გამოცემა: N21 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ივნისი, 2024
მიმოხილვა მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
აფხაზეთი
შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
13 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, ადმინისტრაციის უფროსს, ანტონ ვაინოს და მის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს, რომელიც ოკუპირებული რეგიონების კურატორია, შეხვდა. ბჟანიას პრესსამსახურმა შეხვედრის შესახებ ლაკონური განცხადება გაავრცელა. არ გავრცელებულა შეხვედრის ამსახველი ფოტო. ოპოზიცია ბჟანიას ხშირად აკრიტიკებს, რომ იგი რუსეთში ხანგრძლივი პერიოდით მიდის, მისი შეხვედრების შესახებ კი მწირი ინფორმაცია ვრცელდება.
კურატორის ვიზიტი და გიდების საკითხი
13 ივნისს, სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, ოკუპირებული რეგიონების კურატორს, დიმიტრი ვოლვაჩს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობისა და ენერგეტიკის საკითხები. ვოლვაჩმა რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებიც დაათვალიერა, მათ შორის სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის სამუშაოები. აეროპორტის რეკონსტრუქცია ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხშირად სტუმრობენ სამშენებლო სამუშაოებს.
დიმიტრი ვოლვაჩი სოხუმის აეროპორტში
აფხაზურ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვოლვაჩმა ვიზიტის დროს აფხაზური მხარისგან მოითხოვა ტურისტული კანონმდებლობის შეცვლა, რაც რუსი ტურისტული გიდებისთვის კვოტების გამოყოფას ითვალისწინებს. რუსეთის ინიციატივას ეწინააღმდეგებიან აფხაზეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულები. არის შიში, რომ აფხაზი ტურისტული გიდები კონკურენციას ვერ გაუწევენ რუს გიდებს. გარდა ამისა, აფხაზეთში რუს გიდებს აფხაზეთის ისტორიისა და გეოგრაფიის არასაკმარის და დამახინჯებულ ცოდნაში ადანაშაულებენ. 21 ივნისს ამ საკითხზე ანქვაბმა საგანგებო შეხვედრაც გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ტურისტულ კანონმდებლობაში ცვლილებებს არ გეგმავენ. 25 ივნისს საკითხი, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად, დე ფაქტო პარლამენტშიც განიხილეს.
23 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ (1986 წელს დაიბადა თბილისში) გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. თუმცა, მისი განცხადება ჯერ არ არის დაკმაყოფილებული. ხიშბას გადაწყვეტილება ამ საკითხში მისი პოზიციით არის განპირობებული. როგორც ჩანს, ხიშბა იზიარებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებებს, რომ აფხაზეთის ტურისტულ სექტორში რუსეთის მოქალაქეების საქმიანობის ლეგალიზაცია, არაერთ აფხაზს, რომელიც ტურიზმშია დასაქმებული, შემოსავლის გარეშე დატოვებს. ოკუპირებულ აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ ტურიზმი მათთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლებამ ადგილობრივების ინტერესები უნდა დაიცვას.
საგარეო აქტივობა
ვოლფგან მაცკე პოტსდამში გამართულ ღონისძიებაზე
„საკონსტიტუციო“ ცვლილებები
7 ივნისს აფხაზეთში დაიწყეს „საკონსტიტუციო“ ცვლილებების განხილვა. ცვლილებები შეეხება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ურთიერთქმედების საკითხებს და მათ შორის უფლებამოსილების გადანაწილებას. ინიციატივა ბჟანიას ეკუთვნის. პროექტის მიხედვით, გაუქმდება „მინისტრთა კაბინეტი“ და „პრემიერ-მინისტრისა“ და „ვიცე-პრემიერის“ თანამდებობები. „პრეზიდენტს“ კი „პარლამენტის“ დათხოვნისა და ახალი „არჩევნების“ დანიშვნის უფლება ექნება. ერთი მოსაზრებით, ცვლილებების მიზანია აღმასრულებელ ხელისუფლებაში „პრეზიდენტისა“ და „პრემიერ-მინისტრის“ თანამდებობების არსებობით გამოწვეული დუბლირების პრობლემის აღმოფხვრა. სხვა მოსაზრებით კი, ბჟანიას, რომელიც 2025 წელს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გეგმავს მონაწილეობას, საკუთარი ძალაუფლების გაძლიერება სურს.
