაკლი ტუჟბა
არძინბას გათავისუფლებამ კითხვები გააჩინა, რადგან ბჟანიას ბრძანებაში, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, არ იყო მითითებული გათავისუფლების მიზეზი. მოგვიანებით ამ საკითხზე დაწერა რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა, რომლის თქმითაც მას მისწერა თავად არძინბამ: „ახალ სამსახურში გადასვლის გამო დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. ეს იყო დაგეგმილი გადაწყვეტილება. ამჟამად ვიმყოფები მოსკოვში.“ მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამაც. გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე არძინბამ რუსეთის ტელევიზიაში წამყვანის როლში მოსინჯა თავი და ახალ სპეცპროექტში - „გლობალური უმრავლესობა“ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან ჩაწერა ინტერვიუ.
მოგვიანებით თავად არძინბამაც დაადასტურა, რომ რუსეთში ახალ სამსახურში გადასვლა დაგეგმილი გადაწყვეტილება იყო. „უფრო მეტი ეფექტური მუშაობისთვის, აფხაზეთის რესპუბლიკის უფრო ეფექტური მხარდაჭერისთვის, მივიღე ეს გადაწყვეტილება - განვავითარო კონტაქტები, ვიმუშაო რუსეთში.“ ამ დრომდე უცნობია თუ სად დასაქმდა არძინბა. მისი გადადგომის შესახებ ადრეც გავრცელებულა ინფორმაცია.
არძინბას გათავისუფლებას „სამინისტროში“ კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება მოჰყვა. 28 მაისს ტუჟბა გაათავისუფლეს „მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობიდან და მოვალეობის შესრულება, „მინისტრის“ მეორე მოადგილეს, ოდისეი ბიგვავას დააკისრეს. მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზად ტუჟბას ამერიკულ ვოიაჟს ასახელებენ. 7 მაისს, როდესაც ტუჟბა მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, იგი დაგეგმილი შვებულებით, აშშ-ში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტუჟბას მეუღლე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. როგორც ჩანს, რუსეთის დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე, აშშ-ში ვიზიტი ტუჟბას კარიერული წინსვლისთვის „კომპრომატი“ აღმოჩნდა.
ოდისეი ბიგვავა
„პრეზიდენტის“ საინფორმაციო ცენტრი
არძინბას გათავისუფლების კონტექსტში უნდა განვიხილოთ 16 მაისს, სოხუმში, ბიზნეს-ცენტრ „გუდოუ-პლაზაში“ „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრის“ გახსნა. ცენტრის კოორდინატორის, მილანა ცვიჟბას განცხადებით, ცენტრის მთავარი მიზანია საზოგადოების ოპერატიული ინფორმირებისთვის უფრო ეფექტური სისტემის შექმნა. ახალმა ცენტრმა, როგორც ჩანს, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი ჩაანაცვლა, რომლის ტელეგრამ არხში 13 მაისის შემდეგ აღარ იძებნება ინფორმაცია. საინტერესოა, რომ ცვიჟბა 2022 წლიდან მედიაცენტრის კოორდინატორი იყო. მედიაცენტრის შექმნა არძინბას იდეა იყო, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა მედიაცენტრს, ახალი საინფორმაციო ცენტრი კი, უკვე ბჟანიას ინტერესებს მოემსახურება. 2025 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ბჟანია, რომელიც კიდევ ერთი ვადით შეეცდება „პრეზიდენტობას“, ახალ საინფორმაციო ცენტრს თავისი საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებს.
ვიდეო-ხიდი და კონფედერაციის საკითხი
23 მაისს გაიმართა ვიდეოხიდი სოხუმი-მოსკოვი - „აფხაზეთი და რუსეთი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის კონტექსტში“. აფხაზური მხრიდან ვიდეოხიდში მონაწილეობდა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბაც. ვიდეოხიდის დროს გაისმა მოსაზრება საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მონაწილეობით კონფედერაციის შექმნის სცენარის შესახებ. შამბას თქმით, „ექსპერტები აკეთებენ დასკვნებს, რომ საქართველო ცვლის საგარეო პოლიტიკის ვექტორს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, რომ არის გეგმები დამყარდეს გარკვეული კონფედერაციული ურთიერთობები, რომ შემდგომში რუსეთმა შეიძლება უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. მოსაზრება, რომ რუსეთს თითქოს სურს საქართველოსა და აფხაზეთის კონფედერაციის შექმნა, ბევრ ექსპერტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო გაუჩნდა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ ჩვენ ამას არ მივიჩნევთ რეალურად. ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება სხვა ფორმატი, სხვა ინტეგრაცია, დიდი სამოკავშირეო სახელმწიფო (რუსეთთან და ბელარუსთან).“
კონფედერაციის თემაზე პერიოდულად საუბრობენ აფხაზურ მედიაში. გაისმის მოსაზრებები, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დაახლოების სანაცვლოდ, რუსეთი ოკუპირებული რეგიონების საკითხში შეიძლება საქართველოსთან დათმობაზე წავიდეს, რაც კონფედერაციის შექმნაში შეიძლება გამოიხატოს. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ შამბას განცხადება აფხაზეთში ცუდად ენიშნათ, რადგან მას მკვეთრი უარი კონფედერაციის შექმნაზე არ უთქვია.
