გამოცემა: N23 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 აგვისტო, 2024
მიმოხილვა მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.
აფხაზეთი
სკანდალური პროტოკოლი
29 აგვისტოს აფხაზურ სოციალურ ქსელში სკანდალური შეხვედრის პროტოკოლი გავრცელდა. შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ოკუპირებული რეგიონების კურატორ, დიმიტრი კოზაკს შორის 19 აგვისტოს, მოსკოვში, გაიმართა. პროტოკოლი 28 აგვისტოთი არის დათარიღებული და სოხუმის მიმართ ულტიმატუმის ფორმას ატარებს. პროტოკოლს კოზაკი აწერს ხელს. პროტოკოლში ოთხი ძირითადი პუნქტია ჩამოწერილი:
პირველი, რუსეთი აჩერებს აფხაზეთის დახმარებას მანამდე, სანამ აფხაზეთი შემდეგ ვალდებულებებს არ შეასრულებს: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების შესრულების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა და რუსი ინვესტორებისთვის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე შეზღუდვების მოხსნა (ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონის მიღება).
მეორე, აფხაზეთში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ კომერციული ფასით განხორციელდება.
მესამე, ბჟანიამ აიღო ვალდებულება 2024 წლის 20 სექტემბრამდე აფხაზეთის „პარლამენტის“ იმ „დეპუტატებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც „პარლამენტში“ ე.წ. აპარტამენტების კანონის განხილვის წინააღმდეგ გამოდიან, მოსკოვს მიაწოდოს ინფორმაცია, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით. „დეპუტატების“ წინააღმდეგობა შეფასებულია, როგორც რუსეთის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებისთვის ზიანის მომტანი.
მეოთხე პუნქტში საუბარია, რომ რუსი დეპუტატების აფხაზ კოლეგებთან კავშირები მინიმალურ დონეზე უნდა შემცირდეს.
საინტერესოა, რომ ბჟანიას პრესსამსახურმა არ უარყო პროტოკოლის არსებობა, თუმცა გაავრცელა განცხადება, რომ, ბჟანიას „არ აუღია ვალდებულება დეპუტატებისა და ოპოზიციის ლიდერების შესახებ რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდების შესახებ“. ეს პუნქტი აფხაზეთში ყველაზე სკანდალურად მიიჩნიეს, რადგან იმ ადამიანების დასჯას ითვალისწინებს, რომლებმაც დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. ე.წ. აპარტამენტების კანონი ივლისში დე ფაქტო პარლამენტს უნდა მიეღო, მაგრამ შიდა წინააღმდეგობის გამო, „კანონი“ უკან გაიწვიეს, რაც, როგორც ჩანს, ბჟანიას სისუსტედ ჩაუთვალეს. მოსკოვი დიდი ხანია ითხოვს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის უფლების მიცემას, მაგრამ ოკუპირებულ რეგიონებში შიშობენ, რომ უძრავი ქონების გასხვისება აფხაზეთის დემოგრაფიას და „სუვერენიტეტს“ საფრთხეს შეუქმნის.
აფხაზეთში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოსკოვის მხრიდან ბჟანიაზე ზეწოლა თბილისსა და მოსკოვს შორის დაახლოებასაც შეიძლება უკავშირდებოდეს. ასევე, მოსკოვის მხრიდან ზეწოლის მიზეზად ბჟანიას პოლიტიკით უკმაყოფილებაც სახელდება, რადგან ბჟანიამ ვერ შეძლო რუსეთის მოთხოვნების შესრულება. ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დამოუკიდებლობის აღიარების დღე არ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. აღნიშნული ფაქტი მოსკოვის უკმაყოფილების ერთგვარ გამოხატულებად ჩაითვალა.
ხანძარი გალის ნაგავსაყრელზე
ოკუპირებული გალის რაიონის სოფ. შაშიკვარაში ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძარი დღემდე არ არის სრულად ლიკვიდირებული. ხანძარი 18 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად დამატებითი რესურსების მობილიზებაც გახდა აუცილებელი. ხანძარი გავრცელდა 4 ჰექტარზე. სულ ნაგავსაყრელის ფართობი 9 ჰექტარია. ნაგავსაყრელი სოხუმის რაიონს 2019 წლიდან, დროებით უნდა მომსახურებოდა. ყოველწლიურად ნაგავსაყრელზე 1200-1500 კუბური მეტრი ნაგავი მიაქვთ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ეკოლოგიურ გამოწვევას უქმნის. პრობლემის დროებითი მოგვარების მიზნით ქ. სოხუმისა და ქ. გალის ე.წ. ადმინისტრაციები შეთანხმდნენ სოფ. შაშიკვარაში მდებარე ნაგავსაყრელიდან გულრიფშის რაიონის სოფ. ვლადიმიროვკაში მშენებარე ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წლის ბოლომდე ტრანსპორტირების თაობაზე.