წერილი რუსეთის პატრიარქს
4 ივნისს რუსულ გაზეთ „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში გამოქვეყნდა ანასტასია კოსკელოს სტატია - „აფხაზეთის ეკლესიის მეთაურმა ულტიმატუმი წაუყენა პატრიარქ კირილს“. სტატიაში წერია, რომ „ბესარინ აპლია ითხოვს, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცალმხრივი გადაწყვეტილებით რესპუბლიკის მორწმუნეები შეიფაროს და გადაწყვიტოს აფხაზური ეკლესიის კანონიკური მოწყობის საკითხი“. აპლია რუსეთის პატრიარქისგან ასევე ითხოვს აფხაზეთში ეპისკოპოსის დანიშვნას და მოსკოვში აფხაზური დიასპორისთვის ეკლესიის გამოყოფას. 27 მაისს აპლიამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მან წერილი გაუგზავნა რუსეთის პატრიარქს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღია. წერილის გაგზავნამდე აპლია კირილთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ შეხვედრა არ შედგა.
აპლია დღემდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლად ითვლება, მაგრამ აფხაზეთის ომის შემდეგ მას აღარ ჰქონია კავშირი ქართულ ეკლესიასთან. მის მიერ დაფუძნებულ აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არაკანონიკური ეკლესიის სტატუსი აქვს. აპლია დიდი ხანია იბრძვის რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში გადასასვლელად.
აპლიასთან დაპირისპირებულია არქიმანდრიტი დოროფეი დბარი, რომელსაც დაფუძნებული აქვს აფხაზეთის წმინდა მეტროპოლია, რომელიც ასევე არაკონონიკური ეკლესიაა. დოროფეი ადრე ცდილობდა კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან მიეღო ავტოკეფალია, თუმცა უშედეგოდ.
მართლმადიდებელ სამყაროში არსებული დაპირისპირების ფონზე აფხაზეთში საკითხის დროულ გადაწყვეტის შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებენ. რუსული ეკლესია ოკუპირებულ რეგიონებს ფორმალურად აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად. თუმცა, ამავე დროს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ჩართულნი არიან ადგილობრივ რელიგიურ პროცესებში.
რატომ არ გაიხსნება „Вкусно – и точка“ აფხაზეთში?
რესტორნების ქსელის - „Вкусно – и точка“ გენდირექტორის, ოლეგ პაროევის განცხადებით, მათი რესტორანი აღარ გაიხსნება აფხაზეთში. მისი თქმით, „აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე ითვლება ტერიტორიად, რომელიც საქართველოს ეკუთვნის, სადაც „McDonald's“ „ფრანჩიზა“ მუშაობს და ჩვენ არ გვსურს კონფლიქტის შექმნა“. პაროევის განცხადების შინაარსი არ მოეწონათ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას შეუსაბამო ხმამაღალი პოლიტიკური შინაარსის განცხადების გაკეთებაში დასდეს ბრალი. დე ფაქტო სამინისტრომ პაროევს რეკომენდაცია მისცა შემდგომში „თავი აარიდოს არაკორექტულ გამონათქვამებს აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსზე“.
McDonald's-მა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, 2022 წელს, დატოვა. რესტორნების ქსელი ბიზნესმენმა ალექსანდრ გოვორმა შეიძინა, რომელმაც რებრენდინგი მოახდინა და ქსელს „Вкусно – и точка“ უწოდა.
ქართველი დაკავებულის განთავისუფლება
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, 12 ივნისს, პარლამენტში გამოსვლის დროს, განაცხადა, რომ „აფხაზეთმა (2024 წელს) გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე ასმათ თავაძე, რომელიც 2022 წელს დააკავეს“.
თავაძის განთავისუფლების შესახებ 4 ივნისს აფხაზურ სოციალურ მედიაში დაწერა ბლოგერმა სარა ჩამაგუამ, რომლის თქმითაც, მის განთავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის მოქალაქე ლეილა დ.-მ. აფხაზური მედიის ცნობით, თავაძე 2022 წლის ნოემბერში დააკავეს ნარკოტიკების უკანონი შეძენა-შენახვისთვის. ამავე დროს მას აღმოუჩინეს „საქართველოს პასპორტი და სახელმწიფო სიმბოლიკა - დროშა და შევრონი“.