9 მაისი ბჟანიას გარეშე
9 მაისს, დიდ სამამულო ომში (II მსოფლიო ომში) გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც მოსკოვში ჩატარდა, ბჟანია არ მონაწილეობდა. ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტს წერილობით მიულოცა დღესასწაული. სატელეფონო მილოცვით შემოიფარგლა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც. ბჟანიას და გაგლოევის არდასწრება, მაშინ როდესაც ღონისძიებას გვინეა-ბისაუს, კუბისა და ლაოსის პრეზიდენტები, ასევე ცენტრალური აზიის ლიდერები, ესწრებოდნენ, გარკვეული ეჭვები გააჩინა. მედიაში გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი ნაბიჯი მოსკოვმა თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზების კონტექსტში გადადგა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერები 9 მაისის ღონისძიებაზე მოსკოვში, ბოლოს, 2020 წელს იმყოფებოდნენ, როდესაც გამარჯვების საიუბილეო, 75-ე წლისთავი აღნიშნეს.
აფხაზეთში კიდევ ერთი ქართველი „ჯაშუში“ დააკავეს
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 24 აპრილს გაგრაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამავე დროს არის აფხაზეთის „მოქალაქეც“, კახა მურადოვი. იგი ეჭვმიტანილია „საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში“. „სამსახურის“ ინფორმაციით, „მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მაცხოვრებლების ისეთ საქმიანობაში ჩართვას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესს მოემსახურებოდა. მურადოვი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას მტრული ქვეყნის სპეცსამსახურებს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების საზიანოდ“.
სამსახურის ცნობით, „მურადოვი 1977 წელს დაიბადა აფხაზეთში. 1994-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს-ში, 1999 წელს კი აფხაზეთში ჩავიდა. მისი ერთ-ერთი დავალება იყო თვალი ედევნებინა მატარებლებისთვის, რომლებიც აფხაზეთში რუსეთიდან შემოდიოდნენ, უნდა გაერკვია იყო თუ არა მატარებელი დატვირთული ჯავშანტექნიკით ან სხვა სამხედრო ტექნიკით“. მურადოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 9 მაისს აღიძრა.
კახა მურადოვის დაკითხვა
ქართულ სპეცსამსახურებზე მომუშავე „ჯაშუშების“ თემა აფხაზეთში ბოლო წლებში აქტუალური საკითხი გახდა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე ოკუპირებულ რეგიონებში შიშობენ, რომ ქართული სპეცსამსახურები ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით და მათ ტერიტორიაზე საქმიანობას გაააქტიურებენ. 2023 წელს „ჯაშუშობის“ ბრალდებით გაასამართლეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე.
ცხინვალის რეგიონი
არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები
9 ივნისს ცხინვალში არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. „არჩევნებში“ მონაწილეობას მიიღებს 112 მაჟორიტარი კანდიდატი და 7 პოლიტიკური პარტია. 12 პარტიიდან მხოლოდ 7 დაარეგისტრირეს: „ერთიანი ოსეთი“ (ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, მხარდაჭერით სარგებლობს), „სახალხო პარტია“ (ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, მხარდაჭერით წლებია სარგებლობდა, თუმცა, ამჯერად პარტიულ სიაში „ალანიის პატრიოტების“ წევრებიც არიან. „ალანიის პატრიოტებმა“, რომელიც ძამბოლატ თედეევის მხარდაჭერით სარგებლობს, „სახალხო პარტიასთან“ წინასაარჩევნო ალიანსი შეკრა), „ხალხის ერთობა“ (გასულ წლებში პარტია „ერთიანი ოსეთის“ მოკავშირე იყო), „ნიხას“ (დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის, მხარდაჭერით სარგებლობს), კომუნისტური პარტია, „ერთობა“ და „ირი ფარნ“.
