ყოველთვიური მიმოხილვა

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები: ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების მიმოხილვა

2025 / 01 / 01

გამოცემა: N27 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 დეკემბერი, 2024

მიმოხილვა მზადდება  პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მომხდარი ძირითადი მოვლენებისა და ტენდენციების შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

აფხაზეთი

ენერგოკრიზისი და რუსეთის დახმარება

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის ენერგოკრიზისმა აფხაზეთში 1992-1993 წლების ომის შემდგომი პერიოდის მოგონებები გააღვიძა, როდესაც აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია მკაცრი გრაფიკით მიეწოდებოდათ. 9 დეკემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში 4 საათსა და 40 წუთამდე შეამცირეს, 11 დეკემბრიდან კი - 2 საათსა და 48 წუთამდე.

ენგურჰესის მიერ წლის ამ პერიოდში ელექტროენერგიის დაბალი გამომუშავების გამო ჰესი აფხაზეთს ვერ უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიით, რის გამოც ღამის საათებში ელექტროენერგიის მიღება კომერციული ფასით რუსეთიდან ხდება. პრობლემას ართულებს კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის საჭირო არალეგალური ფერმების არსებობა. „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელის, თიმურ ჯინჯოლიის თქმით, აფხაზეთი დღიურად ენგურჰესიდან საათში 2.1 მლმ კილოვატ საათს იღებს, კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის კი ამის ნახევარია საჭირო.

ჯინჯოლიას თქმით, 1 ნოემბრიდან 16 დეკემბრამდე შეიძინეს 165 მლნ კილოვატ საათი, რაც 665 მლნ რუბლი დაუჯდათ. მისი თქმით, თანხები, რომელიც გადანახული იყო ელექტროენერგიის შესაძენად, ხელფასებზე დაიხარჯა, რადგან რუსეთმა 1.5 მლრდ რუბლის დაფინანსება შეაჩერა.

ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში მოთხოვნა გაიზარდა თხევად გაზზე, რომელიც 3-4 დღეში 15-18 ტონა იხარჯება. აფხაზეთი თხევად გაზსაც რუსეთიდან იღებს.

შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევის მიზნით, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ ჰუმანიტარული ელექტროენერგიის მიწოდების თხოვნით რუსეთს მიმართა. მოსკოვმა თხოვნა დააკმაყოფილა და 23 დეკემბრიდან აფხაზეთმა რუსეთიდან ე.წ. სოციალური ელექტროენერგიის მიღება დაიწყო, რის შედეგადაც შუქი დღისით და ღამით, მხოლოდ, 2-2 საათით ითიშება. შექმნილ ვითარებაში გუნბას თხოვნამ და შემდეგ მოსკოვის მიერ თხოვნის შესრულებამ ეჭვი გააჩინა, რომ მოახლოებულ არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ფავორიტი შეიძლება გუნბა იყოს.

მკვლელობა „პარლამენტში“

ენერგოკრიზისი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა დე ფაქტო პარლამენტში, სადაც 19 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკების შედეგად „დეპუტატი“ მოკლეს. ინციდენტი ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვის „კანონპროექტს“ განიხილავდნენ. „დეპუტატებს“, კან კვარჩიასა და ადგურ ხარაზიას შორის, შელაპარაკების შედეგად ხარაზიამ ოთხჯერ გაისროლა იარაღიდან, რის შედეგადაც დაიჭრა კვარჩია, ვახტანგ გოლანძია კი, რომელიც მათ აშველებდა, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ვახტანგ გოლანძია

ინციდენტის შემდეგ გუნბამ საგანგებო თათბირი გამართა ძალოვანის უწყების წარმომადგენლებთან და საავადმყოფოში კვარჩიაც მოინახულა. 19 დეკემბერს გუნბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც მოიწვია.

ხარაზია ამ დრომდე მიმალვაშია და ძალოვანი უწყებები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ მისი ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით. 21 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტმა ხარაზიას ხელშეუხებლობა მოუხსნა, რის შემდეგადაც ე.წ. გენპროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 24 დეკემბერს ხარაზიას საცხოვრებელი სახლის მისამართით უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდანაც გაისროლეს. ვითარების სიმწვავიდან გამომდინარე დე ფაქტო პარლამენტმა 25 დეკემბერს უხუცესთა საბჭოს გვარებს შორის კონფლიქტის გადაწყვეტაში შუამავლის როლის შესრულების თხოვნითაც კი მიმართა.

1959 წელს დაბადებული ადგურ ხარაზია 1993-2002 წლებში გულრიფშის რაიონის ხელმძღვანელი იყო, 2002-2003 წლებში კი ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2014-2019 წლებში სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2007, 2012 და 2022 წლებში დე ფაქტო პარლამენტის წევრად აირჩიეს. ცნობილია, რომ 2020 წლის დეკემბერში ხარაზიამ სოხუმში ადამიანი დაჭრა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღძრეს.