აფხაზეთის ტერიტორიაზე საპატიმროში ამჟამად იმყოფებიან კრისტინა თაკალანძე, რომელსაც ბრალი დასდეს „ჯაშუშობაში“ და ირაკლი ბებუა, რომელმაც „აფხაზეთის დროშა დაწვა“. მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს კახა მურადოვი, რომელსაც „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი“. ბოლო წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებით გაძლიერდა „ქართველ ჯაშუშებთან“ ბრძოლა. სოხუმში მიაჩნიათ, რომ რუსეთისა და დასავლეთის მზარდი დაპირისპირების ფონზე, ქართული სპეცსამსახურები აფხაზეთში გააქტიურდნენ და ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
ცხინვალის რეგიონი
არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები და ახალი „პარლამენტი“
9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მე-8 მოწვევის „პარლამენტში“ 34 „დეპუტატი“ 5 წლის ვადით აირჩიეს. (არჩევნების შედეგების შესახებ დეტალურად იხ. სტატია.)
„არჩევნებში“ მონაწილე შვიდი პარტიიდან 7%-იანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა გადალახა: „ერთიანი ოსეთი“ (ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი უჭერს მხარს) – 31.74%, „ნიხასი“ (მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი უჭერს მხარს) – 30.59%, „სახალხო პარტია“ (ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრი და წარსულში ცნობილი მოჭიდავე, ძამბოლატ თედეევი უჭერს მხარს) – 16.07%, კომუნისტური პარტია - 7.12%. რაც შეეხება მაჟორიტარულ „არჩევნებს“, აქ უპირობო ფავორიტია „ნიხასი“.
„არჩევნების“ შედეგად ახალ „პარლამენტში“ ფრაქციები შემდეგნაირად შეიძლება გადანაწილდეს: კომუნისტები – 3 დეპუტატი; „სახალხო პარტია“ – 5; „ერთიანი ოსეთი“ – 8. ამ ეტაპზე „ნიხასის“ 10 წევრი გახდა დეპუტატი, თუმცა სხვა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ „ნიხასთან“, შესაბამისად, „ნიხასის“ და მისი მოკავშირეებისგან შემდგარ ფრაქციაში, ჯამში, შეიძლება უფრო მეტი „დეპუტატი“ იყოს, რაც საკმარისი იქნება უბრალო უმრავლესობის მოსაპოვებლად. „პარლამენტის“ პირველი სხდომა 24 ივნისს გაიმართა. „სპიკერად“ „ნიხასის“ წევრი, გაგლოევის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ალან მარგიევი აირჩიეს. პირველი ვიცე-სპიკერი გახდა „ნიხასის“ ლიდერი ზიტა ბესაევა, ვიცე-სპიკერები „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე სერგეი ხარებოვი და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თაიმურაზ ტადტაევი. პირველ სხდომას არ ესწრებოდა პარტია „ერთიანი ოსეთის“ რვა წევრიდან შვიდი. ბიბილოვის პარტია გაგლოევს „არჩევნების“ შედეგების ფალსიფიკაციაში სდებენ ბრალს.
არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაგლოევის პოლიტიკური კარიერისთვის იმედისმომცემია. გაგლოევის პარტია „ნიხასსა“ და მის მოკავშირეებს „პარლამენტში“ საწყის ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნებათ, თუმცა არსებული უმრავლესობა საკმარისი იქნება „პარლამენტსა“ და ოკუპირებული რეგიონის შიდა პოლიტიკაზე კონტროლის შესანარჩუნებლად. მოსკოვის პირველი რეაქცია მიუთითებს, რომ გაგლოევს კრემლის მხარდაჭერა აქვს და მას შეუძლია 2027 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც“ უკეთესად მოემზადოს.
ბელარუსში ვიზიტი
20-22 ივნისს ბელარუსში ჩატარდა „დიდი სამამულო ომის მსხვერპლთა ხსოვნისა და ბელარუსი ხალხის გენოციდის დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებები. ქ. ბრესტში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმაც. აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონის ურთიერთობები ბელარუსთან ბევრად უფრო პასიურია, თუმცა ბოლო პერიოდში ცხინვალი ცდილობს ბელარუსში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობით მინსკთან ურთიერთობების ხარისხი გააუმჯობესოს.
