გამოცემა: N25 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 იანვარი, 2021
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
2021 წლის იანვრის მნიშვნელოვანი მოვლენები მოკლედ:
კურატორები
2021 წელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებებით დაიწყო:
მიხაილ ბაბიჩის ვიზიტი სოხუმში. წყარო: რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრო
„ელჩის” ბრალდებები
2021 წლის 13 იანვარს აფხაზეთში რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა ინტერვიუ მისცა აფხაზურ ტელევიზიას. ინტერვიუს დროს „ელჩმა“ შეშფოთება გამოთქვა რუსი ტურისტების, ბიზნესმენებისა და უბრალო მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მრავალრიცხოვანი კრიმინალური ფაქტებისა და მათზე ადგილობრივი სასამართლო სისტემის შენელებული რეაგირების გამო. მან ასევე მწვავედ ისაუბრა ადგილობრივ დე ფაქტო პარლამენტსა და მთავრობაში ეთნიკური რუსების მცირე წარმომადგენლობისა და რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
აღნიშნული საკითხები დიდი ხანია დღის წესრიგშია. დვინიანინის წინამორბედი სემიონ გრიგორიევიც მწვავედ აკრიტიკებდა აფზახეთის დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის მოქალაქეების მიმართ გახშირებული კრიმინალის გამო, რის გამოც აფხაზური საზოგადოების ნაწილმა მას შიდა საქმეებში ჩარევაშიც კი დასდო ბრალი. დვინიანინის კრიტიკული შეფასებები დროში ემთხვევა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე გაზრდილ ზეწოლას პრობლემური საკითხების (რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭება, აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა, კრიმინალთან ბრძოლა) დროულ მოგვარებასთან დაკავშირებით.
სამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე
მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე
მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
2021 წლის იანვარში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.
უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურს, გენერალ-მაიორ მიხაილ ზუსკოს შეხვდა. 58-ე არმიის დაქვემდებარებაშია ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 სამხედრო ბაზა. შეხვედრის მიზანი 2021 წელს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მსგავსი შეხვედრა გასული წლის ნოემბერშიც გაიმართა.
საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დიმიტრი მედოევს უმასპინძლა. მხარეებმა ხელი მოაწერეს „2021-2022 წლებში საგარეო-პოლიტიკურ უწყებებს შორის კონსულტაციების გეგმას“. მედოევი ასევე დააჯილდოეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით „ურთიერთქმედებისათვის“.
ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა
აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის ცნობით, 2021 წლის 1-10 იანვრის პერიოდში რუსული საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 88.3 მლნ რუბლით (69.5%) გაიზარდა. გადახდები აფხაზეთის საგადახდო სისტემა „АПРА“-ს საშუალებით განხორციელდა. სულ რუსული საბანკო ბარათებით 216 მლნ რუბლის ოპერაციები განხორციელდა. „АПРА“-ს ინფრასტრუქტურა აფხაზეთში 2500 ტერმინალს მოიცავს.
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა
2021 წელს აფხაზეთი სერიოზული ენერგეტიკული გამოწვევებით შეხვდა. 20 იანვარს რეაბილიტაციის მიზნით რამდენიმე თვით მუშაობა შეწყვიტა ენგურჰესმა, რომელიც აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროა. კრიზისის დასაძლევად დე ფაქტო მთავრობამ შეზღუდა კრიპტოვალუტების წარმოება და ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დააწესა. ამჟამად აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს. აფხაზეთი, დაახლოებით, 10.5 მლნ კილოვატსაათ ელექტროენერგიას მოიხმარს. სულ შეთანხმებულია რუსეთიდან 800 მლნ კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღება, რაც არსებული მოხმარების პირობებში შეიძლება საკმარისი არ იყოს.
რუსეთის „რბილი ძალა“
შესარჩევი კონკურსი რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის
ცხინვალის რეგიონში მალე დაიწყება 2021-22 სასწავლო წლის შესარჩევი კონკურსი რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის. ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა იმ სპეციალობების ჩამონათვალი, რომლებიც შეესაბამება საგანმანათლებლო კვოტას რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის 2021-22 სასწავლო წელს. მათ შორისაა გამოყენებითი მათემატიკა, სტატისტიკა, საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგია, ელექტროენერგეტიკა და ელექტროტექნოლოგია და სხვა.
დაიწყო რეგისტრაცია რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის
20 იანვარს აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია რეგისტრაციის დაწყების შესახებ რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის. 2020 წელს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მეშვეობით 50 აბიტურიენტი ჩაირიცხა რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მიმდინარე წელს ცხინვალის რეგიონის აბიტურიენტებისთვის 18 ადგილია გამოყოფილი.
ცხინვალში ჟურნალ „რუსული სიტყვა სამხრეთ ოსეთში“ პრეზენტაცია გაიმართა
ცხინვალის რეგიონში ჟურნალ „რუსული სიტყვა სამხრეთ ოსეთში“ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ჟურნალი 2020 წელს გამოვიდა და „ოსების გენოციდის“ 100-წლისთავს მიეძღვნა, თუმცა მისი მე-18 ნომრის პრეზენტაცია მიმდინარე წლის დასაწყისში შედგა.
ვადიმ ჩეხამ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ერთ-ერთი კონკურსის შედეგები შეაჯამა
აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვადიმ ჩეხამ მორიგი კონკურსის შედეგები შეაჯამა. კონკურსი სახელად „რა ვიცი ქვეყანაზე, რომელშიც ვცხოვრობ და ვსწავლობ“ 2020 წლის 7-21 დეკემბერს გაიმართა. მისი თემატიკა იყო რუსულ-აფხაზური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, კერძოდ, აფხაზური „სახელმწიფოებრიობის“ პირველი გამოვლინებები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობა და სხვა.
რუსეთმა აფხაზეთის „ეროვნულ“ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა
რუსეთის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ აფხაზეთის „ეროვნულ“ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა. „ეროვნულ“ ბიბლიოთეკას გადაეცა 300 დასახელების წიგნი, რომლებიც ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა შეარჩიეს.
ცხინვალში სამხედროებმა ღია გაკვეთილები ჩაატარეს
ღია გაკვეთილი. წყარო: cominf.org
ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ლენინგრადის ბლოკადის დასრულებასთან დაკავშირებით ქალაქ ცხინვალის სკოლებში ღია გაკვეთილები ჩაატარეს. ღია გაკვეთილები ახალგაზრდების საბრძოლო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.