ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2020 / 11 / 01

გამოცემა: N22 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ოქტომბერი, 2020

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

2020 წლის ოქტომბრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:                                                                                                                                         

  • რუსეთში ვიზიტი: ასლან ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რანგში მეხუთეჯერ ესტუმრა რუსეთს.
  • კურატორის ვიზიტი: საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი ცხინვალს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.
  • ახალი სამხედრო მეთაური: ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის მეთაური ალექსანდრ კრავცოვი რომან ვიაზოვსკიმ შეცვალა.
  • სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა: აფხაზეთი და რუსეთი შს ორგანოების გაზრდილი ხარჯების თანადაფინანსებაზე შეთანხმდნენ.
  • „საზღვრის“ დემარკაცია: ცხინვალში ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ე.წ. სადემარკაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
  • საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია: რუსეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვას შეხვდა.
  • საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობა: აფხაზმა „დეპუტატებმა“ სამხრეთ რუსეთის საპარლამენტო ასოციაციის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
  • ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა: მოსკოვში ცხინვალის რეგიონის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნება.
  • ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა: მოსკოვში აფხაზეთის ენერგოუზრუნველყოფის საკითხი განიხილეს.
  • ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა: რუსი სამხედროების დახმარებით სოხუმსა და ცხინვალში მობილური საავადმყოფოები გაიხსნა.
  • „რბილი ძალა“:  ცხინვალში ფონდ „რუსული სამყაროს“ წარმომადგენლობა გაიხსნა.

რუსეთში ვიზიტი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 26 ოქტომბერს მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. დე ფაქტო პრეზიდენტის რანგში ეს უკვე ბჟანიას რიგით მე-5 ვიზიტია მოსკოვში. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორ დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკთან შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელებისა და აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხები განიხილეს.

2021 წლიდან ენგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე თვით გაჩერდება, რის გამოც აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნება. დეფიციტის აღმოფხვრაში რუსეთის დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

კურატორის ვიზიტი

2020 წლის 2-3 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ბაბიჩი ცხინვალის რეგიონში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბაბიჩი შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და დე ფაქტო მთავრობის წევრებს. მან ასევე მოინახულა რუსეთის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ბაბიჩი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას და რუსეთის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას 2020 წლის თებერვლიდან აკონტროლებს. კურატორის რანგში ცხინვალში ეს მისი პირველი ვიზიტი იყო. 

ვიზიტის ფარგლებში ბაბიჩმა სხვადასხვა საკითხი განიხილა: რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა, სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, ხელფასების მომატება, საბაჟო პროცედურების გამარტივება, აგრარული სექტორის განვითარებისთვის სოფლის მეურნეობის ტექნიკის ლიზინგით მიღების შესაძლებლობის საკითხი.

ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ბიუჯეტი 4.5 მლრდ რუბლია. წლიურად რუსეთი 1.5 მლრდ რუბლს გამოყოფს. პროგრამის ფარგლებში 52 აქტივობაა დაგეგმილი. 2020 წლისთვის 21 ობიექტისა და 2 ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტებმა პირობითი მოწინააღმდეგის რადიოკომუნიკაციის მოწყობილობების მწყობრიდან გამოყვანაში ივარჯიშეს.
  • სადაზვერვო დანაყოფმა პირობითი მოწინააღმდეგის უკანონო შეიარაღებული ფორმირება გაანადგურა. წვრთნები წებელდის სამხედრო პოლიგონზე, მთიანი რელიეფის პირობებში ჩატარდა.
  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სპეციალისტებმა ივარჯიშეს.
  • მზვერავებმა, მოტომსროლელებმა და არტილერისტებმა სამხედრო სწავლების ფარგლებში პირობითი ტერორისტების ბანაკი გაანადგურეს. სწავლების ფარგლებში გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატებიც, რომელთა მეშვეობით სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს ინფორმაცია ტერორისტთა შენიღბული ბანაკის შესახებ, კოდორის ქედის ფერდობებზე.
  • მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ივარჯიშეს. ერთობლივი საბატალიონო ტაქტიკური წვრთნები აფხაზეთის მთებსა და ზღვის სანაპიროზე გაიმართა.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო ბაზაზე ზამთრის პერიოდში ექსპლუატაციისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის მომზადება დაიწყეს.
  • სამხედრო ბაზაზე გათბობის სეზონისთვის მზადება დასრულდა.
  • 50-ზე მეტ ოფიცერს რუსეთის ქალაქებში ბინები გადაეცათ დაგროვებით-იპოთეკური პროგრამის ფარგლებში.
  • სამხედრო ბაზის სხვადასხვა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა 2020 წლის შემაჯამებელი ფიზიკური ტესტი გაიარეს.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზაზე სნაიპერებმა ივარჯიშეს. გაიმართა რამდენიმე დუელი მაქსიმალურ სიშორეზე სროლაში. წვრთნები ძარწემის სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა.

მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • სამხედრო ბაზაზე სამხედრო ტექნიკის ზამთრის სეზონისთვის მომზადება დაიწყეს. მომდევნო ერთი თვის მანძილზე ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდება 1000-ზე მეტ ერთეულ შეიარაღებას, ჯავშანტექნიკას, საავტომობილო და სპეციალურ სამხედრო ტექნიკას ცხინვალის რეგიონის რამდენიმე ქალაქში.

მე-4 სამხედრო ბაზის ახალი მეთაური

  • არსებული ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის მეთაური ალექსანდრ კრავცოვი რომან ვიაზოვსკიმ შეცვალა. ვიაზოვსკი სხვადასხვა წელს იყო 136-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსი, სამხრეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელი ბრიგადის ოპერატიული დანაყოფის მეთაური, მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური.