რეგისტრაციაზე უარი უთხრეს პარტიას „სამართლიანობისთვის“, რომლის სიაშიც იყო სკანდალურად ცნობილი სამი მოქმედი „დეპუტატი“: გარი მულდაროვი, დავიდ სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი. სამივე დეპუტატმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისგან შეტყობინება მიიღეს რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია „ქმედებები, რომლებიც ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას რუსეთის საზღვართან“. რაში გამოიხატებოდა კონკრეტულად ეს ქმედებები, დოკუმენტში არ არის მითითებული, თუმცა ეს საქართველოსთან „საზღვრის“ დადგენის მიმართულებით აქტიურობას უნდა უკავშირდებოდეს. სამივე „დეპუტატი“ საქართველოსთან „სახელმწიფო საზღვრის“ დადგენას უჭერდა მხარს. პარტიისა და დეპუტატების „არჩევნებზე“ არდაშვებას ოკუპირებულ რეგიონში მათ გაზრდილ პოპულარობას უკავშირებენ, რაც არ იყო მისაღები გაგლოევისთვის და, როგორც ჩანს, მოსკოველი კურატორებისთვისაც.
საინტერესოა, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „დეპუტატობის“ კანდიდატებს შორის დებატებიც მიმდინარეობს. განხილვის ერთ-ერთი თემა „საქართველოში რევანშისტული განწყობების ფონზე საკუთარი შეიარაღებული ძალების" საკითხსაც ეხება.
რუსულ-ქართული საქმიანი საბჭო და ტრანზიტის საკითხი
14 მაისს, მოსკოვში, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს VII გაფართოებული სხდომა ჩატარდა. სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ განაცხადა „დიდი ამბიციების“ შესახებ საავტომობილო გადაზიდვების მიმართულებით, მათ შორის, ცხინვალის რეგიონის გავლით, ასევე სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის კუთხით (ადრე საუბარი იყო ინგუშეთიდან რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე). შეხვედრის მონაწილეებს წაუკითხეს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის წერილიც, რომელიც ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ბოლო პერიოდში საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ფონზე რამდენჯერმე გაიჟღერა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით ტრანზიტის იდეამ. დასავლეთის მხრიდან რუსეთზე დაწესებული სანქციების პირობებში, მოსკოვი ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს და ამ მხრივ ცხინვალის რეგიონის გავლით ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.
რუსეთში ირანის ყოფილი ელჩი ცხინვალს ეწვია
14 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ირანული საქველმოქმედო ასოციაციის გენერალურ დირექტორს, სეიედ მაჰმუდ რეზა საჯადის ცხინვალში უმასპინძლა. ირანელი სტუმარი რუსეთში მოღვაწე ოსური წარმოშობის ბიზნესმენ ალბერტ ჯუსოევთან („სტროიპროგრესის“ პრეზიდენტი) ერთად ესტუმრა ოკუპირებულ რეგიონს.
ვიზიტის ფარგლებში ირანულ ორგანიზაციასა და დე ფაქტო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. საჯადი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა.
საჯადი 2009-2013 წლებში რუსეთში ირანის ელჩი იყო. ყოფილმა ელჩმა შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ იგი შეძლებს ცხინვალის რეგიონს ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარებაში დაეხმაროს. საჯადის ვიზიტი იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ ეს არის ოკუპირებულ რეგიონში მსგავსი მაღალი დონის ირანელის პირველი ვიზიტი, რაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ თეირანის პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს შეიძლება მიუთითებდეს.
სეიედ საჯადი და ალან გაგლოევი
ჩინური კომპანიის პრეზიდენტი ცხინვალს ეწვია
16 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინ ჯუსოევმა ჩინური კომპანიის - „Fujian Tianrun Yongshun Supply Chain“ პრეზიდენტ უ კეგუანს უმასპინძლა. ჩინელი სტუმარი ალბერტ ჯუსოევთან ერთად ესტუმრა ოკუპირებულ რეგიონს. შეხვედრაზე განიხილეს პერსპექტიული თანამშრომლობის სფეროები ტურიზმსა და სამთო მრეწველობაში, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონში ავტომობილების წარმოების შესაძლებლობაზე. ჩინური მხარე საწყის ეტაპზე განიხილავს მცირეგაბარიტიანი მანქანების აწყობის საკითხს. აპრილში ცხინვალის რეგიონში კიდევ ერთი ჩინური საინვესტიციო კომპანიის - „საბრინა“ წარმომადგენელი, ვუ ინგხუეი იმყოფებოდა. ამ ეტაპზე რთულია ვთქვათ, თუ რამდენად რეალურია ჩინური ინვესტიციების განხორციელება ოკუპირებულ რეგიონში. თუმცა, საყურადღებოა, რომ ჩინური კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტები იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ვითარდება.
