2019 წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს შეხვდა. რუსი დეპუტატები აფხაზურ „არჩევნებს“ დააკვირდნენ. რუსეთი აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის აგვისტოში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.
აგვისტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის სიმბოლური თარიღებით დატვირთული თვე იყო. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ორივე რეგიონში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თარიღები აღნიშნეს. წელს ღონისძიებებმა რუსი მაღალჩინოსნების მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. რუსი დეპუტატების სიმრავლე აფხაზეთში მხოლოდ არალეგიტიმური არჩევნების დღეს შეინიშნებოდა.
2019 წლის აგვისტოს მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:
„არჩევნები“ და რუსეთი
2019 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც დამკვირვებლის სტატუსით რუსეთის სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. რუსმა დამკვირვებლებმა აფხაზურ „არჩევნებზე“ დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის შეფასებით, „არჩევნები - აფხაზი ხალხის შიდა საქმეა და მოსკოვი ნებისმიერ მის არჩევანს პატივს სცემს“. მან პოლიტიკურ ჯგუფებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არჩევნები დესტაბილიზაციის მიზეზი არ უნდა გახდეს. ფედერაციის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ფარიტ მუხამეტშინის შეფასებით კი, არჩევნები ჩატარდა ღიად, დემოკრატიულად და არჩევნების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, 2019 წლის 6 აგვისტოს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ქ. სოჭში, შეხვდა. შეხვედრის დროს პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დაგეგმილ არალეგიტიმურ არჩევნებზე. პუტინს ხაჯიმბას კანდიდატურის ღია მხარდაჭერა არ დაუფიქსირებია, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ხაჯიმბას პუტინთან შეხვედრა კრემლის მხრიდან მისი კანდიდატურის ირიბ მხარდაჭერად შეფასდა. ამის მიუხედავად, არალეგიტიმური არჩევნების შედეგების მიხედვით, გამარჯვებულის გამოსავლენად, 8 სექტემბერს, ხაჯიმბას ოპოზიციის კანდიდატთან მეორე ტურში მძიმე დაპირისპირება მოუწევს. პირველ ტურში ხაჯიმბამ ხმების 24.83% მიიღო, ოპოზიციური პარტია „ამცახარა“-ს ლიდერმა ალხას კვიცინიამ კი - 22.91%.
კურატორის ვიზიტი
2019 წლის 22 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, აფხაზეთს ესტუმრა. კოშინმა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტების (ქ. გაგრასა და სოფ. ლიხნში სკოლები, ქ. ახალ ათონში საბავშვო ბაღი, ტყვარჩელის რაიონში ცენტრალური რაიონული საავადმყოფო) მშენებლობა დაათვალიერა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან რუსეთსა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
სამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე
სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე
უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა
2019 წლის 23 აგვისტოს, მოსკოვში, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შეხვდა. შეხვედრის დროს ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ. შეთანხმების ხელმოწერა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა
სოხუმის აეროპორტი რეაბილიტაციის მოლოდინში
აფხაზეთში ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციის საკითხი. საჰაერო სატრანსპორტო მიმოსვლის ორგანიზების საკითხები აფხაზურმა მხარემ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს - „როსავიაციის“ წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. რუსეთის დელეგაციის წევრის, სოხუმის აეროპორტის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელის, ეგორ სოლომატინის განცხადებით, პროექტის პოტენციური ინვესტორი შეიძლება კერძო რუსული კომპანია - „აეროინვესტი“ იყოს. სოხუმის აეროპორტი გახსნის შემთხვევაში დღე-ღამეში 5 ათასამდე მგზავრს მიიღებს. აეროპორტის ამოქმედებას კი, დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.
რუსული დელეგაციის ვიზიტამდე, 2019 წლის 26 ივლისს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, სოხუმის აეროპორტს კოდი - URAS მიანიჭეს. აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონის ნაწილად გამოცხადდა. თუმცა, რეალურად კოდი აეროპორტისთვის არავის მიუნიჭებია, რადგან ამის უფლებამოსილება მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) აქვს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის საკრუიზო მიმოსვლა დაიწყება
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში აფხაზეთსა და რუსეთს შორის შავ ზღვაში რეგულარული საკრუიზო მიმოსვლის ორგანიზების საკითხი განიხილეს. 3 აგვისტოს მიღებული საგზაო რუკის მიხედვით, „თავადი ვლადიმირ“-ის საკრუიზო ხომალდი სოხუმის პორტს სატესტო რეჟიმში ოქტომბერში ეწვევა, რეგულარული საკრუიზო მიმოსვლები კი - 2020 წლიდან იგეგმება.
რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში ნავთობპროდუქტების ექსპორტი გამარტივებდა
რუსეთის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხინვალის რეგიონში ნავთობპროდუქტების (ბუნებრივი გაზის გარდა) ექსპორტის გაფორმება გამარტივებდა და ექსპორტი დროებითი პერიოდული საბაჟო დეკლარირების გარეშე განხორციელდება. რუსეთის მთავრობამ შესაბამისი პროტოკოლის რატიფიკაციის კანონპროექტს უკვე დაუჭირა მხარი.
სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას მცენარეთა კარანტინის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ, რის საფუძველზეც მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები გაძლიერდება. აღნიშნული ღონისძიებები აფხაზეთიდან რუსეთში პროდუქტების შეტანას გააადვილებს.
რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა
ცხინვალის რეგიონი გამორჩეულად აქტიურობს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. აგვისტოში ყირიმის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ ცხინვალის რეგიონთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ სფეროში 2019-2022 წლებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ყირიმში ვიზიტისას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა კი, ქ. სევასტოპოლის გუბერნატორის მ.შ.-თან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა.
რუსეთის რბილი ძალა
რუსული კვოტები
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროს მიერ წარგზავნილმა 19 კურსანტმა რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს კრასნოდარის უნივერსიტეტი დაამთავრა. 2019 წელს რუსეთის შს სამინისტროს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ცხინვალის რეგიონის ძალოვანი უწყებებისთვის 22 ადგილია გამოყოფილი. 2009 წლიდან სულ 200 აბიტურიენტმა ისარგებლა გამოყოფილი კვოტით.
რუსეთის სახელმწიფო დროშის დღე ცხინვალშიც აღნიშნეს
22 აგვისტოს ცხინვალში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობაში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს. ღონისძიებაში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმაც მიიღო მონაწილეობა.