ახალი ამბები

ახალი ტურისტული კომპლექსი აფხაზეთში - „Тамыш Village“: რა ვიცით პროექტის შესახებ?

2021 / 06 / 15

ავტორი: ნიკა კრაწაშვილი

2021 წლის ივნისში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში მსხვილი ტურისტული კომპლექსი „Тамыш Village“ გაიხსნა. პანდემიის პირობებში ეს უმსხვილესი ტურისტული პროექტია, რომელიც აფხაზეთში, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მშობლიურ სოფელში, რუსული კომპანიის - „Библио-Глобус“ ჩართულობით განხორციელდა. ბჟანია ხშირად სტუმრობდა კომპლექსის მშენებლობის პროცესს. მისი შეფასებით, კომპლექსი „აღმოსავლეთ“ აფხაზეთში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ბჟანიას კავშირებმა ტამიშთან და მშენებლობის პროცესისადმი მისმა მომეტებულმა ინტერესმა აფხაზეთში გააჩინა ეჭვი, რომ კომპლექსის ერთ-ერთი მესაკუთრე თავად ბჟანიაა.

ტურისტული კომპლექსი

კომპლექსი 150 კოტეჯისგან შედგება, სადაც 600 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მეორე ეტაპზე, დამატებითი კოტეჯების აგებით, კომპლექსში კიდევ 400 სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი. კომპლექსი ტურისტებს სუპერმარკეტით, აფთიაქით, პარკირების ადგილით, აუზით, პლაჟით, რესტორნითა და სპორტული სივრცით მოემსახურება.

Тамыш Village. წყარო: Hotels-Abhazia

4 ივნისს YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს მიხედვით, ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში მყოფი კომპლექსი უკვე იღებს სტუმრებს. როგორც ჩანს, კომპლექსს ესტუმრნენ ტურისტები სახადან (იაკუტია), რისი დამადასტურებელი ვიდეო ინტერნეტშიც გავრცელდა.

ბჟანიას ვიზიტი იანვარში

16 იანვრის ვიზიტის დროს ბჟანიას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ დელბა, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჯანსუღ ნანბა და კომპლექსის ინვესტორი - ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ტურისტული კომპანიის - „Библио-Глобус“ - მფლობელი ალექსანდრე ტუგოლუკოვი ახლდა.

ბჟანიას განცხადებით, „აღმოსავლეთ“ აფხაზეთისთვის ეს პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ ნაწილში ამ მასშტაბის ტურისტების მიმღები სხვა დაწესებულება არ მოიპოვება. დე ფაქტო პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი თანასოფლელები მშენებლობის შედეგად დასაქმებულნი არიან და სოფლებში ადამიანთა დაბრუნება ეტაპობრივად დაიწყება, რისთვისაც ინვესტორს მადლობა გადაუხადა. იანვარში ტამიშიდან და მიმდებარე სოფლებიდან მშენებლობაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო ანაზღაურება 30 ათასი რუბლიდან იწყებოდა.

„Библио-Глобус-ის“ მფლობელმა კი აღნიშნა, რომ კომპლექსის გახსნის იდეა მას ეკუთვნის და ბჟანიას მხარდაჭერის შემდეგ მშენებლობის დაწყებაც შესაძლებელი გახდა.

ბჟანიას ვიზიტი ტამიშის ტურისტულ კომპლექსში. 16 იანვარი, 2021. წყარო: PresidentofAbkhazia 

ბჟანიას ვიზიტი მაისში

10 მაისს ბჟანია კომპლექსის სანახავად ისევ ჩავიდა ტამიშში. ამ პერიოდში აქ 170 ადამიანი მუშაობდა, რომელთა შორის 150 აფხაზეთის „მოქალაქე“ იყო, ხოლო ანაზღაურება 25 ათასი რუბლიდან იწყებოდა.

ბჟანიას ვიზიტი ტამიშის ტურისტულ კომპლექსში. 10 მაისი, 2021. წყარო: PresidentofAbkhazia

რას ამბობენ პროექტის შესახებ

ტელეგრამ არხზე „აფხაზური პროექტები“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პროექტი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტისა და მისი მოსკოველი კურატორების პირადი კონტროლით ხორციელდება.

ტელეგრამ არხის ცნობით, აფხაზეთში არაერთი ინვესტორი შემოდის, მაგრამ ტამიშის შემთხვევაში საქმეში „მძიმე ავიაციაა“ ჩართული. უმსხვილესი რუსული ტურისტული კომპანია „Библио-Глобус-ის“ ხელმძღვანელობა, რუსული ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან შედარებით, ყველაზე მეტადაა დაახლოებული რუსეთის მმართველ წრეებთან და კონკრეტულად, ვლადიმერ პუტინთან. ტელეგრამ არხის შეფასებით, კომპანია პუტინიზმის ტიპური კანტორაა, სადაც ყველაფერი ყოფილი სპეცსამსახურების წარმომადგენლების მიერ კონტროლდება. ამ აზრის განსამტკიცებლად მოყვანილია ის ფაქტი, რომ 2020 წელს კვიპროსსა და ტუნისთან ფრენების ოფიციალურად დახურვის მიუხედავად, კომპანიამ ამ მიმართულებებით ჩარტერული რეისები მაინც განახორციელა.

უცნაურია ისიც, რომ ტელეგრამ არხის მიხედვით, ტამიშის პროექტში, რომელშიც ათეულობით მილიონი რუბლი დაიხარჯა, გადარიცხვები არ ფიქსირდება და კომპლექსს საკუთარი საიტიც არ აქვს.

კომპანიის შესახებ

„Библио-Глобус-ის“ ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ესაა რუსეთის ლიდერი კომპანია ტურისტულ სფეროში და მომხმარებლებს ყველა კატეგორიის, მათ შორის, საოჯახო, რომანტიკულ, ახალგაზრდულ, ინდივიდუალურ დასვენების ვარიანტებს სთავაზობს რუსეთში, მათ შორის სოჭში, ანაპაში, გელენჯიკში, ტუაფსეში, ასევე, ოკუპირებულ ყირიმში და საზღვარგარეთის ნებისმიერ ადგილას.

კომპანიას 2016 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ყოველწლიურად სულ მცირე 1-2 მლნ მომხმარებელი ჰყავს.

საინტერესოა, რომ კომპანიის გაფართოების პოლიტიკას „უკიდურესად აგრესიულად“ მოიხსენიებენ.

„Библио-Глобус“ ტურისტულ ბაზარზე 1994 წლიდან არსებობს და მისი დამფუძნებელი ზემოხსენებული ალექსანდრე ტუგოლუკოვია, რომელიც ბორის იესენკინის სიძეა. ეს უკანასკნელი კი მოსკოვში იმავე სახელის მქონე წიგნების მაღაზიის მფლობელია.

2018 წელს ტუგოლუკოვი კომპანიის Thomas Cook Group-ისთვის მიყიდვას გეგმავდა, თუმცა კომპანია გაკოტრდა და გარიგებაც ჩაიშალა. 2020 წელს ფორბსის თანახმად, ტურისტული კომპანიის შემოსავალმა 99.1 მლრდ რუბლს მიაღწია.

Go BackGo Back