ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2020 / 09 / 01

2020 წლის აგვისტოში აფხაზეთს, მოსალოდნელი ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად, რუსეთიდან ენერგეტიკის სფეროს ექსპერტების დელეგაცია ესტუმრა; ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში შეზღუდული რესურსების გამო აფხაზეთის სამედიცინო სისტემას რუსეთი ეხმარება; რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიმდინარე და დაგეგმილი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შესაფასებლად აფხაზეთს ესტუმრა. სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ 2020 წლის აგვისტოში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკას უკავშირდება.

2020 წლის აგვისტოს მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                                                                                                                                         

  • კურატორების ვიზიტი: რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩი მიმდინარე და დაგეგმილი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების შესაფასებლად აფხაზეთს პირველად ესტუმრა.
  • სამხედრო წვრთნები: რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნების „კავკაზ-2020“-ის ჩატარების მზადყოფნის შემოწმების მიზნით ოლქში შემავალ სამხედრო პოლიგონებზე სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნები ჩატარდა.
  • უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი „არმია-2020“ ფორუმის ფარგლებში რუსეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი რუსეთის საბაჟო სამსახურის ახლადდანიშნულ წარმომადგენელს შეხვდა.
  • ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას ცდილობს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: რუსეთი აფხაზეთს ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარება.
  • „რბილი ძალა“:  ცხინვალის საბავშვო ბაღში  რუსეთის დღე აღნიშნეს.

კურატორების ვიზიტი

2020 წლის 20 აგვისტოს მიხაილ ბაბიჩი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რანგში პირველად ესტუმრა აფხაზეთს. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 2020 წლის იანვრიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას კურირებს. ბაბიჩი კი სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

20 აგვისტოს ბაბიჩს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უმასპინძლა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების საკითხები. ბაბიჩმა ასევე შეაფასა ენერგეტიკული სისტემის მდგომარეობა და აფხაზურ მხარესთან ბიუჯეტის დეფიციტის საკითხი განიხილა. ამავე დღეს ბაბიჩი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბსაც შეხვდა.

ვიზიტის პირველ დღეს ბაბიჩმა გაგრისა და გუდაუთის რაიონებში ის ობიექტები მოინახულა, რომელთა მშენებლობაც 2017-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დასრულდა. 21 აგვისტოს, სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს, ბაბიჩი ტყვარჩელის რაიონსა და ქ. სოხუმს ესტუმრა. ტყვარჩელის რაიონში ბაბიჩმა მშენებარე ცენტრალური რაიონული საავადმყოფო და 2014 წელს აღდგენილი კულტურის სასახლე მოინახულა. ქ. სოხუმში ბაბიჩმა დაათვალიერა მშენებარე სასტუმრო კომპლექსი „სუხუმსკაია რივიერა“ და 2014 წელს რუსეთის მხარდაჭერით აღდგენილი აფხაზეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და დრამის სახელმწიფო რუსული თეატრი.

სამხედრო წვრთნები

რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნების „კავკაზ-2020“-ის ჩატარების მზადყოფნის შემოწმების მიზნით ოლქში შემავალ სამხედრო პოლიგონებზე სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნები ჩატარდა. წვრთნების მიმდინარეობა უშუალოდ შეამოწმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა. წვრთნები 10-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა.

