ახალი ამბები

აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა იზრდება

2021 / 06 / 20

აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცმა განაცხადა, რომ ტურისტული ობიექტების დატვირთვის მაჩვენებელი 100 პროცენტია.

აფხაზეთში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ზაფხულის სეზონზე ტურისტული ჯავშნების რიცხვი დიდია და აფხაზური კურორტები რუსი დამსვენებლების რჩეულ დასასვენებელ ადგილებს შორისაა.

ბარციცის თანახმად, ტურისტული თვალსაზრისით, 2021 წელი 2016 წლის მონაცემებს უახლოვდება, როცა ტურისტთა რიცხვმა პიკს მიაღწია.

11 ივნისისთვის „რიწის ეროვნული რელიქტური პარკი“ 154 ათასზე მეტმა, ახალი ათონის მღვიმე კი - 103 ათასზე მეტმა პირმა მოინახულა, რაც ბარციცის შეფასებით, „აფხაზეთის თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია“.

ბარციცმა განაცხადა, რომ დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრო ამოწმებს, ითვალისწინებენ თუ არა ტურისტების მიმღები დაწესებულებები და სამოგზაურო კომპანიები სანიტარულ და ეპიდემოლოგიურ რეკომენდაციებს, ხოლო ნიღბების ტარების, სოციალური დისტანაციის დაცვისა და მისაღებებში ტემპერატურის გაზომვის მხრივ დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა.

როგორც ბარციცმა აღნიშნა, აფხაზეთში ტურისტების ძირითადი ნაწილი კრასნოდარის ოლქიდან, მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან ჩადის.

რუსეთისა და თურქეთის საჰაერო მიმოსვლის განახლების შემდეგ, ბარციცის ვარაუდით, აფხაზეთში ტურისტულ ნაკადს ზიანი არ მიადგება, რადგან ჯავშნები უკვე გაკეთებულია.

Go BackGo Back