ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2019 / 06 / 01

2019 წლის მაისში, წინა თვეებთან შედარებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო წვრთნების რაოდენობამ იკლო. თუმცა, სლავური დამწერლობისა და კულტურის დღესთან და 9 მაისთან დაკავშირებით, სოხუმსა და ცხინვალში არაერთი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის მაისში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:

  • მნიშვნელოვანი ვიზიტები: ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებამდე რეგიონის დე ფაქტო ლიდერი რუსეთის მთავრობის წევრებს შეხვდა.
  • სამხედრო წვრთნები: მაისში სამხედრო წვრთნების რაოდენობამ და მასშტაბურობამ წინა თვეებთან შედარებით იკლო.
  • „საზღვრის“ დემარკაცია: რუსეთის წარმომადგენლებმა ცხინვალის რეგიონში ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ დემარკაციაზე იმსჯელეს.
  • რუსული დაფინანსება: 2019 წელს აფხაზეთის ბიუჯეტი რუსეთისგან დამატებით დაფინანსებას მიიღებს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთის მხარდაჭერით აფხაზეთში მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია მიმდინარეობს.
  • სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა: აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში რუსეთი აფხაზეთს აქტიურად ეხმარება.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას მეთაური ცხინვალს ესტუმრა.
  • რელიგია: აფხაზეთისა და ადიღეს მუსლიმების თანამშრომლობა ვითარდება.
  • რბილი ძალა: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე და 9 მაისი არაერთი ღონისძიებით აღნიშნეს.

მნიშვნელოვანი ვიზიტები

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მაისში განსაკუთრებით აქტიური იყო რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. რუსეთის მაღალჩინოსნებთან ბიბილოვის გახშირებული შეხვედრები ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს დაგეგმილი არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნებით შეიძლება აიხსნას. მოსკოვში ვიზიტები, შესაძლოა, ბიბილოვის მხრიდან მისი პოლიტიკური გუნდისთვის კრემლის მხარდაჭერის მოპოვების სურვილით იყოს განპირობებული.  6 მარტს, ბიბილოვი უკვე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ბიბილოვი 27-28 მაისს ესტუმრა მოსკოვს, სადაც რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეხვდა. შეხვედრაზე სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბიბილოვი ასევე შეხვდა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრს, სერგეი ჩებოტარევს. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და 2019 წელს ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილეს.

სამხედრო წვრთნები

მაისში სამხედრო წვრთნების რაოდენობამ და მასშტაბურობამ წინა თვეებთან შედარებით იკლო. მასშტაბური წვრთნებიდან საყურადღებო იყო რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის ანტიტერორისტული დანაყოფებისა და სამხედრო პოლიციის ერთობლივი წვრთნები, რომელიც სომხეთში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარდა.

„საზღვრის“ დემარკაცია

2019 წლის 16 მაისს, ცხინვალში, რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთობლივი ე.წ. საზღვრის სადემარკაციო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შეფასებით, კომისიის საქმიანობა პრაქტიკულად დასრულებულია. კომისიაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვადიმ პოსტნოვის განცხადებით, უკვე დაგეგმილია მთელი რიგი ინსტრუქციებისა და წესების ხელმოწერა, რის შემდეგაც შეიქმნება სადემარკაციო რუკა და განისაზღვრება სასაზღვრო ნიშნების განთავსების ადგილები.

რუსული დაფინანსება

2019 წლის 31 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს. დე ფაქტო ფინანსთა მინისტრ ჯანსუღ ნანბას თქმით, 2019 წელს ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილი 470 მლნ 900 ათასი რუბლით გაიზრდება, მათ შორის 360 მლნ რუბლი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის გამოყოფილი რუსეთის ფინანსური დახმარება იქნება, 69 მლნ 500 ათასი რუბლი კი, რუსეთის დახმარებაა 2017-2019 წლების აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ფარგლებში.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში მოსახლეობის საყოველთაო დისპანსერიზაცია მიმდინარეობს, რომელიც 2019 წლის 5 აპრილს გალის რაიონიდან დაიწყო. დისპანსერიზაციას რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ექიმთა ჯგუფი ატარებს. დისპანსერიზაცია აფხაზეთის ყველა რაიონში ჩატარდება და 10 ივნისისთვის დასრულდება. ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების მკურნალობის ფაქტების შემცირებას ისახავს მიზნად. მსგავს ტენდენციას ადგილობრივი დე ფაქტო მთავრობა ნეგატიურად აფასებს და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად მიიჩნევს, რომელსაც თბილისი სოხუმის წინააღმდეგ იყენებს.

სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად რუსეთმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით აფხაზეთის დახმარება გაააქტიურა. თუ აპრილში აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსეთისგან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 4000 ლიტრზე მეტი პრეპარატი მიიღო, მაისში „რუსეთის სოფლის მეურნეობის ცენტრის“ („როსსელხოზცენტრ“) წარმომადგენლებმა აფხაზეთის მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატების უსაფრთხო გამოყენება ასწავლეს. დამატებით, რუსეთი აფხაზეთს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში 133 მლნ რუბლით დაეხმარება. აღნიშულის შესახებ რუსეთის 2019-2021 წლების ბიუჯეტშია მითითებული.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

ბითაროვი ცხინვალს ესტუმრა                                             

2019 წლის 29 მაისს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიას მეთაური ვიაჩესლავ ბითაროვი ცხინვალს ესტუმრა. ბითაროვმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის მიღების 27-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ბითაროვი ცხინვალში გამართული ყველა მნიშვენლოვანი ღონისძიების საპატიო სტუმარია.

ბიბილოვი დონბასს ესტუმრა

რუსეთის მხარდაჭერით სულ უფრო ღრმავდება ცხინვალის რეგიონისა და დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების ურთიერთობები. 2019 წლის 10 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ხუთი წლისთავის აღსანიშნად დონეცკში ჩავიდა.  12 მაისს, ბიბილოვი ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკასაც ესტუმრა. მანამდე ლუგანსკისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებმა 2018 წელს ხელმოწერილი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს. არსებობს მოსაზრება, რომ ცხინვალის რეგიონი რუსეთსა და უკრაინის სეპარატისტულ რეჟიმებს შორის საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ერთგვარ შუამავალ რგოლად ჩამოყალიბდა. მოსკოვი მსგავსი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობით უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებთან ურთიერთობის შენიღბვას ცდილობს.

რელიგია

2019 წელი აფხაზეთისა და ადიღეს მუსლიმებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებით გამოირჩევა. 2019 წლის 2 მაისს ქ. მაიკოპის მეჩეთში აფხაზეთის მუსლიმთა ერთიანი სასულიერო სამმართველოს მუფთმა და ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს მუფთმა თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცოტა მოგვიანებით, ადიღეს რესპუბლიკისა და კრასნოდარის მხარის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს წარმომადგენლები აფხაზეთს საქველმოქმედო მიზნით ესტუმრნენ. სტუმრებმა სოხუმისა და გუდაუთის მეჩეთებში სამარხვო ვახშამი - იფტარი გამართეს. სამმართველოს დელეგაცია აფხაზეთს მარტში ერთხელ უკვე ესტუმრა.

რუსეთის რბილი ძალა

2019 წლის მაისში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობები სოხუმსა და ცხინვალში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისა და სლავური დამწერლობისა და კულტურის დღის აღნიშვნის კუთხით აქტიურობდნენ. ამავე დროს, 22 მაისს გალის რაიონის კულტურის სახლში რუსულ ენაში მასტერ-კლასი და კონცერტიც ჩატარდა.

9 მაისის ზეიმი

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მაგ. ცხინვალსა და სოხუმში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. 7 მაისს, ცხინვალში „გამარჯვების დიქტანტი“ ჩატარდა. მეორე მსოფლიო ომის შესახებ ცოდნა 84 ადამიანმა შეამოწმა. 9 მაისის დღესთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონის მასშტაბით „გეორგიევსკის ლენტის“ აქციაც გაიმართა. მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა აფხაზეთშიც: უკვდავთა პოლკი, ველოგარბენი, საზეიმო მსვლელობა, მიტინგები და გამოსვლები,  შაბათობა.

9 მაისთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე, ცხინვალის სკოლების 30 მოსწავლე საერთო რუსულ სამხედრო-პატრიოტულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „Юнармия“-ს რიგებში მიიღეს. ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტი.

სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე

24 მაისს ცხინვალის რეგიონში სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პუშკინის 220-ე და კოსტა ხეთაგუროვის 160-ე წლისთავთან დაკავშირებით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები გაიმართა. სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე მასობრივი ღონისძიებებით აღნიშნეს აფხაზეთშიც.