ხანძარი ნაგავსაყრელზე
სერგეი შამბა ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო პორტის შესახებ
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ, ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა - „ТАСС“-ს. შამბას განცხადებით, „ოჩამჩირეში არ იგეგმება არანაირი (რუსეთის) სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა“. მისი თქმით, პორტში განთავსებულია სასაზღვრო კატერები და დე ფაქტო რესპუბლიკა ყველანაირი სცენარისთვის მომზადებულია. 2023 წლის 4 ოქტომბერს, სოჭში ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მოწყობა იგეგმება.
შამბას თქმით, შავი ზღვა კვლავ ხდება დაძაბულობის რეგიონი, რადგანაც სულ უფრო ხშირად ჩანს „ნატოს“ საზღვაო ხომალდები და დაზვერვითი ტიპის თვითმფრინავები, რაც უკმაყოფილებასა და სიფრთხილეს იწვევს დე ფაქტო მთავრობაშიც.
ბოლო პერიოდში დასავლურ მედიაში გაჩნდა ცნობები ოჩამჩირის პორტში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ. ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ ახალი ინფრასტრუქტურა რამდენად უკავშირდება ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობას, მაგრამ ფაქტია, რომ 2024 წლისთვის პორტის ტერიტორიაზე გარკვეული სამუშაოები შეიმჩნევა.
ასლან ბჟანიას შეხვედრა კურატორთან
მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ასლან ბჟანია რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობისა და აფხაზეთის ენერგოუზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. ბჟანიას პრესსამსახური, როგორც წესი, მისი მოსკოვში ვიზიტების შესახებ მწირ ინფორმაციას ავრცელებს.
ასლან ბჟანიას შეხვედრა ალექსანდრ ნოვაკთან
ახალი ძველი „მინისტრი“
6 აგვისტოს ასლან ბჟანიამ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად, აფხაზური პოლიტიკის ვეტერანი, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა დანიშნა. „მინისტრის“ პოზიცია ვაკანტური იყო 7 მაისიდან, როდესაც ბჟანიამ ინალ არძინბა გაანთავისუფლა. აფხაზეთში გავრცელებული მოსაზრებით, ამ ხნის განმავლობაში ბჟანია შამბას არწმუნებდა, რომ კვლავ დაეკავებინა „მინისტრის“ პოსტი, რომელსაც იგი წარსულში ორჯერ უკვე იკავებდა, ჯამში სულ 13 წლის განმავლობაში. შამბა „მინისტრი“ იყო 1997 წლის მაისი-2004 წლის ივლისისა და 2004 წლის დეკემბერი-2010 წლის თებერვლის პერიოდში.
შამბა „სამინისტროში“ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ 7 აგვისტოს წარადგინა. შამბა 1951 წელს დაიბადა და 1973 წელს თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1990-იანი წლებიდან კი აქტიურად არის ჩართული სეპარატისტულ მოძრაობაში და დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა დე ფაქტო ხელისუფლებაში. ასევე იგი ორჯერ მონაწილეობდა არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებშიც. 2020 წლიდან დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
შამბამ დანიშვნიდან მალევე, 9 აგვისტოს, „საგანგებო დავალებათა ელჩებად“ დანიშნა მაქსიმ გვინჯია და დაურ კოვე. გვინჯია, შამბას „მინისტრობის“ დროს მისი მოადგილე იყო. შამბას წასვლის შემდეგ კი, „მინისტრი (2010-2011 წლები). „მინისტრი“ იყო დაურ კოვეც (2016-2021 წლები), რომელიც 2021 წელს ინალ არძინბამ შეცვალა.
ახალი „უშიშროები საბჭოს მდივანი“
შამბას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, 6 აგვისტოს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად, ბჟანიამ მისი თანამებრძოლი, რაულ ლოლუა დანიშნა. ლოლუა 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის მონაწილეა, 1998 წლის მაისში კი გალის მოვლენებში მონაწილეობდა. 2008 წელს იგი ანტიტერორისტულ ცენტრს ხელმძღვანელობდა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად კოდორის ხეობაში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა. საინტერესოა, რომ რამდენიმე თვით ადრე მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს გუდაუთის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ლოლუა ახალ პოზიციაზე 7 აგვისტოს თავად ბჟანიამ წარადგინა.
ახალი „უშიშროების მინისტრი“
7 აგვისტოს ბჟანიამ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსად ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი ქუჩუბერია დანიშნა. მანამდე იგი სამსახუროს უფროსის მოადგილე იყო. სამსახურის ძველი უფროსი თემურ ახიბა 26 ივლისს ბჟანიამ „სხვა სამსახურში გადაყვანასთან დაკავშირებით“ გაათავისუფლა. ახიბა იმავე დღეს დაინიშნა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ. ქუჩუბერია ცნობილია იმით, რომ ძელზე ცალი ხელით 32-ჯერ აიწია და ამით გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. ქუჩუბერიამ დანიშვნისთანავე საკუთარი სანდო კადრების დანიშვნა დაიწყო.
რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი
20 აგვისტოს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი, სერგეი შჩედრინი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს წარუდგინეს. შჩედრინმა შეცვალა ანდრეი კუდიმოვი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2021 წელს დაინიშნა. რუსეთის სასაზღვრო სამსახური საოკუპაციო ხაზზე ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია „ბორდერიზაციის“ პროცესზეც.
სერგეი შჩედრინის შეხვედრა ალექსანდრ ანქვაბთან
„არალეგალურ მიგრაციასთან“ ბრძოლა
17 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა „აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის არხი აღკვეთა“ და ოკუპირებულ გალის რაიონში, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. დე ფაქტო უწყების თანახმად, სოფ. მეორე ოტობაიაში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე, რემიკო ჭითანავა და მურთაზ ჭითანავაა. მათ აფხაზეთში ე.წ. ბინადრობის ნებართვაც ჰქონდათ. სამსახურის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში სხვებს ეხმარებოდნენ.
გარდა ამისა, დე ფაქტო უწყების თანახმად, 2024 წლის აგვისტოში რუსეთის ორ მოქალაქეს, დმიტრი დენისოვსა და ალექსანდრე ლუზენინს არჩილ საკანიამ რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში „საზღვრის“ გადაკვეთაში დაეხმარა. უწყების ცნობით, ისინი შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდნენ.
ე.წ. სამსახურში ასევე განაცხადეს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში საქართველოსა და თურქეთის „კრიმინალური სტრუქტურების“ წევრების „უკანონოდ“ გადასვლის ფაქტები გახშირდა. ამასთან დაკავშირებით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და ე.წ. უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ დააკავა 13 ადამიანი, მათ შორის, იორდანიის, თურქეთის, ალჟირისა და პალესტინის მოქალაქეები.
ყოფილი „ელჩის“ კრიტიკა
სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა „ელჩმა“, ბაგრატ ხუტაბამ დე ფაქტო ხელისუფლება ღიად გააკრიტიკა. იგი ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელია ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, მისი თქმით, ეს თანამდებობა რეალურად არ არსებობს. ხუტაბას თქმით, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით სოხუმის საგარეო აქტივობა შემცირებულია.
ცხინვალის რეგიონი
ბოლო ქართულენოვანი სკოლა ახალგორის რაიონში
ოკუპირებული ახალგორის რაიონის ქართულენოვანმა საშუალო სკოლამ ბოლო კლასი გამოუშვა. შემდგომი წლიდან სკოლის მოსწავლეები რუსულენოვანი სკოლის ატესტატებს მიიღებენ. ქართულენოვანი სკოლების დახურვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წელს იმ დროინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მიიღო. ქართულენოვანი სკოლების დახურვა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ჯერ დაწყებითი კლასები დაიხურა, შემდეგ კი ყოველწლიურად ერთი კლასი იხურებოდა. 2024 წელს ბოლო კურსდამთავრებულებმა დაამთავრეს ქართულენოვანი სკოლა.
ადგილობრივი ქართული მოსახლეობის რაოდენობა ძალიან შემცირდა 2019 წლიდან, როდესაც ოძისი/მოსაბრუნის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი დახურეს. გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ოკუპირებული რეგიონი ბევრმა ახალგაზრდამაც დატოვა.
ცხინვალის „დიპლომატიის“ გეგმები
2 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევს შეხვდა, რომელმაც ნიკარაგუაში ვიზიტის შესახებ გაგლოევს ანგარიში ჩააბარა. ჯიოევი სანდინისტური რევოლუციის 45-ე წლისთავს დაესწრო. საზეიმო ღონისძიებებში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრი, რომან გოლოვჩენკოც მონაწილეობდნენ. ვიზიტის შესახებ ჯიოევმა საგანგებო პრეს-კონფერენციაც გამართა. ჯიოევმა ასევე განაცხადა, რომ, შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ცხინვალი ნიკარაგუასა და ვენესუელაში საელჩოების გახსნას აპირებს. ცხინვალი სოხუმთან შედარებით პასიურ „საგარეო პოლიტიკას“ ეწევა, რაც შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსითაც შეიძლება აიხსნას. გარდა ამისა, ცხინვალის საბოლოო მიზანი რუსეთში ინტეგრაციაა მაშინ, როდესაც სოხუმი „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ განვითარებას ისწრაფვის.
