ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2019 / 02 / 01

2019 წელი ტრაგიკულად დაიწყო აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის.  სამხედრო წვრთნების დროს რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, კრიმინალების თავდასხმის შედეგად კი - რუსეთის ორი მოქალაქე. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2019 წლის იანვარში მომხდარ აღნიშნულსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2019 წლის იანვრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:

  • აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები: რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ვიტალი მუტკოს პასუხისმგებლობის სფერო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კიდევ უფრო გაფართოვდა.
  • საინვესტიციო პროექტების ინსპექტირება: ცხინვალის რეგიონში რუსეთის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების განხორციელება ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შეამოწმა.
  • სამხედრო წვრთნები: აფხაზეთში სამხედრო წვრთნების დროს რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამი მოსამსახურე დაიღუპა.
  • კრიმინალი: 2019 წლის იანვარში აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქე მოკლეს.
  • უწყებათაშორისი თანამშრომლობა: ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო გენერალური პროკურორი რუსეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა.
  • რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა: 2019 წლის იანვარში აფხაზეთთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით კრასნოდარის მხარე აქტიურობდა.
  • რბილი ძალა: აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის უნივერსიტეტებში სტუდენტების მისაღებად სამზადისი დაიწყო.

ვიტალი მუტკოს პასუხისმგებლობის სფერო იზრდება

2018 წლის 18 მაისს ვლადიმერ პუტინის ხელახალი გაპრეზიდენტების შემდეგ ჩამოყალიბებულ ახალ მთავრობაში ვიტალი მუტკო, პრემიერ-მინისტრის მოადგილის რანგში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორი გახდა. 2018 წლის 5 ივნისს,  მუტკო რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარედაც დაინიშნა. 2019 წლის 22 იანვარს კი, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მის მოადგილეებს შორის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებლობის სფეროების განაწილებისას, მუტკოს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა ჩააბარა, მათ შორის „ჩრდილოეთ  კავკასიის ფედერალური ოლქის განვითარებისა“ და „საგარეოპოლიტიკური საქმიანობის“ (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილში) პროგრამები.

საინვესტიციო პროექტების ინსპექტირება

2019 წლის 29 იანვარს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი ანტონ მელნიკი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალს ეწვია. მელნიკმა ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩ“ მარატ კულახმეტოვთან ერთად ცხინვალში მშენებარე სამშობიარო სახლის შენობა მოინახულა. მისი ვიზიტის მიზანი იყო დაფინანსებისა და სამშენებლო მასალების კუთხით არსებული ვითარების გაცნობა.

მელნიკმა, ვიზიტის ფარგლებში, რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებიც განიხილა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. შეხვედრის დროს ასევე განიხილეს რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის მორიგი შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები. შეხვედრა 2019 წლის პირველ ნახევარში ცხინვალში გაიმართება.

სამხედრო წვრთნები

ტრაგიკული შემთხვევა

2019 წლის იანვარი ტრაგიკული გამოდგა აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზისთვის. 2019 წლის 18 იანვარს საგზაო შემთხვევის შედეგად სამი რუსი სამხედრო დაიღუპა. ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც წებელდაში განთავსებულ სამხედრო პოლიგონიდან აფხაზეთში რუსეთის ჯარის მუდმივი დისლოკაციის ადგილისკენ გადაადგილდებოდა, მდინარე კოდორის ხეობაში 40 მეტრის სიღრმეში გადავარდა. სამი სამხედრო ადგილზევე გარდაიცვალა, ორმა კი მძიმე ტრამვები მიიღო. დაზარალებულები სამხედრო ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

სამხედრო წვრთნები მე-7 სამხედრო ბაზაზე

2019 წელი აქტიურად დაიწყეს აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის  სამხედრო მოსამსახურეებმა:

  • გუდაუთის სამხედრო პოლიგონზე გამნაღმელებმა, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით, ფეთქებადსაშიში საგნების მოძიებასა და განადგურებაში ივარჯიშეს. მსგავსი წვრთნები პირველად გაიმართა აფხაზეთში.
  • წებელდას სამხედრო პოლიგონზე სამხრეთის სამხედრო ოლქის საინჟინრო-მესანგრეთა დანაყოფმა წყლის წყაროს მოძიებაში, წყლის შეგროვების პუნქტების მოწყობაში, გაწმენდასა და  დეზინფექციაში ტაქტიკური წვრთნები ჩაატარეს.
  • რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფმა უპილოტო საფრენი აპარატების გაუვნებელყოფაში ივარჯიშა.
  • 3000-მა სამხედრომ საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. წვრთნების დროს სამხედროების მოქმედებების კონტროლი უპილოტო საჰაერო აპარატების საშუალებით განხორციელდა.
  • 3000-მდე სამხედრო მოსამსახურემ ღამის განმავლობაში მთაგორიან ადგილებსა და ზღვის სანაპიროზე ტანკებიდან და ჯავშანმანქანებიდან სროლებში ივარჯიშა.
  • არტილერისტებმა წებელდას სამხედრო პოლიგონზე ტაქტიკური წვრთნების ფარგლებში პირობითი მოწინააღმდეგის ბრონეტექნიკა გაანადგურეს. წვრთნების დროს პირველად გამოიყენეს უახლოესი პორტატული რადიოლოკაციური სადგური „სობოლიატნიკ“-ი.
  • ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებმა შავი ზღვის სანაპიროზე მოძრავი დაჯავშნული სამიზნეები გაანადგურეს. წვრთნების დროს თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „შტურმ-ს“ გამოიყენეს.

