გამოცემა N34 / მიმოხილვის პერიოდი: 1 აგვისტო - 30 სექტემბერი, 2024 / ავტორი: არსენ არაქელოვი
„საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების მონიტორინგი” მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მონიტორინგის მიზანია მკითხველისთვის ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული მიმოხილვა გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.
IPRM - ის 121-ე შეხვედრა
12 სექტემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 121-ე შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წელს ეს რიგით მეხუთე შეხვედრა იყო. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერგნეთში ივლისში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, უკანონო „ბორდერიზაციის“ რვა შემთხვევა დაფიქსირდა. სუს-ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ იმავე პერიოდში უკანონო დაკავების ექვს შემთხვევას ჰქონდა ადგილი, უკანონო პატიმრობაში კი რჩება საქართველოს კიდევ ცხრა მოქალაქე.
IPRM - ის 121-ე შეხვედრა
დაკავებული და გათავისუფლებული მოქალაქეები
აგვისტო-სექტემბრის თვეებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს.
21 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს. უკანონო დაკავებას არ გამოხმაურებია ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი, დაკავებულის შესახებ სხვა ინფორმაცია კი ჯერჯერობით უცნობია.
31 აგვისტოს კი, საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. წინაგარის მიმდებარედ დააკავეს 2006 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, ანი მამუკას ასული ბაძაღუა. ბაძაღუა 17 წლის იყო. 1 სექტემბერს კი ე.წ. უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბაძაღუა ქართველ სამართალდამცავებს ფინანსური სანქციების დაკისრების გარეშე გადასცეს.
13 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 2024 წლის 10 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული უჩა ჯოხაძე საოკუპაციო ძალებმა გაათავისუფლეს. ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით კი, 1981 წელს დაბადებული ქ. გორში მცხოვრები უჩა გოდერძის ძე ჯოხაძე საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ახალგორის რაიონის სოფ. წინაგარის მიმდებარედ დააკავეს. ე.წ. კომიტეტის განცხადებით, ჯოხაძეს გზა აერია, ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ კი მას „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.
უჩა ჯოხაძის განთავისუფლება
13 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 2023 წლის 3 ივლისს, სოფ. დისევთან უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს. ხეთერელი ცხინვალის ციხეში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
17 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფ. მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
19 სექტემბერს ოკუპირებული ერედვის მუნიციპალიტეტში სოფ. არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა, ხოლო დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს უკანონო დაკავების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.
24 სექტემბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით კი, ამ თარიღში საოკუპაციო ძალებმა სოფ. მონასტერის მახლობლად დააკავეს საქართველოს მოქალაქე, კასპის რაიონის სოფ. საკორინთლოს მკვიდრი, 1981 წელს დაბადებული ვასილი ორეშის ძე სალამაშვილი. დე ფაქტო უწყების ცნობით, მოქალაქის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სალამაშვილი ფინანსური სანქციის დაკისრების გარეშე, 25 სექტემბერს ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.
30 სექტემბერს, 2024 წლის 20 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული, ვლადიმერ ცაბაძე გაათავისუფლეს.
ვლადიმერ ცაბაძის განთავისუფლება
ჯამში, აგვისტო-სექტემბერში საოკუპაციო ძალებმა შვიდი პირი დააკავეს, ცხინვალის ციხე კი, ხუთმა პირმა დატოვა.
30 სექტემბრის მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 9 მოქალაქე იმყოფება. მათგან ცნობილია მხოლოდ სოსო დვალიშვილის, გიორგი მოსიაშვილის, ნიკა მამასტარაშვილისა და ივანე ლუთიძეს ვინაობა.
სოსო დვალიშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 16 იანვარს საოკუპაციო ხაზის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. პერევის მონაკვეთზე დააკავეს.
ნიკა მამასტარაშვილი და ივანე ლუთიძე - საოკუპაციო ძალებმა 2024 წლის 14 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კნოლევის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დააკავეს.
გიორგი მოსიაშვილი - საოკუპაციო ძალებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტს სოფ. სინაგურის მიმდებარედ დააკავეს.
რონდელის ფონდის მიერ მომზადებული უკანონო დაკავებების ინტერაქტიური რუკა იხილეთ აქ.
„ბორდერიზაცია“ და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე საქმიანობა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის, დავით ქაცარავას 6 სექტემბრის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ჭვინისი-კოდის მონაკვეთზე ხნულები გაავლეს. ასევე, ქაცარავას ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოზე გამოჩნდენ რუსი ჯარისკაცებიც.
უშიშროების კომიტეტის 2024 წლის აგვისტოს შეჯამება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის 31 პირი დააკავეს, მათ შორის 8 „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის“, 23 – „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევისთვის.