რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ თურქეთისა და სხვა ქვეყნების საზღვრების გახსნის ფონზე იმსჯელა, დაიწევს თუ არა აფხაზეთში დასვენების ღირებულება. ტუროპერატორთა თანახმად, 2021 წლის ზაფხულის სეზონი აფხაზეთისთვის ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც უცხოეთში დასვენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდება.
პანდემიამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით, აფხაზეთში ტურებზე მოთხოვნა 30-70%-ით გაიზარდა. აფხაზეთში ყველაზე მოთხოვნადი კურორტები გაგრა, ბიჭვინთა და სოხუმია.
ტუროპერატორ - „Алеан-ის“ მიხედვით, აფხაზეთი შიდა მიმართულებების რეიტინგში მე-4 ადგილზეა, მასზე ზაფხულის ჯავშნების 7.3%-იანი დატვირთვა მოდის და აფხაზეთი მხოლოდ ყუბანს, ყირიმსა და კავკასიის მინერალურ წყლებს ჩამორჩება.
დაჯავშნის მაჩვენებლები
სასტუმროები და საცხოვრებლები აფხაზეთში ივლისსა და აგვისტოს პირველ ნახევარში 90-100%-ითაა დატვირთული. ზაფხულის სეზონის საშუალო დატვირთვა 90%-ია.
ტუროპერატორ „Русский Экспресс-ის“ თანახმად, ზაფხულის პირველ თვეებში ადგილების ამოწურვის გამო ჯავშნები აგვისტოს მეორე ნახევარზე, სექტემბერსა და ოქტომბერზე გადადის. მაგალითად, გაგრასა და ბიჭვინთაში ადგილები სექტემბრის ბოლომდე თითქმის ამოწურულია.
ტუროპერატორ „Интурист-ის“ მიხედვით, აფხაზეთში 10 ოქტომბრამდე პრაქტიკულად ყველა პოპულარული ადგილი დაჯავშნილია.
ტუროპერატორ „Мультитур-ის“ თანახმად, ყველა მთავარი სასტუმრო, პანსიონატი თუ სანატორიუმი მეტ ადამიანს ვეღარ იღებს. „Мультитур-ისა“ და „ICS Travel Group-ის“ მიხედვით, ადგილების მოძებნა მხოლოდ პატარა სასტუმროებსა და ზოგიერთ ადგილებშია შესაძლებელი. როგორც ვარაუდობენ, სექტემბერსა და ოქტომბერში მაღალი კლასის სასტუმროების დაჯავშნა შედარებით ადვილია, თუმცა ამ სეზონზე დასვენების მოთხოვნა ჯერჯერობით დაბალია.
ფასები
თურქეთის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, ტუროპერატორთა თქმით, აფხაზეთში დასვენების ღირებულებაზე გავლენას არ მოახდენს. აფხაზეთში 2019 წლის ივლისთან შედარებით დატვირთვა 1.5-ჯერ მაღალია.
ტუროპერატორ „Дельфин-ისა“ და „ICS Travel Group-ის“ მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, აფხაზეთში სასტუმროს ფასები 10-30%-ითაა გაზრდილი, თუმცა სოჭთან შედარებით აფხაზეთში დასვენება 15-20%-ით უფრო იაფია. „Алеан-ის“ თანახმად, აფხაზეთში დარჩენა ყუბანში დარჩენაზე 25%-ით იაფია, ხოლო აფხაზეთის ყველაზე ძვირ სასტუმროებში დასვენების ფასი კვირაში 200 000 რუბლს არ აღემატება.
საინტერესოა, რომ Tvil.ru-ს თანახმად, სოხუმი რუსი პენსიონერებისთვის 10 ყველაზე იაფ დასასვენებელ ადგილებს შორის მე-6 ადგილზე მოექცა.