სამხედრო წვრთნები მე-4 სამხედრო ბაზაზე

შედარებით პასიური იყო ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც 2019 წლის იანვარში სხვადასხვა ტიპის სამხედრო ღონისძიებებთან ერთად, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, სასწავლო განგაში გამოცხადდა.

ინფრასტრუქტურული პროექტები სამხედროებისთვის

სამხედრო წვრთნების პარარელურად აფხაზეთში რუსი სამხედროებისთვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც მიმდინარეობდა. რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის წარმომადგენლის განცხადებით, აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მოსამსახურეებისთვის ოთხი ახალი საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი აშენდება.

დანაშაული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ

2019 წლის იანვარში აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე თავდასხმის ორი ფაქტი დაფიქსირდა. 14 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ტამიშში რუსეთის ქ. კოსტრომაში დაბადებული, ავტომექანიკოსი, მიხაილ მასლოვი მოკლეს. იგი ხუთი წელია აფხაზეთში ცხოვრობდა. ორი დამნაშავე მასლოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში შევიდა, სადაც წინააღმდეგობის გაწევის დროს მას ესროლეს. მასლოვი ადგილზევე გარდაიცვალა.

მოსკოველი მეწარმე მიხაილ ევალენკო კი, 15 იანვარს გაგრის რაიონის სოფ. ლიძავაში,  „აუდი Q-7“-ის ავტომანქანის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა. იგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აფხაზეთში ბიზნესით იყო დაკავებული. ქართული-აფხაზური დაპირისპირების დასრულების შემდეგ ევალენკომ აფხაზეთში სახლი იყიდა, სადაც 15 წელი ცხოვრობდა. მალენკო 26 იანვარს მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნულ საკითხზე, 2019 წლის 16 იანვარს „აფხაზეთის რუსული საზოგადოების“ საზოგადოებრივმა გაერთიანებამ აფხაზეთის ტერიტორიაზე კრიმინოგენური ვითარების გართულებისა და იანვარში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტების გამო განცხადებაც გაავრცელა და ადგილობრივ დე ფაქტო მთავრობას შეიარაღებული დამნაშავეების დაკავებისკენ მოუწოდა. 21 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ განაცხადა, რომ მასლოვის მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს სოფ. კუტოლიდან, რომლებმაც დანაშაული აღიარეს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების გახმაურებული მკვლელობებიდან, საყურადღებოა, 2013 წლის სექტემბერში რუსეთის „საელჩოს“ პირველი მდივნის დიმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლის მკვლელობა. 2017 წლის ივლისში რუსი ტურისტის მკვლელობას აფხაზურ-რუსულ ურთიერთობაში მცირე დაძაბულობაც კი მოჰყვა. რუსი ტურისტის მკვლელობის გამო აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ სემიონ გრიგორიევმა მწვავედ გააკრიტიკა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. „ელჩის“ კრიტიკა მწვავედ შეაფასეს აფხაზმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ და „ელჩს“ შიდა აფხაზურ საქმეებში ჩარევაში დასდეს ბრალი.

უწყებათაშორისი თანამშრომლობა

2019 წლის 29 იანვარს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორ იური ჩაიკას შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მიღწეული შეთანხმებების განხორციელების შედეგები განიხილეს. ჯაგაევის ვიზიტის პერიოდში რუსეთის პროკურატურის უნივერსიტეტში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენლებმა კვალიფიკაციაც აიმაღლეს.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

2019 წლის 31 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაცია კრასნოდარის მხარეს ეწვია. აფხაზურ დელეგაციას დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ჯანსუღ ნანბა ხელმძღვანელობდა. ნანბას კრასნოდარის მხარის გუბერნატორის მოადგილემ, იგორ გალასმა უმასპინძლა. შეხვედრაზე ეკონომიკის და სოციალურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კრასნოდარის მხარესა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვა 44.5 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

რუსეთის რბილი ძალა

2019 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურმა სააგენტომ (Россотрудничества) აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველებთან მოსამზადებელი შეხვედრები დაიწყო. 15 იანვარს, მსგავსი შეხვედრა გაიმართა ცხინვალში, რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრში, 25 იანვარს კი - სოხუმში, საერთაშორისო ცენტრ „მოსკოვის სახლში“.

2019 წლის 24 იანვარს სოხუმში სააგენტოს-ს წარმომადგენლობაში ვლადიმერ ვისოცკის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ვისოცკის დაბადების დღე სააგენტოს წარმომადგენლობის გახსნის დღიდან ყოველ წელს აღინიშნება.