სოხუმში პირველი საერთაშორისო ტურისტული ფორუმი სახელად „Абхазия – страна души“ 13 მაისს გაიხსნა და 14 მაისს დასრულდა. აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრის, თეიმურაზ ხიშბას თქმით, ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტები რუსეთის 66 რეგიონიდან იყვნენ ჩამოსულნი და მათ შორის ბევრი რუსეთის ტურიზმის სფეროში ცნობილი სპეციალისტი იყო.
სრულიად რუსეთის ტურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი დავიდენკომ ფორუმი დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ წამოყენებული ინიციატივების რეალიზება შესაძლებელი იქნება.
თეიმურაზ ხიშბამ კი იმედი გამოთქვა, რომ აფხაზი და რუსი სპეციალისტების თანამშრომლობა გაგრძელდება და ფორუმი ყოველწლიური გახდება. ფორუმის დასასრულს აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროსა და სრულიად რუსეთის ტურისტთა ასოციაციას, ისევე როგორც ბავშვთა დასვენების ეროვნულ ოპერატორს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა
ფორუმზე შემდეგი საკითხები განიხილებოდა: ზაფხულის ტურისტული სეზონი - „ხარისხი, უსაფრთხოება, ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროდუქტები“, ტურისტების დაზღვევა, ტურისტულ სფეროში განათლება, თანამედროვე ტურისტული პრაქტიკა და საინვესტიციო პროექტები, გასტროტურიზმის განვითარება, საზაფხულო გამაჯანსაღებელი ბანაკების შექმნა.
საინტერესოა, რომ ფორუმში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ. ბჟანიას განცხადებით, რუსეთის შესაბამის უწყებებთან სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხზე აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და 2024 წლის იანვრისთვის აეროპორტმა, დიდი ალბათობით, ფუნქციონირება უნდა დაიწყოს.
აეროპორტი, რომელიც სოხუმიდან 18 კმ-ში სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს, 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ აღარ მუშაობს. საფრენი ბილიკის სიგრძე 3.6 კმ-ს შეადგენს და საბჭოთა კავშირის პერიოდში აეროპორტი ზაფხულში ყოველდღიურად 5,000-მდე ადამიანს ემსახურებოდა, ხოლო ზამთარში - 1,000-მდე.