უ კეგუანი ცხინვალში
ერგნეთში IPRM-ის 119-ე შეხვედრა გაიმართა
16 მაისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზნის (IPRM) ფორმატის 119-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცხინვალის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა საქართველოს მოქალაქეების მიერ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, „უმრავლეს შემთხვევაში ეს ხდება ან არცოდნის ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რა დროსაც მათ მიმართ ჰუმანიტარული მეთოდი გამოიყენება და მათ მხოლოდ აჯარიმებენ ან ატოვებინებენ რეგიონს“. კოჩიევმა ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების მიერ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის დაუშვებლობაზეც. კოჩიევმა ასევე ისაუბრა სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს გაუქმების, „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციასა და დემარკაციის და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხებზე.
პოზიტიური საკითხებიდან, კოჩიევმა ისაუბრა წინაგარის ზონის სოფლების წყლის მომარაგების საკითხზე. მისი თქმით, ქართული მხარე მზად არის წყლის მისაღებად, ოსური მხარე კი წყლის მისაწოდებლად, მათ შორის ტირიფონის არხით. სარწყავი წყლის გაზიარება ერთ-ერთი ის იშვიათი საკითხია, რაზეც ერგნეთში შეხვედრების ფარგლებში შეთანხმება მოხერხდა.
შემდეგი, 120-ე შეხვედრა, 23 ივლისს დაიგეგმა.
საკადრო ცვლილებები
28 მაისს გაგლოევმა მოხსნა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვეფხვია თანდელოვი. იგი 2023 წლის 12 აპრილს დაინიშნა ამ პოსტზე. 18 მაისს ოსურ ტელეგრამ-არხებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი დიპლომატიური ნომრებიანი მანქანით სიგარეტის კონტრაბანდისთვის ჩრდილოეთ ოსეთში დააკავეს. საინტერესოა, რომ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი 18 აპრილს გაათავისუფლეს. მის გადაყენებასაც სიგარეტის კონტრაბანდისთვის „მინისტრის“ მძღოლის დაკავების ფაქტს უკავშირებენ. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „მინისტრის“ მძღოლი, რომელსაც სამსახურებრივი მანქანით კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა, აპრილში ვლადიკავკაზში დააკავეს.
სიგარეტის კონტრაბანდა ცხინვალის რეგიონში გავრცელებული პრაქტიკაა. თამბაქოს ნაწარმი რეგიონში მესამე ქვეყნებიდან, რუსეთის გავლით, „ლეგალურად“ შედის, საიდანაც კონტრაბანდული გზით რუსეთსა და საქართველოში ვრცელდება.
პავლოვის გათავისუფლების შესახებ სხვა ვერსიებიც ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, პავლოვმა დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში შემოწმება დაიწყო, რის შედეგადაც დარღვევები გამოვლინდა, რაც გაგლოევთან დაახლოებულ პირებსაც შეეხოთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება და ოკუპირებული რეგიონების რეაგირება
2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად.“
27 მაისს განცხადება გაავრცელა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „ნათელია, რომ წინასაარჩევნოდ ასეთი პოპულისტური განცხადებები მიმართულია შიდა აუდიტორიაზე. საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა დააბრუნოს აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში აბსოლუტურად უპერსპექტივოა. საჭიროდ მივიჩნევთ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აგრძელებს სვლას საკუთარი სუვერენიტეტის გამყარების გზაზე. აფხაზმა ხალხმა გააკეთა საკუთარი საბოლოო არჩევანი, ეს არჩევანი კი არ ექვემდებარება არანაირ რევიზიას“ - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
კობახიძის განცხადებას უპასუხეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. „სამხრეთ ოსეთის ხალხმა გააკეთა საკუთარი არჩევანი, რომელიც არ ექვემდებარება გადახედვას და მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობასა და რუსეთის ფედერაციასთან, რესპუბლიკის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტთან, მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციული კავშირების გაძლიერებისკენ“.