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • წებელდისა და ძარწემის სამხედრო პოლიგონებზე სნაიპერებმა ღამის ხედვის მოწყობილობებით სასწავლო ამოცანები შეასრულეს.
  • არტილერისტებმა მთიან და ტყიან ადგილებში პირობითი მოწინააღმდეგის დაჯავშნული ტექნიკა გაანადგურეს.
  • მედესანტეებმა პირობითი მოწინააღმდეგის საზღვაო ქვეითთა იერიშის მოსაგერიებლად ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონის სანაპირო ზოლზე დესანტირება განახორციელეს.
  • მოტომსროლელთა და არტილერისტთა დანაყოფებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე მოლკინოს სამხედრო პოლიგონზე ივარჯიშეს.
  • მოტომსროლელთა და საარტილერიო დანაყოფებმა წებელდის სამხედრო პოლიგონზე პირობითი მოწინააღმდეგის ქვეითთა იერიშის მოგერიებაში ივარჯიშეს.
  • 3000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ, საბრძოლო მომზადების გეგმის ფარგლებში, დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის ეკიპაჟების ტაქტიკური ურთიერთქმედების ელემენტები დახვეწა.
  • საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დანაყოფებმა ასტრახანის ოლქში მდებარე კაპუსტინ-იარისა და აშულუკის სამხედრო პოლიგონებზე პირობითი მოწინააღმდეგის სარაკეტო და საავიაციო იერიშების მოგერიებაში  ივარჯიშეს.
  • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დანაყოფმა მასშტაბურ სპეციალურ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა.
  • სატანკო, საარტილერიო და მოტომსროლელთა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური წვრთნების დროს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვაში ივარჯიშეს.
  • სამხედრო პოლიციისა და სამხედრო-საავტომობილო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სპეციალური წვრთნები ჩატარდა.
  • არტილერისტებმა მთიან ადგილებში „გრად“-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მისი მოდერნიზაციის შემდეგ პირველი საბრძოლო სროლები განახორციელეს.
  • ნაღმმტყორცნელებმა სანაპირო ზოლში დესანტის საწინააღმდეგო თავდაცვითი ამოცანების შესრულებაში ივარჯიშეს.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • აგვისტოში კვირაში ერთხელ ახალწვეულების სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებები იმართებოდა. სულ ზაფხულში 500-ზე მეტი ახალწვეული გაიწვიეს.
  • სამხედრო ბაზაზე საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა შეამოწმეს. სახანძრო ჯგუფმა დანაყოფის საბრძოლო ტექნიკის პარკში ხანძრის ლიკვიდაციაში ივარჯიშა.
  • სამხედრო ბაზამ საკონტროლო-გამშვები პუნქტების აღჭურვისთვის უახლესი მეტალოდეტექტორები მიიღო.
  • სამხედრო ბაზამ სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური შესწავლისთვის თანამედროვე მობილური კომპლექტები მიიღო.
  • 3000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ ფიზიკურ მომზადებაში ნორმატივები ჩააბარა.
  • სამხედრო ბაზაზე პირველად ჩატარდა საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია-2020“, სადაც თანამედროვე შეიარაღება იყო წარმოდგენილი. 

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • მოტომსროლელებმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებულ ძალებთან ერთად პირობითი მოწინააღმდეგის დივერსანტების განადგურებაში ივარჯიშეს.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი რუსეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

2020 წლის 23 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ ანუა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შეხვდა. შეხვედრა „არმია-2020“-ის ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს. შეხვედრის დროს შოიგუმ აფხაზეთი რუსეთის მოკავშირედ და სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენია. მისი თქმით, რუსები და აფხაზები თავდაცვის საერთო სივრცეს ერთობლივად ქმნიან, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზაა.

„არმიის საერთაშორისო თამაშები“

რუსეთის ორგანიზებით, 23 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით რუსეთსა და რამდენიმე სახელმწიფოში რიგით მეექვსე „არმიის საერთაშორისო თამაშები“ ტარდება. პირველად ღონისძიება 2015 წელს ჩატარდა. ღონისძიებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები პირველად მონაწილეობენ.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

2020 წლის 3 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელს კონსტანტინ კოზლოვს შეხვდა. შეხვედრაზე საბაჟო სამსახურებს შორის თანამშრომლობის, საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო გულრიფშის რაიონში რუსეთის სპეციალიზებული საბაჟო ორგანოს ფუნქციონირებას. კოზლოვი საბაჟო სამსახურის წარმომადგენლად ივნისში დანიშნეს. მან სერგეი ივანოვი შეცვალა.

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა

რუსი სპეციალისტები ენგურჰესის მუშაობას გაეცნენ

2021 წლიდან ენგურჰესზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ჰესიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება. მოსალოდნელი ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად აფხაზეთს ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი რუსეთის დელეგაცია ესტუმრა. ექსპერტები აფხაზეთის ენერგეტიკული სისტემის ტექნიკურ მდგომარეობას შეაფასებენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა რუს სპეციალისტებთან ერთად ენგურჰესის ენერგეტიკული კომპლექსი მოინახულეს. მანამდე რუსეთის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შექმნა 2020 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ნოვაკის შეხვედრაზე გადაწყდა.

ენგურჰესის რეაბილიტაციის პერიოდში აფხაზეთი ელექტორენერგიას რუსეთიდან მიიღებს.