ახსარ ჯიოევი ბრესტში
რუსეთის ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლობა ცხინვალში
20 ივნისს ცხინვალში რუსეთის ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლობის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. საზოგადოების თავმჯდომარე რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორი სერგეი ნარიშკინია. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდა გამგეობის თავჯდომარე რუსლან გაგკუევი. მისი თქმით, საზოგადოების მთავარი ამოცანებია საერთორუსული ისტორიული კულტურის ფორმირება, ისტორიის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა და ისტორიული სიმართლის დაცვა. წარმომადგენლობა დაფუძნდება „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსტიტეტის“ ბაზაზე. გაგკუევი გაგლოევსაც შეხვდა. საზოგადოების მთავარი ამოცანაა ისტორიული პროცესების შესახებ რუსეთის სასარგებლო ნარატივების პოპულარიზაცია.
რუსეთის ისტორიული საზოგადოების წარმომადგენლობის დამფუძნებელი ყრილობა ცხინვალში
„ოსების გენოციდის დღე“
20 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „ოსების გენოციდის“ 104-ე წლისთავი აღნიშნეს. ამ დღეს რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ნარატივის თანახმად, 1920 წელს საქართველოს ხელისუფლებამ „ოს ხალხს გენოციდი“ მოუწყო. „გენოციდის“ აღიარების თხოვნით დე ფაქტო პარლამენტმა 2019 წლის 19 ივლისს რუსეთის ხელისუფლებასაც მიმართა. დე ფაქტო პარლამენტმა მიმართვა მას შემდეგ გააგზავნა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 9 ივლისს საქართველო 1918-1920 წლებში „აფხაზეთის ოკუპაციასა“ და „ოსი ხალხის გენოციდში“ დაადანაშაულა. (ამ საკითხზე თუ რა მოხდა 1920 წელს იხ. დოკუმენტური ფილმი).
„ოსების გენოციდის დღის“ აღნიშვნა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო
4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი 103-მა ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, 52-მა კი – თავი შეიკავა. რუსეთთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბელარუსმა, ბურუნდიმ, კუბამ, მალიმ, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, სირიამ და ზიმბაბვემ.
გასულ წელთან შედარებით რეზოლუციას 100-ის ნაცვლად 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წელს პირველად რეზოლუციას მხარი დაუჭირა სომხეთმა, რომელიც მანამდე თავს იკავებდა, ან ხმას წინააღმდეგ აძლევდა. ერევნის პოზიციის ცვლილება განპირობებულია რუსეთთან სომხეთის ურთიერთობის გაუარესებით და საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შეცვლის მცდელობით. რეზოლუციას წელს პირველად შეუერთდნენ სამხრეთ აფრიკა და არგენტინაც. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა, რომელთანაც საქართველომ 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.
საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.
რეზოლუციასთან დაკავშირებით 5 ივნისს განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მათი შეფასებით, „სერიოზულ იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული რეზოლუცია ყოველწლიურად მიიღება აფხაზური მხარის აზრისა და პოზიციის გაუთვალისწინებლად. რეზოლუციას აშკარად მიკერძოებული ხასიათი აქვს და არ ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას“. დე ფაქტო მინისტრის მოადგილის, ირაკლი ტუჟბას განცხადებით, „სამწუხაროდ ყოველწლიურად იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც რეზოლუციას უჭერენ მხარს, რადგან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელს სუსტი წარმოდგენა აქვს აფხაზეთში მიმდინარე რეალურ პროცესებზე“.
რეზოლუციასთან დაკავშირებით 7 ივნისს განცხადება გააკეთა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. „ნათელია, რომ ლტოლვილთა პრობლემების გადაწყვეტის რეალური ძალისხმევის მაგივრად, გრძელდება საკითხის პოლიტიზირების კონტრპროდუქტიული პრაქტიკა, რომლის განხილვის დროსაც გაეროში სამხრეთ ოსეთი მოკლებულია შესაძლებლობას წარადგინოს თავისი დასაბუთებული მოსაზრება“, წერია განცხადებაში.
