ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2024 / 11 / 04

გამოცემა: N25 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2024

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

შეხვედრა სერგეი ლავროვთან

4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ბოლო პერიოდში გარკვეულ საკითხებზე (მაგ. ინვესტიციების, აპარტამენტების საკითხები) წარმოქმნილი უთანხმოების გამო, შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთის გადაწყვეტილება, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ზოგიერთი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 1 სექტემბრიდან აფხაზეთისთვის დაფინანსების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით 45 პროექტიდან, 27 უკვე რეალიზებულია. მისი თქმით, შიდაპოლიტიკური ვითარება არ არის მარტივი, არის აზრთა ბრძოლა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მათგანი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის და ამიტომ ისინი ყველა ვალდებულებას შეასრულებენ. ეს იყო შამბას პირველი შეხვედრა ლავროვთან „მინისტრად“ ხელახლა დანიშვნის შემდეგ.

შამბასთან შეხვედრისგან განსხვავებით ნაკლებად აქტუალური იყო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრა. შეხვედრა უფრო პროტოკოლურ ხასიათს ატარებდა და ლავროვმა ამ მხრივ მხოლოდ შაბლონური განცხადებები გააკეთა. ლავროვმა ორმხრივი შეხვედრის გარდა სამმხრივ ფორმატშიც გამართა შეხვედრა და ოკუპირებულ რეგიონებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

სერგეი ლავროვის შეხვედრა ახსარ ჯიოევთან

გაეროს რეზოლუცია და რეაგირება ოკუპირებულ რეგიონებში

2024 წლის 11 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. დოკუმენტს მხარი საბჭოს 24 წევრმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია. რეზოლუციაში პირველად აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებების შესაბამისად, რეზოლუციაში საუბარია  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობის შესახებ. ადამიანის უფლებათა საბჭო  სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. რეზოლუციაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის შეზღუდვის თაობაზე.

რეზოლუციასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს ოკუპირებულ რეგიონებშიც. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, გაეროს რეზოლუციაში კვლავ გამოყენებულია შაბლონური, განმეორებადი ტერმინები, რომლებიც ადგილზე არსებულ რეალურ სურათს მნიშვნელოვნად ამახინჯებს და ატარებს პოლიტიზირებულ და ტენდენციურ ხასიათს. სოხუმმა, თავის მხრივ, გაეროს ბრალი დასდო, რომ იგნორირებას უკეთებენ აფხაზეთის მოქალაქეების დისკრიმინაციას, რაც მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაში გამოიხატება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებზე შეზღუდვები დააწესეს, რის გამოც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, დასავლეთის ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდათ.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რეზოლუცია შეიცავს ტენდეციურ შეფასებებს, რომელიც არ ასახავს რეალობას ე.წ. ქართული ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანების უფლებების დარღვევების შესახებ.

მარია ზახაროვას ბრიფინგი

16 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მცდელობის რეალური პერსპექტივისა და პროცესში რუსეთის შესაძლო ჩართულობის შესახებ. მისი თქმით, „რუსეთისთვის პრიორიტეტები უცვლელი რჩება. ეს არის თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის მიღება, ასევე სახელმწიფო საზღვრების (საოკუპაციო ხაზის) დელიმიტაციის პროცესის დაწყება“. ზახაროვას თქმით, თბილისის განცხადება 2008 წლის ომის გამო ბოდიშის მოხდის შესახებ ამ მიმართულებით გარკვეულ იმედებს აჩენს. ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი მზად არის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ხელი შეუწყოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესს.

აფხაზეთი

ზატულინის ვიზიტი

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ბოლო პერიოდში არსებული უთანხმოების გამო, სოხუმს 3 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ეწვია. ზატულინი ოპოზიციიის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სერგეი შამბაც და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აბესალომ კვარჩია. ზატულინის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვეში „აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებს გარკვეული ჩრდილი მიადგა“. ზატულინმა რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოჰყო: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის უსაფუძვლო ფობია, რომ რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენის შედეგად, აფხაზები საკუთარ მიწაზე უმცირესობაში აღმოჩდებიან; რუსული ინვესტიციების მხარდამჭერი კანონმდებლობისადმი წინააღმდეგობა; აფხაზურ-რუსული ურთიერთობის თემაზე სპეკულაცია აფხაზეთში ხელისუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტში. ზატულინმა ღიად განაცხადა, რომ ესმის აფხაზებისთვის დემოგრაფიული საკითხის მნიშვნელობა. ზატულინმა ოპოზიციას პირდაპირ მიუთითა, რომ არ არის სასურველი ორმხრივი ურთიერთობების საკითხი შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში იყოს გამოყენებული.

კონსტანტინ ზატულინის შეხვედრა სოხუმში

საინვესტიციო შეთანხმების ხელმოწერა

30 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინამ ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა საინვესტიციო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში რუსული კომპანიები აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტებს განახორციელებენ.