„საპრეზიდენტო არჩევნები“

აფხაზეთში დაიწყო მზადება ვადამდელი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდება. როგორც ჩანს, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აღარ მიიღებს მონაწილეობას „არჩევნებში“ და მის მაგივრად „პრეზიდენტობისთვის“ „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა იბრძოლებს, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. 18 დეკემბერს ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გუნბას „საპრეზიდენტო“ კანდიდატად წარდგენისთვის „ამომრჩევლების“ მინიმუმ 2000 ხელმოწერას შეაგროვებს. წარდგენილმა კანდიდატებმა აფხაზური ენის ცოდნის ტესტი უნდა ჩააბარონ. ამ ეტაპზე ცნობილია რომ „პრეზიდენტობისთვის“ ბრძოლას რვა კანდიდატი აპირებს: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ ხურხუმალი, შამილ აძინბა, კან კვარჩია და ბესლან კვიცინია. რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია კანდიდატთა საბოლოო სიას „არჩევნებამდე“ ერთი თვით ადრე დაადგენს.

ვინ მიიღებს ხელფასს?

რუსეთის მიერ დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ აფხაზეთში ხელფასების გაცემის მხრივ სერიოზული პრობლემებია. 9 დეკემბერს ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ვლადიმირ დელბამ განაცხადა, რომ ხელფასებს ჯერ მიიღებენ ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, შემდეგ ე.წ. საიმიგრაციო სამსახურის, ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, ე.წ. გადასახადებისა და შემოსავლების სამინისტროსა და ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თანამშრომლები, მესამე ეტაპზე კი - სოციალური სფეროს მუშაკები.

რუსეთმა ნოემბრიდან სრულად შეაჩერა „საბიუჯეტო“ სფეროს თანამშრომლებისთვის ხელფასების თანადაფინანსება. ჯამში წლის ბოლომდე რუსეთისგან ვერ მიიღებენ 1 მლრდ 800 მლნ რუბლს, რომლის დაფარვაც ადგილობრივი რესურსებით უნდა მოხდეს. რუსეთმა მსგავსი ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაცია არ მოახდინა. შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთში ბიზნესის წარმოებისთვის რუს ინვესტორებს არაერთ შეღავათს აძლევდა, რაც ოპოზიციისა და მოსახლეობის ნაწილისთვის მიუღებელი იყო.

საინვესტიციო შეთანხმების წინააღმდეგ

3 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა საგანგებო სხდომაზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგ უყარეს კენჭი. ეს საკითხი ნოემბერში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა, რასაც დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა და ვადამდელი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

დე ფაქტო პარლამენტის სხდომა

რატომ დააკავეს რუმინეთის მოქალაქე?

ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, უცხოურ სპეცსამსახურებთან ბრძოლის ფარგლებში, 13 დეკემბერს აფხაზეთში დააკავეს რუმინეთის მოქალაქე დევიდ კერჩ ადრიანი. ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ადრიანი უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით სამხედრო ობიექტების შესახებ დრონის საშუალებით ინფორმაცის შეგროვებას ცდილობდა. მსგავსი ბრალდებებით რამდენიმე პირი წარსულშიც დააკავეს. მათ საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი.

დაკავებული რუმინეთის მოქალაქე

„აფხაზური კულტურის საღამოები“ შოტლანდიაში

23 დეკემბერს შოტლანდიის ქალაქებში, ედინბურგი და აბერდინი, „აფხაზური კულტურის საღამოები“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო შოტლანდიაში აფხაზეთის ე.ჭ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი რიცა ანქვაბი. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებას ქალაქის მერიისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ბიზნესმენები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოს ფარგლებში აფხაზეთის შესახებ ინგლისურ ენაზე ფილმი აჩვენეს. „გასტრონომიული აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში კი აფხაზური კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა. რიცა ანქვაბი წლებია შოტლანდიაში ე.ჭ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელია. ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციით, იგი ჯერ კიდევ 2014 წელს შოტლანდიის ქ. კილმარნოკის მერს შეხვდა.

„აფხაზური კულტურის საღამოები“

ახალი რესურს-ცენტრი გალში

ოკუპირებულ აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობამ გალში, N1 საშუალო სკოლის ბაზაზე, რესურს-ცენტრი გახსნა. ცენტრის მუშაობის მიზანია ხელი შეუწყოს რუსული ენის შესწავლას და ასევე უზრუნველყოს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება. ცენტრის გახსნას სააგენტოს წარმომადგენელი ვლადისლავ კულიკოვიც დაესწრო. პირველი მსგავსი რესურს-ცენტრი სოხუმში გაიხსნა. გალის რაიონში ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ. რამდენიმე წელია ოკუპირებულ რაიონში ქართულ ენაზე სწავლა აკრძალულია და ეთნიკური ქართველები განათლებას რუსულ ენაზე იღებენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის რუსიფიკაციას და ქართული იდენტობის შესუსტებას ისახავს მიზნად.

რესურს-ცენტრის გახსნა გალში

ინალ არძინბას გეგმები

ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ, რომელიც 2024 წლის მაისში დაითხოვეს თანამდებობიდან, კვლავ შეახსენა თავი საზოგადოებას. მისი თქმით, იგი გეგმავს სოჭში ტექნოლოგიურ ჰაბში, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება, ახალგაზრდა აფხაზი მეცნიერები მიიწვიოს სამუშაოდ. არძინბა ნოემბრიდან „AVA Tech“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. საბჭოს წევრია რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც. „მინისტრის“ თანამდებობის დატოვების შემდეგ არძინბა მოსკოვში დასაქმებას გეგმავდა, მაგრამ უშედეგოდ.