61-ე შეხვედრა ჟენევაში
25-26 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით მე-61 რაუნდი გაიმართა. წელს ეს რიგით მეორე შეხვედრა იყო. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების პრეს-კომუნიკეს თანახმად, მონაწილეებმა დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის ძალის გამოუყენებლობასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე მოსაზრებები გაცვალეს. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. კერძოდ, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნებაზე. ქართულმა მხარემ ასევე შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და დაგმო 9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ასევე, მიმდინარე წლის მარტში ორივე ოკუპირებულ რეგიონში გამართული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები.
რუსულმა მხარემ ტრადიციულად ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერის საკითხს და ასევე „საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყების“ მნიშვნელობას. „სერიოზულ გამაღიზიანებელ ფაქტორად“, რომელიც ჰუმანიტარულ სფეროში კონსტრუქციულ მუშაობას აფერხებს, გაეროს 4 ივნისის რეზოლუცია დასახელდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, „ადგილზე არსებული ვითარება მშვიდია“. რუსეთმა ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებთან ერთად ამ შეხვედრაზეც მოითხოვა შეხვედრების ჟენევიდან სხვაგან გადატანის საკითხის განხილვის დაწყება. რუსეთზე დაწესებული სანქციების პირობებში რუსეთის წარმომადგენლებს გადაადგილების დროს პრობლემები ექმნებათ, რის გამოც მოსკოვი შვეიცარიის ნეიტრალიტეტს ეჭვის ქვეშ აყენებს და შეხვედრების ჟენევიდან სხვაგან გადატანას ითხოვს.
აფხაზმა მონაწილეებმა ტრადიციულად წამოაყენეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერის საკითხი. მათ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საკითხიც დასვეს. გალში შეხვედრები 2018 წლიდან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ, არ ტარდება. სოხუმი ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვს გალში შეხვედრების აღდგენას. მათი შეფასებით, გალში „შეხვედრები არ ტარდება ქართველი მონაწილეების უკიდურესად არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“. აფხაზურმა მხარემ „აფხაზეთის მოქალაქეების აფხაზური პასპორტებით გადაადგილების პრობლემის მოგვარების გზების ძიებაზეც ისაუბრეს“. ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლებს არ შეუძლიათ საკუთარი „პასპორტებით“ გადაადგილება, შენგენის ზონასა და შვეიცარიაში რუსული პასპორტით გადაადგილება კი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ შეიზღუდა.
საყურადღებოა, რომ 20 ივნისს ჟენევის შეხვედრის მოსამზადებელ შეხვედრაზე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მ.შ. ოდისეი ბიგვავა შეხვდა. ჟენევის 61-ე შეხვედრაშიც მან მიიღო მონაწილეობა. ადრე ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრებში დე ფაქტო მინისტრის მეორე მოადგილე, ირაკლი ტუჟბა მონაწილეობდა. ტუჟბა მეუღლესთან ერთად მაისში აშშ-ში შვებულებაში იმყოფებოდა, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. იგი ცოტა ხნით, ინალ არძინბას განთავისუფლების შემდეგ, „მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლადაც დანიშნეს, მაგრამ მალევე ძველ პოზიციაზე დააბრუნეს. როგორც ჩანს, ტუჟბას „მტრის ბანაკში“ დასვენება არ აპატიეს.
ცხინვალის რეგიონის მხრიდან კვლავ გაისმა მოწოდება, რომ დაიწყოს ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციის საკითხზე მუშაობა. წინა შეხვედრის მსგავსად ცხინვალმა კვლავ ისაუბრა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, დაბადებული ოსების უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება რამდენიმე წლის განმავლობაში უარს ეუბნება მშობლიურ სოფლებში ვიზიტზე“.
წინა, მე-60 შეხვედრა, 2024 წლის 4-5 აპრილს ჩატარდა. შემდეგი 62-ე შეხვედრა 2024 წლის დეკემბერში გაიმართება.
„BRICS-ის თამაშები“ და ოკუპირებული რეგიონები
რუსეთის ქ. ყაზანში „BRICS-ის თამაშები“ ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებმა მსგავსი მასშტაბის სპორტულ ღონისძიებაში საკუთარი „დროშით“ მიიღეს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტული ღონისძიება არ იყო მასშტაბური და კონკურენტული, მსგავს ღონისძიებებს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებენ.
თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი (1985-1989 წლები) ახრიკ ცვეიბა, ოკუპირებული აფხაზეთის „დროშით“, გახსნის ცერემონიაზე