ჯიოევის შეფასება რუსეთ-საქართველოს დაახლოებაზე
ჯიოევის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო დალაგება ზიანს არ მიაყენებს „სამხრეთ ოსეთის“ ინტერესებს. „რუსეთი ყოველთვის ხაზს უსვამს რომ ნებისმიერი ქმედება საქართველოსთან მიმართებაში ზიანს არ მიაყენებს სამხრეთ ოსეთის ინტერესებს. რუსი კოლეგები ჩვენ გვაღიარებენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ სამხრეთ ოსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე, გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“. თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ფონზე, სოხუმსა და ცხინვალში გაჩნდა ეჭვები მათ ხარჯზე შესაძლო გარიგების მიღწევის შესახებ. ამიტომაც, ოკუპირებულ რეგიონებში გახშირდა მსგავსი შინაარსის განცხადებები.
აგვისტოს ისტორიული თარიღების აღნიშვნა
აგვისტოში ოკუპირებულ რეგიონებში არაერთ ისტორიულ თარიღს აღნიშნავენ, რომელსაც რუსეთი და ოკუპირებული რეგიონები პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებენ.
ცხინვალის რეგიონში აღნიშნეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-16 წლისთავი. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები 8 აგვისტოს გაიმართა, რომელიც რუსული პროპაგანდის მიხედვით, საქართველოს შეირაღებული ძალების ცხინვალის რეგიონში შეჭრის თარიღია, რასაც მოჰყვა რუსეთის პასუხი და „საქართველოს იძულება მშვიდობისაკენ“. ამ დღესთან დაკავშირებით, რეგიონში გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიებები, ფოტოგამოფენები და სხვ. ამ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დე ფაქტო საგარეო უწყებამ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
აფხაზეთში 14 აგვისტოს აღნიშნეს აფხაზეთის ომის დაწყების 32-ე წლისთავი. ამ ომს აფხაზეთში მოიხსენიებენ, როგორც „აფხაზეთის ხალხის სამამულო ომს“. ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ომში დაღუპულთა მემორიალს მიაგეს პატივი და ყვავილებით შეამკეს ვლადისლავ არძინბასა და სერგეი ბაღაფშის საფლავები.
ასლან ბჟანია ომში დაღუპულთა მემორიალთან
ოკუპირებულ რეგიონებში 26 აგვისტოს ასევე აღნიშნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აღიარების დღეც. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს აღნიშნული მოვლენა ტელეფონით მიულოცა. სწორედ მედვედევი იყო რუსეთის პრეზიდენტი, როდესაც მოსკოვმა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. ამ დღესთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვები გაავრცელეს ბჟანიამ და გაგლოევმაც.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სოხუმს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევიც ესტუმრა. ჯიოევმა თავის აფხაზ კოლეგასთან, სერგეი შამბასთან, შეხვედრის დროს ხელი მოაწერა დე ფაქტო საგარეო უწყებებს შორის 2024-2025 წლებში კონსულტაციების გეგმას.
კონსულტაციების გეგმის ხელმოწერა
საყურადღებოა, რომ წელს ეს დღე არ მიულოცა ოკუპირებულ რეგიონებს ვლადიმერ პუტინმა და არც რუსი პოლიტიკოსების მილოცვების სიმრავლე შეინიშნებოდა. ოკუპირებულ რეგიონებში ეჭვობენ, რომ რუსეთის მსგავსი ქმედება მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც თბილისთან დაახლოების კონტექსტში, განსაკუთრებით საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესის ფონზე, ცდილობს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებითი კოზირი არ მისცეს.
აგვისტოს ომის შეფასებები
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ 14 აგვისტოს „ქართული ოცნების“ 13 აგვისტოს განცხადების იმ მონაკვეთების ციტირება მოახდინა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 2008 წლის ომი შეაფასა, როგორც კულმინაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადმინისტრაციის არაერთი მცდელობისა, რომ „გარედან დაკვეთით“ რუსული ჯარი „საქართველოში შემოებრუნებინა“. გაეროს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც გაეროს უშიშროების საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავდა, რუსმა დიპლომატმა „ქართული ოცნების“ ნარატივი გაიმეორა. მან ამონარიდები წაიკითხა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან, რომელიც სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ ნარატივი გაიმეორა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ნიკოლაი პატრუშევმა. რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში პატრუშევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს „სააკაშვილის სამხედრო ავანტიურას“ უწოდებს.” 2008 წელს ომის დროს პატრუშევი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
რუსეთის წარმომადგენლების განცხადებებისგან განსხვავებით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან და გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. 14 აგვისტოს, გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების – საფრანგეთის, იაპონიის, მალტის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ასევე მომავალი წევრების – დანიისა და საბერძნეთის სახელით განცხადება გააკეთა, რომელშიც მოუწოდა რუსეთს „დაუყონებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, ასევე „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
გაეროში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, სადაც „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ შესახებ ფრაზას შაბლონური უწოდეს და საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს ანგაჟირებულობაში დასდეს ბრალი. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთეს ცხინვალშიც.