ცხინვალის რეგიონი

სამხედრო თანამშრომლობა მოსკოვთან

6 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შეთანხმებას. დე ფაქტო სპიკერის ალან მარგიევის განცხადებით, დოკუმენტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მორიგი დახმარება და მხარდაჭერაა. მანამდე, 23 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა ხელი ფედერალურ კანონს „სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ“.

შეთანხმებას 2023 წლის 23 აგვისტოს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიზანია სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება. შეთანხმება სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების წესს განსაზღვრავს. უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებულ რეგიონში პრაქტიკულად აღარ არსებობს ადგილობრივი შეიარაღებული ძალები, რომლის რაოდენობაც მინიმალურია. ე.წ. შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებისთვის მწვავედ აკრიტიკებდნენ ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს.

ოკუპირებული რეგიონის უსაფრთხოებას სრულად უზრუნველყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასაც შეუძლია სამხედრო სამსახურის გავლა. არაერთი ეთნიკურად ოსი სამხედრო ამჟამად უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობს.

საგანგებო სიტუაციათა „მინისტრების“ შეხვედრა

3 დეკემბერს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ალექსანდრ კურენკოვი მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრს, იბრაგიმ გასეევს შეხვდა. რუსული მხარის განცხადებით, ისინი განიხილავენ ცხინვალისთვის ახალი სპეცტექნიკის გადაცემის საკითხს. კურენკოვის განცხადებით, რუსული მხარე ცხინვალს ასევე დაეხმარება არსებული სპეცტექნიკის რემონტში და ვიდეოკონფერენციის სისტემის ორგანიზებაში.

შეხვედრა მოსკოვში

ახალი ბანკომატები ცხინვალში

ე.წ. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, სოსლან ბეკოევის განცხადებით, ისინი გეგმავენ ბანკომატების რაოდენობის გაზრდას ცხინვალსა და რაიონებში. ბანკომატები განთავსდება ქალაქის ადმინისტრაციისა და „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შენობებში. ამ ეტაპზე თითქმის ქალაქის ყველა რაიონში არის ერთი ბანკომატი, რაც ქალაქს სრულად უზრუნველყოფს. „ბანკის“ მიზანია დამატებით გაიხსნას ბანკომატები. ბეკოევის თქმით, ამჟამად „სახელმწიფო ორგანიზაციების“ თანამშრომლების 40% ეროვნული ბანკის კლიენტი და „მირ“-ის საგადახადო სისტემის საბანკო ბარათების მფლობელია.

ბეკოევის თქმით, რეგიონში მალე დაიწყებს მუშაობას „ალანიის საინვესტიციო ბანკი“, რომელიც მოსახლეობაზე სამომხმარებლო კრედიტებსაც გასცემს. ბანკი 2024 წლის ივნისში დარეგისტრირდა.

ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთისგან განსხვავებით, საბანკო სისტემა სუსტად არის განვითარებული. სისტემა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და საერთაშორისო მასშტაბით ოპერირება არ შეუძლია.

ასადის დამხობა და ოკუპირებული რეგიონების რეაგირება

8 დეკემბერს სირიაში ბაშარ ალ ასადის დამხობის შემდეგ პირველი განცხადება ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს გააკეთა. განცხადება ნეიტრალური შინაარსის იყო, სადაც გამოთქმული იყო ინტერესი სირიის ერთიანობის შენარჩუნებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საინტერესოა, რომ მანამდე, 29 ნოემბერს გავრცელებული განცხადება ასადის მხარდამჭერ ტექსტებს შეიცავდა და ასადის მოწინააღმდეგეებს, რომლებმაც ძალაუფლება ხელში აიღეს, ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებდა.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ბედი ელის სირიაში აფხაზეთის ე.წ. საელჩოს. ამჟამად ცნობილია, რომ „საელჩოს“ ერთი თანამშრომელის ევაკუაცია რუსეთმა უზრუნველყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 17 დეკემბერს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლებების დარღვევაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. საქმე ეხებოდა ექვსი მომჩივნის – ოთხი ქართველის და ორი რუსის საჩივრებს, რომელთაც უარი ეთქვათ აფხაზეთში საომარი მოქმედებების შემდეგ თავიანთ სახლებსა და საკუთრებაში შესვლაზე. სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის N1 ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების დაცვა) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) დარღვევები.

სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აფხაზეთზე და ვერ უზრუნველყო ინდივიდუალური პირების, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „მათ უნდა მიეღოთ ზომები ამ უფლებების დასაცავად, მათ შორის ადვილად ხელმისაწვდომი და მოქნილი სამართლებრივი მექანიზმის უზრუნველყოფის გზით. მათ ეს ვერ მოახერხეს. შესაბამისად, ამ განმცხადებლების უფლებების დარღვევა რუსეთის ფედერაციის გამო მოხდა“, – ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.