რუსეთი ცხინვალის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაზე ზრუნავს

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობასთან განიხილავს და შემდგომში ხელს მოაწერს შეთანხმებას ელექტროგადამცემი ხაზების მონაკვეთის ტექნოლოგიური შეერთების შესახებ. პროექტის ფარგლებში, ცხინვალის რეგიონში მდებარე ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზის მონაკვეთი რუსეთში მდებარე „ჩრდილოეთის პორტალის“ ქვესადგურს მაღალი ძაბვის კაბელით დაუკავშირდება, რომელიც როკის გვირაბში გაივლის. პროექტის ღირებულება 1.33 მლრდ რუბლია.

ამჟამად ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიას ერთადერთი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით – „ზარამაგ-ჩრდილოეთის პორტალი-ჯავა“ – სრულად რუსეთიდან იღებს. შეთანხმების განხორციელება ცხინვალის რეგიონის ენერგოსისტემის ფუნქციონირების საიმედოებას უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

1 აგვისტოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის მიმოსვლის აღდგენის შემდეგ ახალი კორონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი გაიზარდა. 31 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთში 330 ინფიცირებულია, მათ შორის, 120 – გამოჯანმრთელდა და 4 – გარდაიცვალა. 8 აგვისტოს დაფიქსირდა პირველი ტურისტის დაინფიცირების შემთხვევაც. აფხაზეთის სამედიცინო სისტემის მხარდასაჭერად რუსეთმა სხვადასხვა ნაბიჯი გადადგა:

  • რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, ჯანდაცვის რუსმა სპეციალისტებმა აფხაზეთში კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის საჭიროებები შეაფასეს. სტუმრებმა გუდაუთის საავადმყოფო და სოხუმში სასწრაფო დახმარების ქვესადგურიც შეამოწმეს.
  • ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიზნით მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმთა ჯგუფი 9 აგვისტოს აფხაზეთში ჩავიდა. ექიმებმა გუდაუთის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო მოინახულეს, სადაც ინფიცირებულთა მკურნალობა მიმდინარეობს. რუსმა ექიმებმა, ერთი კვირის განმავლობაში, არა მხოლოდ კონსულტაციები გაუწიეს აფხაზ ექიმებს, არამედ მონაწილეობა მიიღეს ინფიცირებულთა მკურნალობაშიც.
  • რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით,  სოჭში ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად დამატებითი კორპუსი აღიჭურვა. ახალი კორპუსი იმ პაციენტებს მოემსახურება, რომლებიც აფხაზეთში დასვენების პერიოდში დაავადდებიან.

რუსეთის „რბილი ძალა“

2020 წლის აგვისტოში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს აფხაზეთის წარმომადგენლობისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლობის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

მედლები „უკვდავი პოლკის“ შტაბის თანამშრომლებისთვის

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ცხინვალის რეგიონში „უკვდავი პოლკის“ შტაბის თანამშრომლები მედლებით დააჯილდოვეს. მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გამოშვებული სამახსოვრო მედლები ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა გადასცა.

ცხინვალის საბავშვო ბაღში რუსეთის დღე აღნიშნეს

ცხინვალის საბავშვო ბაღში „ოქროს გასაღები“ რუსეთის დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა პედაგოგებს და აღსაზრდელებს საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა, საგანმანათლებლო თამაშები და ტკბილეული გადასცეს.

სურათების გაცვლის აქცია

ცხინვალში სურათების გაცვლის აქცია „სუშკა“ ჩატარდა. ფოტოგამოფენა „სუშკა“ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს მიეძღვნა. ცხინვალის რეგიონი ყოველწლიურ აქციაში 2015 წლიდან მონაწილეობს.

50 აბიტურიენტი აფხაზეთიდან რუსეთში ისწავლის

აფხაზეთში ონლაინგამოკითხვის შედეგად 50 აბიტურიენტი შეირჩა, რომლებიც რუსეთის უნივერსიტეტებში გამოყოფილი კვოტებით ისწავლიან. სპეციალობები აფხაზეთში არსებული საჭიროებების მიხედვით შეირჩა.

სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების მე-12 წლისთავი აღნიშნეს

26 აგვისტოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების მე-12 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა. რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა: ყვავილები მიიტანეს აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას მემორიალთან და აფხაზეთის მეორე დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის საფლავთან, ჩატარდა საზეიმო კონცერტები. ცხინვალის რეგიონში აღიარების დღესთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტები და ავტოგარბენი. საზეიმო ღონისძიებები საზეიმო კონცერტით და ტრადიციული ფეიერვერკით დასრულდა.