გამოცემა N33 / მიმოხილვის პერიოდი: 1 - 31 ივლისი, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
IPRM-ის 120-ე შეხვედრა
23 ივლისს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის თანათავმჯდომარეობით გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 120-ე შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წელს ეს რიგით მეოთხე შეხვედრა იყო.
დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები
ივლისში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
1 ივლისს საოკუპაციო ძალებმა სოფელ ბალთას მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული, ქ. თბილისში მცხოვრები ზურაბ მერაბის ძე ლობჟანიძე უკანონოდ დააკავეს. ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ლობჟანიძემ შეგნებულად გადაკვეთა ე.წ. საზღვარი. ინფორმაცია უკანონო გატაცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 ივლისს გაავრცელა. 3 ივლისს ლობჟანიძე გააძევეს ოკუპირებული რეგიონიდან და ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.
13 ივლისს საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. აძვის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, 1965 წელს დაბადებული თემურ ვალიკოს ძე ხომასურიძე დააკავეს. ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ხომასურიძემ შეგნებულად გადაკვეთა ე.წ. საზღვარი. 15 ივლისს ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ხომასურიძეს ფინანსური ჯარიმა დააკისრა, რის შემდეგაც, 16 ივლისს ხომასურიძე ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.
ჯამში, ივლისში საოკუპაციო ძალებმა ორი პირი დააკავეს, ცხინვალის ციხე კი, კვლავ ამ ორმა პირმა დატოვა.
31 ივლისის მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფება. მათგან ცნობილია მხოლოდ სოსო დვალიშვილის, ლაშა ხეთერელის, გიორგი მოსიაშვილის, ნიკა მამასტარაშვილისა და ივანე ლუთიძეს ვინაობა.
სოსო დვალიშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 16 იანვარს საოკუპაციო ხაზის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მონაკვეთზე დააკავეს.
ლაშა ხეთერელი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის ივლისში მეშვიდედ დააკავეს. იგი პერიოდულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის იქ მცხოვრები ოჯახის წევრების მოსანახულებლად.
ნიკა მამასტარაშვილი და ივანე ლუთიძე - საოკუპაციო ძალებმა 2024 წლის 14 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კნოლევის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს.
გიორგი მოსიაშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტს სოფ. სინაგურის მიმდებარედ დააკავეს.
რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.
ე.წ. უშიშროების კომიტეტის 2024 წლის პირველი ნახევრის შეჯამება
ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 2024 წლის გასულ 6 თვეში საოკუპაციო ძალებმა „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის 148 პირი დააკავეს, მათგან 80-მა დაარღვია „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი“, 68-მ კი „სასაზღვრო რეჟიმი“.
ამავე განცხადების თანახმად, ამ 148 პირის მიმართ გატარდა სხვადასხვა ღონისძიებები. ე.წ. სასამართლომ ჯარიმა 80 ადამიანს გამოუწერა, 4 ადამიანი გააძევა „რესპუბლიკიდან“ და ამავდროულად, ფინანსური სანქციაც დაუწესა, 6 პირი კი ფინანსური სანქციის გარეშე გააძევა „რესპუბლიკიდან“. გარდა ამისა, „სასამართლო“ 45 პირის შემთხვევაში სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა, საქმე აღიძრა 11 პირის წინააღმდეგ, ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა ერთი პირის წინააღმდეგ და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება 1 პირის საქმეზე.