2020 წლის ოქტომბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა

მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის „აფხაზეთის [დე ფაქტო] რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ეტაპობრივი გაზრდის ხარჯების თანადაფინანსების, აფხაზეთის [დე ფაქტო] რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების ფულადი შემწეობისა და სოციალური გარანტიების შესახებ“. შეთანხმებას ხელი მოაწერეს აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა დმიტრი დბარმა და რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა. ზუბოვი სამინისტროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

„საზღვრის“ დემარკაცია

ცხინვალში ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ე.წ. სადემარკაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის ანატოლი ბიბილოვის შეფასებით, კომისიამ ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა. მან ასევე აღნიშნა, რომ [რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის „საზღვრის“ გავლების მიუხედავად] იგი ვერ ხედავს ცხინვალის რეგიონს რუსეთის გარეშე და ვერც გაყოფილ ოსეთს ხედავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ე.წ. „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია“ 2012 წელს შეიქმნა.

საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის „ელჩს“ შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩს“ ალექსეი დვინიანინს შეხვდა. აპრილში დე ფაქტო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბჟანია ხშირად ხვდება დვინიანინს. მათი ბოლო შეხვედრა 3 სექტემბერს შედგა.

ცხინვალის რეგიონის „ელჩი“ მარია ზახაროვას შეხვდა

რუსეთის ფედერაციაში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ელჩი ზნაურ გასიევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვას მოსკოვში შეხვდა. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა სამხრეთ რუსეთის საპარლამენტო ასოციაციის რიგით 33-ე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო კონფერენცია ონლაინრეჟიმში ჩატარდა. ასოცირებული წევრის სტატუსი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2005 წელს მიიღო.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთში ცხინვალის რეგიონის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნება. წარმომადგენლობის მიზანი იქნება ცხინვალის რეგიონის საგარეო-ეკონომიკური და საგარეო-სავაჭრო ინტერესების გატარება და რეგიონში წარმოებული პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა.

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკთან შეხვედრაზე აფხაზეთის ენერგოუზრუნველყოფის საკითხები განიხილა. 2021 წელს ენგურჰესი, რომელიც აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროა, რამდენიმე თვით სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაიხურება. ენგურჰესის რეაბილიტაციის პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან მიიღებს.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირებულთა სამკურნალოდ რუსეთიდან ექიმების ახალი ჯგუფი კალინინიგრადიდან  და მოსკოვიდან ჩავიდა

აფხაზეთში ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ადგილობრივ ექიმებს რუსეთიდან ჩასული ექიმებიც ეხმარებიან. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და ექიმთა ნაკლებობის გამო, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო აფხაზეთში რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ექიმთა ჯგუფებს ყოველ სამ კვირაში აგზავნის. ამჯერად გუდაუთის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ-ინფიცირებულებს კალინინიგრადის ოლქიდან და მოსკოვიდან ჩასული ექიმები ეხმარებიან. 30 ოქტომბრის მონაცემებით, აფხაზეთში 4160 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 2257. 25 ოქტომბერს რეკორდული მაჩვენებელი - ინფიცირების 172 შემთხვევა დაფიქსირდა.

მობილური საავადმყოფოები

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიზნებით რუსი სამხედროებიც ჩაერთნენ. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მობილური საავადმყოფოები უკვე გაიხსნა. სოხუმში მრავალპროფილურმა მობილურმა საავადმყოფომ პირველი პაციენტი 21 ოქტომბერს მიიღო. ცხინვალში კი, მობილური საავადმყოფო 28 ოქტომბერს ცხოვრებოვის სახელობის სტადიონზე გაიხსნა.

რუსეთის „რბილი ძალა“

სახელმძღვანელოები და სასწავლო რესურსები აფხაზ მასწავლებლებს

აფხაზეთში „სააგენტოს“ წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ოჩამჩირის რაიონის სკოლების პედაგოგებს სასკოლო სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო რესურსები გადასცეს. აღნიშნული სასწავლო კომპლექტი უკვე გადაეცა გალის, გულრიფშისა და სოხუმის რაიონების რამდენიმე სკოლას.

კონკურსი „გამარჯვება - ერთი ყველასთვის“ ჩატარდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საერთაშორისო კონკურსი „გამარჯვება - ერთი ყველასთვის“ ჩატარდა. კონკურსი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც განკუთვნილია უფროსკლასელთათვის და ეძღვნება „დიდი სამამულო ომის“ 75-ე წლისთავს. პროექტს „როსსოტრუდნიჩესტვო“ ახორციელებს მოძრაობასთან „გავაკეთოთ ერთად“ თანამშრომლობით.

სკოლების მხარდაჭერა

საზოგადოებრივი მოძრაობის „Внедорожная Абхазия“ ორგანიზებითა და აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მხარდაჭერით სოფელ ფსხუში ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციის მონაწილეები ესტუმრნენ ადგილობრივ სკოლას და მას სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო რესურსები გადასცეს.

ცხინვალში „რუსული სამყაროს“ წარმომადგენლობა გაიხსნა

28 ოქტომბერს ქალაქ ცხინვალში „რუსული სამყაროს“ ფონდის რუსული ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული ცენტრი დაფუძნდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის ბაზაზე, ამავე უნივერსიტეტის რექტორის, ვადიმ თედეევის ინიციატივით, ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის დე ფაქტო საელჩოსა და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის მხარდაჭერით. რუსული ცენტრი საერთაშორისო კულტურული პროექტია, რომელსაც ფონდი „რუსული სამყარო“ ახორციელებს. მსგავსი ცენტრები მიზნად ისახავს რუსული ენის გავრცელებას, რუსული კულტურის პოპულარიზაციასა და რუსეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.