რეშეტნიკოვის განცხადებით, შეთანხმება აფხაზეთის ეკონომიკაში დამატებითი რუსული ინვესტიციების მოზიდვას წაახალისებს და ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ტურიზმის განვითარებას, ასევე განვითარდება ინფრასტრუქტურა. ოზგანის განცხადებით, ბოლო ოთხ წელიწადში ინვესტიციების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა და 11 მლრდ რუბლი შეადგინა.

აღნიშნული საკითხი აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების მოწინააღმდეგეების კრიტიკას იწვევს, რადგან შეთანხმებას აფხაზეთისთვის საზიანოდ მიიჩნევენ. მათი აზრით, რუსი ინვესტორები ზედმეტად კომფორტულ გარემოს იღებენ, რაც ადგილობრივ ბიზნესს დააზიანებს. იმის გამო, რომ შეთანხმება ამ დრომდე არ არის რატიფიცირებული, მოსკოვმა პრაქტიკულად სანქცია დაუწესა სოხუმს და 1 სექტემბრიდან აფხაზეთს ნაწილობრივ შეუჩერა დაფინანსება. რუსეთი დე ფაქტო ხელისუფლებას ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. შეთანხმების რატიფიკაცია დე ფაქტო პარლამენტმა უნდა მოახდინოს და ოპოზიციის მხრიდან ამ მხრივ უკვე ისმის მწვავე შეფასებები. ოპოზიცია რუსული ინვესტიციების უკონტროლო შემოსვლას „სუვერენიტეტისთვის“ საფრთხედ განიხილავს.

შეთანხმების ხელმოწერა

სოციოლოგიური კვლევა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე

აფხაზეთში რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. კვლევა ევრაზიული თანამშრომლობის განვითარების ფონდმა ჩაატარა. ფონდი 2012 წელს დაფუძნდა და მისი ძირითადი მიზანი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი ინტეგრაციული გაერთიანების - ევრაზიული კავშირის შექმნის იდეის პოპულარიზაციაა. „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები საერთაშორისო ურთიერთობების კავკასიური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ ურთიერთობებში ახალი პოლიტიკური ტენდენციების გაგება რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია“, წერია ფონდის განცხადებაში.

კვლევა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ბოლო პერიოდში „აფხაზეთში საინფორმაციო სივრცეში გახშირდა ანტირუსული შინაარსის პუბლიკაციები და ამიტომაც კვლევა მოწოდებულია მომხდარის ობიექტური სურათი აჩვენოს“. კვლევის დროს შეისწავლეს აფხაზეთში მცხოვრებთა აზრი სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და რუსეთთან თანამშრომლობის პერსპექტივის საკითხზე. კვლევის შედეგებით, რესპოდენტთა 93% რუსეთს მთავარ მოკავშირედ და მეგობრად მიიჩნევს, 76% მხარს უჭერს ასლან ბჟანიას კურსს რუსეთთან თანამშრომლობის ფორმატის გაფართოებასთან დაკავშირებით, 86% კი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის განვითარება შეუძლებელია ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. კვლევის მიზანი, სავარაუდოდ, ასლან ბჟანიასთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებების (მაგ. „კანონები“ ინვესტიციებისა და აპარტამენტების შესახებ) მიღებისთვის, ლეგიტიმაციის მიცემაა.

ენერგოკრიზისი და ოთხსაათიანი გრაფიკი

„ჩერნომორენერგოს“ გენდირექტორის, ტიმურ ჯინჯოლიას თქმით, ნოემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს. არასაკმარისი ელექტროენერგიის გამო ახალ წლამდე ოკუპირებულ რეგიონში ოთხსაათიანი გრაფიკი დაწესდება. წინა წელთან შედარებით აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 115 მლნ კილოვატ საათით შემცირდა, რაც გამოწვეულია მრიცხველების დაყენებითა და მოსახლეობის მიერ გადასახადების გადახდის ადმინისტრირების გაუმჯობესებით. ბოლო წლებში აფხაზეთში მუდმივად ენერგოკრიზისია და ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი მოქმედებს.

უპილოტო საფრენი აპარატი და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვა

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ცნობით, 16 ოქტომბერს გალის რაიონის სოფ. ოტობაისთან რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით, რუსი მესაზღვრეების დახმარებით, იძულებით დასვეს უპილოტო საფრენი აპარატი - Mavic 3, რომელიც, მათი თქმით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს, დავით ქაცარავას ეკუთვნოდა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტი ღია პროვოკაციად შეაფასა. სოხუმი საკითხის განხილვას აპირებს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზეც, რომელიც 5-6 ნოემბერს გაიმართება.

