ახალი ამბები

მაისის არდადეგებზე გაგრის რაიონში ტურისტული დაჯავშნის მაჩვენებელი 40%-ით გაიზარდა

2021 / 05 / 07

სასტუმროების ბიზნესის კონსულტანტმა მარია მალცევამ რადიო „Sputnik“-თან საუბრისას აღნიშნა, რომ 2017, 2018 და 2019 წლების მაისთან შედარებით, 2021 წლის იმავე პერიოდში გაგრის რაიონში სახლების დაჯავშნის ნიშნული 40%-ით არის გაზრდილი.

მალცევას განცხადებით, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, თანაც იმ ფონზე, რომ „როსპოტრებნადზორმა“ 15 აპრილს საკარანტინო ზომები დააწესა. მისი თქმით, ტურისტები, როგორც წესი, სასტუმროებში სამიდან შვიდ დღემდე რჩებიან.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეზღუდვები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოგზაურ რუსეთის მოქალაქეებს არ ეხებათ.

საინტერესოა, რომ TVIL.RU-ს თანახმად, მაისში გაგრა ტურისტებისთვის შესაფერის ქალაქებს შორის ათეულშიც გავიდა. ათეულში ძირითადად რუსეთის ქალაქებია შესული. გაგრა მაისში რომანტიკული მოგზაურობისთვის შესაფერისი ქალაქების ათეულშიც მოექცა.

საზაფხულო სეზონისთვის დე ფაქტო შს სამინისტრომ გაგრის რაიონში წესრიგის დაცვისთვის გეგმა წარმოადგინა. დე ფაქტო მინისტრის, დიმიტრი დბარის განცხადებით, გეგმის თანახმად, ტურისტულ ადგილებში რეგულარული პატრულირება დაიწყება. თანამშრომლების მიერ ტურისტების მიმართ ტაქტიანი მოპყრობა სავალდებულო ხასიათს ატარებს.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ფეხს იდგამს ეთნოტურიზმი, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორები ადგილობრივ ოჯახებში რჩებიან და აფხაზურ კულტურას ეცნობიან.

 

Go BackGo Back