უპილოტო საფრენი აპარატის თემა განიხილეს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზეც, სადაც საოკუპაციო ხაზის 23-30 ოქტომბრის პერიოდში დროებითი ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღეს. მსგავსი გადაწყვეტილება დაკავშირებულია „საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციასთან“. არჩევნებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზზე, გალის რაიონში, უსაფრთხოების ზომებიც გაძლიერდა და რაიონში ძალოვანი სტრუქტურების სპეციალური დანაყოფები განათავსეს. თბილისში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გააქტიურების დროს, ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვა, გავრცელებული პრაქტიკაა. არჩევნების დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ, რომლის თქმითაც, გალის რაიონში არჩევნებამდე და არჩევნების დროს ვითარება მშვიდი იყო, ინციდენტების გარეშე.

ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა ოკუპირებულ გალში

ფილმის ჩვენება ჰამბურგში

29 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, რუსეთ-გერმანიის სავაჭრო გილდიის სივრცეში წიგნის - „ევრაზიული კომპლექსი“ პრეზენტაციის ფარგლებში აფხაზეთის შესახებ ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმის პრეზენტაციის ინიციატორი იყო ვოლფგანგ მაცკე, რომელიც გერმანიაში აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელია. მაცკემ ღონისძიების სტუმრებს აფხაზეთის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. ღონისძიების ბოლოს გამართულ ფურშეტზე აფხაზური წარმოების ღვინო და აჯიკა იყო წარმოდგენილი. მაცკე გერმანიაში ოკუპირებული აფხაზეთის ლობისტია და რუსეთის მხარდაჭერით მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პოპულარიზაციას ეწევა.

ფილმის პრეზენტაცია ჰამბურგში, ფოტოზე მარცხნივ ვოლფგანგ მაცკე

ცხინვალის რეგიონი

არჩევნები საქართველოში და ცხინვალის რეაგირება

23 ოქტომბერს ე.წ. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა. შეხვედრაზე საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ე.წ. ძალოვანი უწყებების მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადასვლის საკითხიც განიხილეს. გაგლოევის განცხადებით, „ვაკვირდებით სხვადასხვა სპეცსამსახურებიდან მიღებულ ინფორმაციას. ვითარება მოსაზღვრე ქვეყანაში იძაბება. შესაძლოა იყოს პროვოკაციები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ, როგორც საზღვრებზე, ასევე ქვეყნების შიგნით. ამიტომაც, ყველა ჩვენგანი ამ პერიოდში თავისი მოვალეობის შესრულებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს“. 25 ოქტომბერს დე ფაქტო შსს მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვა გავრცელებული პრაქტიკაა, რაც თბილისში პოლიტიკურად აქტიურ პერიოდებს უკავშირდება.

კურატორის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში

ცხინვალის „რაიონის“ სოფ. ფრისში რუსი კერძო ინვესტორებისა და რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით კონსერვების ქარხანა გაიხსნა. ქარხნის საზეიმო გახსნას დაესწრო გაგლოევი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი, რომელიც ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ვოლვაჩმა ასევე მოინახულა ის ობიექტები, რომელთა მშენებლობაც რუსეთის მიერ დაფინანსებული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მათ შორის მოინახულა კომპანია „ირ-ბაზალტის“ ქარხანა, რომელსაც წარმოება ჯერ არ დაუწყია. ვოლვაჩი ოკუპირებული რეგიონების ხშირი სტუმარია. იგი რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესრულებაზეა პასუხისმგებელი.

დიმიტრი ვოლვაჩის ვიზიტი ცხინვალის რეგიონში

შეხვედრა რაშიდ ნურგალიევთან

15 ოქტომბერს მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გაგლოევი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ნურგალიევი საბჭოში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაზე ოკუპირებული რეგიონის თავდაცვისუნარიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. გაგლოევი, როგორც წესი, მოსკოვში ვიზიტის დროს ხშირად ხვდება ნურგალიევს, თუმცა მათი შეხვედრის შესახებ მედიაში მწირი ინფორმაცია ვრცელდება.

სახელმწიფო დუმასთან თანამშრომლობის ახალი კომისია

22 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმასთან თანაშრომლობის მუდმივმოქმედი კომისიის ახალი შემადგენლობა აირჩია. ამის აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ოკუპირებულ რეგიონში ახალი „პარლამენტი“ აირჩიეს. კომისია 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა საპარლამენტო თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში. კომისიის შეხვედრები, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ ტარდება, ცხინვალსა და მოსკოვში. კომისიის თანათავჯდომარეა საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა დრიაევი, რომელმაც კომისიის მუშაობა ნაყოფიერად და კონსტრუქციულად შეაფასა. დრიაევი ოკუპირებული ახალგორის მაჟორიტარი „დეპუტატია“ და მის „არჩევას“ ეთნიკურად ქართული მოსახლეობის მხარდაჭერას უკავშირებენ.